როგორი იყო 6 ყველაზე ცუდი პერიოდი კაცობრიობის ისტორიაში
ტობას კატასტროფა (75,000–67,000 ჩვ. წ. აღ-მდე)
ტობას კატასტროფა იყო ამავე სახელწოდების სუპერვულკანის ამოფრქვევა, რომელიც მოხდა ინდონეზიაში. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი თარიღი უცნობია, გეოლოგიური მონაცემებისა და თანამედროვე ადამიანების დნმ-ის კვლევები ვარაუდობს, რომ ამ მოვლენამ ადამიანთა დიდი ნაწილი დახოცა.
ტობას ამოფრქვეული ფერფლის გამო ვულკანური ზამთარი დაახლოებით 10 წელი გაგრძელდა და ამან გამოიწვია პლანეტის დაახლოებით 3-5 °C-ით გაგრილება. მსხვერპლთა რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ გადარჩენილთა დათვლა სავსებით შესაძლებელია. აფრიკის მაცხოვრებლები დიდწილად გადაურჩნენ საფრთხეს, მაგრამ ევროპისა და აზიის მკვიდრებმა იტვირთეს ამოფრქვევის შედეგები. სავარაუდოდ, გენეტიკური მონაცემების ანალიზის მიხედვით, გლობალური პოპულაცია მხოლოდ 2000-10000 ინდივიდამდე შემცირდა .
ბრინჯაოს კოლაფსი(1205–1150 წწ ჩვ. წ. აღ-მდე)
ბრინჯაოს ხანის კატასტროფა იყო მნიშვნელოვანი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური აჯანყებების სერია, რომელიც მოხდა ევრაზიისა და ხმელთაშუა ზღვის სხვადასხვა რეგიონში. იმ პერიოდის ჩანაწერების მიხედვით, ზოგიერთი ბარბაროსი „ზღვის ხალხი“ შემოიჭრა მიკენის სამეფოებში, ხეთების სამეფოში, ანატოლიასა და სირიაში და ეგვიპტის იმპერიაში, სირიასა და ქანაანში. შედეგად, მრავალი ცივილიზაცია და კულტურა დაინგრა. სავაჭრო კავშირები დაირღვა, ეკონომიკა დაზარალდა და დაიწყო რესურსების სიმცირისა და წიგნიერების დაქვეითების ეპოქა.
ბევრი განვითარებული ქვეყანა დაინგრა ან ბარბაროსობაში გადავიდა. მიკენური და ლუვიური მწერლობა მთლიანად გაქრა. ქალაქები ტროადან ღაზასკენ მიმავალ მარშრუტზე თითქმის მთლიანად გაანადგურეს ომებმა, მძარცველებმა და სამოქალაქო არეულობამ. კემბრიჯის ისტორიკოსი, რობერტ დრიუსი, აღწერს ბრინჯაოს კოლაფსს, როგორც "ალბათ ყველაზე უარეს კატასტროფას ძველ ისტორიაში, კიდევ უფრო კატასტროფული, ვიდრე დასავლეთ რომის იმპერიის დაშლა ". გემთმშენებლობა, არქიტექტურა, ლითონის დამუშავება, წყალმომარაგება, ქსოვა და ფერწერა მხოლოდ დაახლოებით 500 წლის შემდეგ აღდგა - გვიან არქაულ პერიოდში. მაგრამ ყველა ღრუბელს აქვს ვერცხლის საფარი - ამ კატასტროფის წყალობით, ევროპისა და აზიის ხალხების უმეტესობა ბრინჯაოდან რკინაზე გადავიდა.
ვულკანური ზამთარი და იუსტინიანეს ჭირი (536–549 წწ)
ისლანდიაში მოხდა სამი ძირითადი ვულკანური ამოფრქვევიდან პირველი, რამაც გამოიწვია პატარა გამყინვარების ხანის დაწყება. ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და აზიის ნაწილი სიბნელეში ჩაეფლო 18 თვის განმავლობაში. 536 წლის ზაფხულის მარადიული ბინდის გამო, პლანეტაზე ტემპერატურა 1,5–2,5 °C–ით დაეცა, რაც ბოლო 2300 წლის განმავლობაში ყველაზე ცივი ათწლეულის დასაწყისი იყო. გვალვები და დაბალი მოსავალი იყო მთელ მსოფლიოში, ზაფხულში კი ჩინეთში თოვლი მოვიდა, რამაც შიმშილობა გამოიწვია.
და თითქოს ეს არ იყო საკმარისი, 541 წელს იმ დროის უდიდესი იმპერიები - სასანიური და ბიზანტია - ბუბონური ჭირის პირველმა პანდემიამ მოიცვა. იმპერატორი იუსტინიანე I, რომელიც მართავდა ბიზანტიას დაინფიცირდა, მაგრამ მისი გადარჩენა მოხერხდა. ჭირმა მოიცვა ხმელთაშუა ზღვისპირეთი და დაიღუპა 100 მილიონზე მეტი ადამიანი. დაავადებამ და უამინდობამ გამოიწვია ევროპაში პოლიტიკური ქაოსი და ხანგრძლივი სტაგნაცია, რომელიც გაგრძელდა 640 წლამდე. ამ პერიოდს ეწოდა "ბნელი საუკუნეები".
დიდი შიმშილი და შავი ჭირი(1315–1353 წწ)
შუა საუკუნეების ევროპაში ცხოვრება არ იყო ადვილი და ყველანაირი უბედურებით სავსე, მაგრამ 1315 წელს მოხდა განსაკუთრებული კატასტროფა. წვიმდა მთელი გაზაფხული და ზაფხულში ტემპერატურა კვლავ დაბალი იყო, რამაც მოსავალი გააფუჭა. ჩალა და თივა გაფუჭდა ტენისგან, ამიტომ არ იყო საკმარისი საკვები პირუტყვისთვის. ლოთარინგიაში პური მიუწვდომელ ფუფუნებად იქცა არა მხოლოდ გლეხებისთვის, არამედ თავადაზნაურებისთვისაც. დაიწყო დიდი შიმშილი.
სტიქიის მასშტაბები ისეთი იყო, რომ ინგლისის მეფე ედუარდ II-ც კი შიმშილობდა. ბრისტოლის ქალაქის ქრონიკის თანახმად , 1315 წელს „დიდი შიმშილი იმდენად საშინელი იყო, რომ მკვდრების დასამარხად ძლივს მოიძებნებოდა ცოცხალი ადამიანი. ცხენისა და ძაღლის ხორცი დელიკატესად ითვლებოდა“. გარდა ამისა, ტენიანი ამინდი ცუდად მოქმედებდა ადამიანების ჯანმრთელობაზე და ბევრს აწუხებდა პნევმონია, ბრონქიტი, ტუბერკულოზი. შიმშილობა, ზოგიერთი შეფასებით, 1322 წლამდე გაგრძელდა.
თუმცა შუა საუკუნეებში ცხოვრება კიდევ უფრო გართულდა 1346 წელს ხან ჯანიბეკის ჩასვლით. მისმა ჯარმა სხვა დაუპატიჟებელი სტუმრებიც მოიყვანა. ჭირით დაღუპულმა ჯარისკაცებმა დაავადება გაავრცელეს. ქალაქში ეპიდემია დაიწყო და გენუელმა ვაჭრებმა, რომლებიც იქიდან მიცურავდნენ თავიანთი გემებით, ინფექცია მთელ ევროპაში გაავრცელეს.
ასე დაიწყო ისტორიაში ჭირის მეორე პანდემია იუსტინიანეს შემდეგ. მისი პიკი დაფიქსირდა 1346-1353 წლებში, მაგრამ დაავადების ცალკეული აფეთქებები მე-19 საუკუნემდე გაგრძელდა. ეს დაავადება, რომელსაც შავი სიკვდილი ეწოდა, ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი მოვლენა იყო კაცობრიობის ისტორიაში. ადამიანები ვაშლის ზომის წყლულებმა და ჩირქოვანმა ფურუნკულებმა დაფარა, ამ ყველაფერს თან ახლდა საშინელი სიცხე და ღებინება, რასაც სიკვდილი მოჰყვებოდა. პანდემიამ ევროპასა და აზიაში დაახლოებით 200 მილიონი ადამიანის დაღუპვა გამოიწვია და მსოფლიო მოსახლეობა 22%-ით შეამცირა.
პატარა გამყინვარება და ოცდაათწლიანი ომი (1600–1648 წწ)
1600 წელს დაიწყო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე არახელსაყრელი პერიოდი. 1600 წლის 19 თებერვალს პერუში ჰუაინაპუტინას ვულკანი ამოიფრქვა. ამ მოვლენამ გამოიწვია ე.წ. ყინულის ხანის დასაწყისი. გლობალურ გაგრილებას მძიმე ზემოქმედება ჰქონდა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. მაგალითად, ზაფხულში ტემპერატურა ჩინეთში საგრძნობლად დაეცა, რამაც მოსავლის უკმარისობა და ეპიდემია გამოიწვია. ამ არახელსაყრელი პირობების შედეგად 1644 წელს მინგის დინასტია დაემხო და ქვეყანა სოციალურ და პოლიტიკურ კრიზისში აღმოჩნდა. კორეაში გვალვამ კი 1670 წელს გამოიწვია მოსახლეობის 20%-ის სიკვდილი.
ევროპამ ასევე განიცადა ზაფხულის უკიდურესად ცივი პერიოდები, რომლებიც თითქმის მთელ საუკუნეს მოიცავდა. გრენლანდია მყინვარებით იყო დაფარული, ნორვეგიის დასახლებები კი კუნძულიდან გაქრა. სამხრეთის ზღვებიც კი გაიყინა . 1621–1669 წლებში ბოსფორის სრუტე ყინულით იყო დაფარული. ცივმა ამინდმა გამოიწვია მოსავლიანობის შემცირება, საკვების დეფიციტი და არეულობა. მაგალითად, ირლანდიაში 1650-იანი წლების ათწლეულის განმავლობაში სამოქალაქო ომმა და შიმშილმა 500 000-ზე მეტი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. დაიწყო ინფექციური დაავადებების ეპიდემიები, რაც გამწვავდა კვების ნაკლებობითა და ცუდი ჰიგიენური პირობებით.
1618 წლიდან 1648 წლამდე ევროპაში ოცდაათწლიანი ომიც დაიწყო, რომელიც ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი რელიგიური კონფლიქტი იყო. კათოლიკურ და პროტესტანტ ძალებს შორის ბრძოლას თან ახლდა მრავალი ბრძოლა, ალყა, პოგრომები და განადგურება. იგი მოიცავდა ევროპის უმეტეს ნაწილს, მათ შორის ახლანდელ გერმანიას, ავსტრიას, ჩეხეთს, ნიდერლანდებსა და დანიას. კლიმატურმა კატასტროფებმა, შიმშილმა და ომმა, ზოგიერთი შეფასებით, იმ დროისთვის მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის მესამედის სიკვდილი გამოიწვია.
მსოფლიო ომები და ესპანური გრიპის პანდემია (1914-1945 წწ)
მე-20 საუკუნის პირველი ნახევარი ძალიან ცუდი დრო იყო. 1914 წელს დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. მანამდე მსოფლიოს არ უნახავს ისეთი მასშტაბური კონფლიქტები, რომლებშიც ამდენი მოწინავე სამხედრო ტექნოლოგია იყო ჩართული. პირველად ბრძოლის ველზე ჯარებმა დაიწყეს არტილერიის, თვითმფრინავების, ტანკების, მომწამვლელი გაზების და მასობრივი ხოცვა-ჟლეტის სხვა იარაღის გამოყენება. შემუშავდა ახალი ტაქტიკა და სტრატეგია, რამაც გამოიწვია უზარმაზარი დანაკარგები და განადგურება.
ომის შემდეგ ოთხი იმპერია გაქრა: გერმანიის, ავსტრია-უნგრეთის, ოსმალეთის და რუსეთის. სულ მცირე 9 მილიონი ადამიანი დაიღუპა ბრძოლებში, მათ შორის დაახლოებით 5 მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. 1918 წელს ომის დასრულებისთანავე მსოფლიო მოიცვა ესპანური გრიპის პანდემიამ. მისგან დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია - დაახლოებით 17,4-დან 100 მილიონამდე ადამიანი, ანუ მსოფლიოს მოსახლეობის 0,9-დან 5,3%-მდე. ესპანურმა გრიპმა უჩვეულოდ მაღალი სიკვდილიანობა გამოიწვია, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. არასრულფასოვანი კვება, გადატვირთული სამედიცინო ბანაკები, საავადმყოფოები და არასწორი ჰიგიენა ზრდიდა სიკვდილიანობის მაჩვენებელს.
1930-იან წლებში მსოფლიო ეკონომიკა დიდი დეპრესიის წინაშე აღმოჩნდა. ამ ეკონომიკურმა კრიზისმა თითქმის ყველა ქვეყანა დააზარალა და გამოიწვია წარმოების მკვეთრი ვარდნა, უმუშევრობა და მილიონობით ადამიანის ცხოვრების პირობების გაუარესება. ამ მოვლენამ მოიტანა მასიური გაკოტრება, დანაზოგების დაკარგვა და შიმშილი. შემდეგ დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, 1939 წელს, რომელიც გახდა ყველაზე დამანგრეველი კონფლიქტი ისტორიაში. ამან გამოიწვია 60-დან 70 მილიონამდე ადამიანის სიკვდილი, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის. ბროლაში გამოიყენეს ბირთვული იარაღიც და წყალქვეშა საბრძოლო საშუალებებიც. ომს თან ახლდა გენოციდი და ხოცვა-ჟლეტა. კაცობრიობას ათწლეულები დასჭირდა ამ კოშმარისგან თავის დასაღწევად.
8 ფსიქიკურად დაავადებული მწერალი, რომლებმაც მსოფლიოს ფასდაუდებელი იდეები დაუტოვეს