რატომ გვიპყრობს აპათია საკუთარ დაბადების დღეზე და როგორ მოვიქცეთ, რომ თავი მარტოდ არ ვიგრძნოთ
რატომ გვაწუხებს დაბადების დღის სევდა?
🔹 მაღალი მოლოდინები. ბავშვობაში დაბადების დღე სიურპრიზებთან და მხიარულებასთან ასოცირდება. ზრდასრულ ასაკში კი, ხანდახან ვგრძნობთ, რომ ეს დღე უნდა იყოს განსაკუთრებული, მაგრამ თუ რეალობა ვერ უტოლდება ჩვენს მოლოდინებს, სევდა გვიპყრობს.
🔹 შედარების ეფექტი. სოციალური ქსელებში ხშირად ვხედავთ, როგორ აღნიშნავენ სხვები დაბადების დღეს გრანდიოზული წვეულებებით. ეს კი გვაიძულებს შევადაროთ ჩვენი გამოცდილება სხვისას, რაც შესაძლოა, უარყოფითი ემოციების გამომწვევი გახდეს.
🔹 დროის სწრაფი სვლა და დანაკლისის განცდა. დაბადების დღე გვახსენებს, რომ წლები გადის და შესაძლოა, ჩვენს ცხოვრებაში რაღაცები არ ვითარდებოდეს ისე, როგორც გვინდა. ეს განსაკუთრებით მაშინ იჩენს თავს, როცა ვფიქრობთ გადაუხდელ ვალებზე, კარიერულ გამოწვევებზე ან პირად ცხოვრებაში წარმოშობილ სირთულეებზე.
🔹 მარტოობის შიში. ზოგჯერ, დაბადების დღე გვაძლევს შესაძლებლობას გავაანალიზოთ ჩვენი ურთიერთობები. თუ ვგრძნობთ, რომ ჩვენს ცხოვრებაში საკმარისი ახლო ადამიანები არ გვყავს, შეიძლება ეს დღე სევდიანად აღვიქვათ.
როგორ მოვიქცეთ, რომ თავი მარტოდ არ ვიგრძნოთ?
დაივიწყეთ "იდეალური" დაბადების დღის კონცეფცია
არ არსებობს ერთიანი ფორმულა, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს სრულყოფილი დაბადების დღე. ის უნდა იყოს ისეთი, როგორიც თქვენ გსიამოვნებთ – არა სხვებისთვის, არამედ თქვენთვის.
გააკეთეთ ის, რაც გიყვართ
თუ წვეულებები არ გიყვართ, ნუ აიძულებთ საკუთარ თავს, მოაწყოთ დიდი დაბადების დღე. შეგიძლიათ წახვიდეთ მოგზაურობაში, უყუროთ საყვარელ ფილმებს, წაიკითხოთ წიგნი ან დაისვენოთ ისე, როგორც გსურთ.
დაგეგმეთ დღე წინასწარ
თუ დაბადების დღის მოახლოება გძაბავთ, შეეცადეთ წინასწარ დაგეგმოთ, რას გააკეთებთ. იქნებ, მყუდრო სადილი ახლო მეგობრებთან ერთად უფრო სასიამოვნო იყოს, ვიდრე ხმაურიანი წვეულება?
შექმენით ახალი ტრადიციები
შეგიძლიათ დაბადების დღე აქციოთ საკუთარი თავის განებივრების დღედ. იყიდეთ საყვარელი ნივთი, დაჯავშნეთ სპა-სეანსი ან მოიწყვეთ დღე, რომელიც მხოლოდ თქვენი სიამოვნებისთვის იქნება განკუთვნილი.
იყავით მადლიერი
შედარებების ნაცვლად, სცადეთ დაფიქრდეთ იმაზე, რაც გაქვთ – საყვარელი ადამიანები, მიღწევები, შესაძლებლობები. მადლიერების განცდა დაგეხმარებათ უფრო პოზიტიურად აღიქვათ თქვენი დაბადების დღე.
თუ თავს მარტოდ გრძნობთ – გააქტიურდით
თუ არ გაქვთ განსაკუთრებული გეგმები, შეგიძლიათ დაეხმაროთ სხვებს – წახვიდეთ მოხალისედ, გააკეთოთ ქველმოქმედება ან უბრალოდ ვინმეს სასიამოვნო ჟესტი გაუკეთოთ. სიკეთის გაკეთება ყოველთვის გვეხმარება უფრო ბედნიერად ვიგრძნოთ თავი.