როგორ დამკვიდრდა ქრისტიანული რელიგია ქართლში - rogor.ge

როგორ დამკვიდრდა ქრისტიანული რელიგია ქართლში

სასანიანთა ირანი პართიის სამეფოსთან შედარებით ბევრად უფრო ძლიერი სახელმწიყო იყო. სასანიანებმა სახელმწიფო რელიგიად აქციეს უძველესი ირანული სარწმუნოება, ზოროასტრიზმი, რომელიც საბოლოოდ სწორედ მათ დროს ჩამოყალიბდა. ეს რელიგია ცნობილია აგრეთვე მაზდეანობისა და ცეცხლთაყვანისმცემლობის სახელით. სასანიანები დამორჩილებულ ქვეყნებში ამ რელიგიის ძალით დანერგვის გზას დაადგენენ. უკვე პირველმა სასანიანმა მეფეებმა სასტიკი ბრძოლა გაიაჩაღეს რომთან, რომელიც ამ დროს საკმაოდ დასუსტებული იყო. განსაკუთრებით გააფთრებული ბრძოლები გაიმართა მათ შორის სომხეთის გამო. ასეთ პირობებში სპარსეთის ხელისუფალთ ქართლზე ენერგიული შეტევისათვის ჯერჯერობით არ ეცალათ. ქართლის მმართველებიც ამჯერად უფრო ძლიერი მხარისათვის მხარდაჭერის გზით ცდილობდნენ თავიანთი პოზიციების განმტკიცებას. სასანიანი შაბურ I-ის თანამედროვე ქართლის მეფე ამაზასპი სპარსულ ორიენტაციას დაადგა. შაბურმა მრავალჯერ დაამარცხა რომაელები, მაგრამ მე-3 საუკუნის დასასრულს, რომაელებმა თავის მხრივ რამდენჯერმე სასტიკად დაამარცხეს სპარსეთი და 298 წელს ნიზიბინში დდებული ხელშეკრულებით აიძულეს იგი ქართლი და სომხეთი რომის გავლენის სფეროდ ეცნო. ეს იყო ხანა, როდესაც რომის იმპერიის ცენტრი თანდათან აღმოსავლეთისაკენ ინაცვლებდა. დასავლეთში რომი მონათა აჯანყებების, თუ გერმანელი ტომების მოძალების გამო სულს ღაფავდა. აღმოსავლეთში კი მისი პოზიციები უფრო მტკიცე ჩანდა. ამის კვალდაკვალ, რომის მმართველმა წრეებმა იმპერიის დედაქალაქიც კი შეცვალეს - რომიდან სამეფო რეზიდენცია ბალკანეთის ბოსფორზე, ახალშენ ბიზანტიონში გადმოიტანეს. ეს მოხდა 330 წელს იმპერატორ კონსტანტინეს დროს, რომლის სახელის მიხედვით ამ ქალაქს კონსტანტინოპოლი ეწოდა (დღევანდელი ქალაქი სტამბოლი თურქეთში). ასე მიეცა საწყისი „აღმოსავლეთ რომის იმპერიას“, ანუ როგორც მას შემდეგ უწოდებდნენ (დედაქალაქის ძველი ბიზანტიონის სახელის მიხედვით) – ბიზანტიას.

ამ დროს მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა აგრეთვე რომის მმართველთა რელიგიურ პოლიტიკაში. ამაზე დიდი ხნით ადრე რომის იმპერიის ვრცელ მიწა-წყალზე ფართოდ გავრცელდა ახალი რელიგიური მოძღვრება ქრისტიანობა. რომში გაბატონებული პოლითეისტური სისტემისაგან (მრავალღმერთიანობისაგან) განსხვავებით ქრისტიანობა მონოთეისტური რელიგია იყო, იგი ერთ ღმერთს აღიარებდა. პირველ ხანებში ქრისტიანობა გამოდიოდა ღარიბ-ღატაკთა და შევიწროებულთა მფარველ რელიგიად და მას მომხრეები შედარებით უფრო დაბალ ფენებში ჰყავდა. რომის მმართველი წრეები სდევნიდნენ ქრისტიანებს. რომის მეტოქე ირანი კი, რომელიც თავისი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარეობდა, მფარველობას უწევდა მათ. თანდათან ქრისტიანებმა რომის იმპერიაში მტკიცე ორგანიზაცია შექმნეს, რომელიც მასებზე გავლენას ახდენდა. ამის გარდა, ქრისტიანობა მრავალმხრივ სასურველი ჩანდა რომის იმპერატორებისთვის. იმპერატორმა კონსტანტინემ ქრისტიანული სარწმუნოების თავისუფლება გამოაცხადა და ქრისტიანობის მფარველობის გზას დაადგა. მალე ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიადაც იქცა და ქრისტიანული ეკლესია დიდი მემამულეც გახდა. მას შემდეგ, რაც რომის ხელისუფლება ქრისტიანობის დევნიდან მის მფარველობაზე გადავიდა, მისმა მეტოქე ირანმა მკვეთრად შეცვალა ქრისტიანებისადმი დამოკიდებულება, მფარველობის ნაცვლად მან სასტიკი დევნა-შევიწროება დაიწყო.

ამიერიდან იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებიც ირანისა და რომის მეტოქეობის ობიექტს წარმოადგენდნენ, ქრისტიანობისადმი დამოკიდებულება, უპირველეს ყოვლისა პოლიტიკური ორიენტაციის საგანი გახდა. მე-4 საუკუნის პირველ ნახევარში, შბურ II-ის მეფობის ხანაში, სასანიანთა ირანმა ახალი ენერგიული შემოტევა დაიწყო. სომხეთმა და მისმა მეზობელმა ქართლის სამეფომ სწორად შეაფასა შექმნილი მდგომარეობა. აშკარა იყო, რომ სასანიანთა ირანი მათთვის ბევრად უფრო საშიშ საფრთხეს წარმოადგენდა, ვიდრე რომი, ამიტომაც სომხეთი და ქართლის სამეფო გადაჭრით რომის (ბიზანტიის) ორიენტაციას დაადგნენ და ირანს დაუპირისპირდნენ. ამ ორიენტაციის ერთ-ერთი გამოხატულება იყო მათ მიერ სახელმწიფო რელიგიად მიღება ქრისტიანობასა, რომელსაც რომის მმართველები მფარველობას უწევდნენ. ეს რომთან დაახლოებისა და ირანის წინააღმდეგ მასთან მტკიცე კავშირის უცილობელი გამოხატულება იყო. სომხეთშიცა და ქართლშიც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად აღიარეს სულ მალე იმის შემდეგ, რაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა რომში, ქართლში ეს 337 წელს მოხდა.

რა თქმა უნდა, გარდა ამგვარი საგარეო ორიენტაციისა, ქართლის მმართველებს ქრისტიანობის მიღებისას სხვა, შინაგანი მიზეზებიც ამოძრავებდათ. ამ გზით მათ სურდათ ლახვარი ჩაეცათ ქართლის ტაძრებისა და ქურუმთა გაბატონებული წრის ძლიერებისათვის. ტაძრები ამ დროისათვის დიდ სიმდიდრესა და მამულებს ფლობდნენ. სამეფო მიწის ფონდი კი მნიშვნელოვნად შემცირდა, რადგან მეფე სისტემატურად არიგებდა მიწებს სამხედრო და სახელმწიფო სამსახურის სანაცვლოდ. ძველი რელიგიის აკრძალვის შედეგად, ტაძრების მთელი სიმდიდრე მეფისა და საერო დიდებულების ხელში გადადიოდა. როგორც ეს სხვა ქვეყანაში მოხდა, ქართლის გაქრისტიანების ამბავიც ზღაპრულ-ლეგენდარული სახით შემოგვინახა ძველმა ტრადიციამ, ქართლის გაქრისტიანებაში ეს ტრადიცია მთავარ როლს ანიჭებს უცხოელ კაბადოკიელ ტყვექალ ნინოს, რომელმაც ქართლში იქადაგა ქრისტიანობა და მთელი რიგი სასწაულები მოახდინა. სხვათა შორის ავადმყოფობისაგან განკურნა დედოფალი და დაარწმუნა მეფე ახალი რელიგიის ჭეშმარიტებაში.

ქართლში მეფედ ამ დროს იყო მირიანი, გადმოცემის მიხედვით რომის იმპერატორის კონსტანტინეს თანამედროვე. მის მიერ ქრისტიანობის მიღების ამბავი მირიანს მაშინვე უცნობებია კონსტანტინესათვის და მღვდელ-მსახურთა გამოგზავნა უთხოვია. მართლაც, ქართლს კონსტანტინემ მოავლინა ეპისკოპოსი, რამდენიმე მღვდელი და დიაკონი. მათ მასობრივი ნათლისღება მოუწყვიათ ქართლში, კერძოდ მცხეთაში, მტკვრის პირას. წარჩინებულთ ცალკე მიუღიათ ნათლობა. პირველად ნათელუღიათ თვით მეფესა და დედოფალს და მათი სახლის წევრებს. გადმოცემის მიხედვით, ქართლის ბარის მოსახლეობას წინააღმდეგობა არ გაუწევია ახალი რელიგიის მიღებისას. ქრისტიანული რელიგია აქ, ისევე როგორც მის მეზობელ ქვეყნებში, ამ დროისთვის ხალხში უკვე საკმაოდ ფეხმოკიდებული იყო. სამაგიეროდ, სასტიკი წინააღმდეგობა გაუწევია ქრისტიანობის დანერგვისათვის მთიანეთის მოსახლეობას. მირიან მეფემ მოინდომა ძალით მიეღებინებინა ქრისტიანობა მათთვის და ნინოსა და საბერძნეთიდან მოსულ მღდვდელს ერისთავი გააყოლა სამხედრო რაზმითურთ. ერისთავს იარაღის ხმარება დასჭირდა, რომ დაერწმუნებინა მთიელები ქრისტიანობის უპირატესობაში. მთიელთა უდიდესი ნაწილის გაქრისტიანება მაინც ვერ მოხერხდა. ბევრი მათგანი გაიხიზნა კავკასიონის გადაღმა. დარჩენილთათვის მირიან მეფეს ხარკი გაუდიდებია. შემდეგში ქართლის მეფეები და ქართლის ეკლესია საუკუნეთა განმავლობაში ცდილობდნენ გაექრისტიანებინათ მთიელთა ის ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ წარმართულ სარწმუნოებას მისდევდა.

რა თქმა უნდაქართლის მმართველებს ამ შემთხვევაშიც ქრისტიანობის განსაკუთრებული სიყვარული კი არ ამოძრავებდათ, არამედ სახელმწიფოებრივი ინტერესები. ქრისტიანობის გავრცელება მთაში საუკეთესო საშულება იყო მთის ნახევრად დამოუკიდებელი მდგომარეობის მოსასპობად და მის გადასაქცევად სამეფოს ჩვეულებრივ შემადგენელ ნაწილად. მთა ჯერ კიდევ დიდად განსხვავდებოდა ბარისაგან: ხალხი აქ კვლავ გვაროვნული წყობილების ტრადიციების მიხედვით ცხოვრობდა, მას საკუთარი სატომო ღვთაებები ჰყავდა და მათი სამლოცველოები ჰქონდა. ბარის წესები მისთვის უცხო იყო. ქრისტიანობის გავრცელება ამ ზღვარს სპობდა. კულტურულ-რელიგიურად მთა დ ბარი ერთგვაროვანი ხდებოდა. ყველაფერ ამას მოსდევდა აგრეთვე მთაში პატრიარქალურ ურთიერთობათა ნგრევა და კლასობრივი ურთიერთობის დამყარება – იქ უკვე მტკიცედ იკიდებდნენ ფეხს ფეოდალებად გადაქცევის გზაზე მდგარი დიდმოხელეები - ერისთავები,რო ელთაც სოციალური ჩაგვრის მძიმე უღელი მოჰქონდათ მთიანეთის მოსახლეობისათვის, ამიტომ იყო, რომ მთა ასე სასტიკ წინააღმდეგობას უწევდა ქრისტიანობის გავრცელებას.

ქრისტიანობის გავრცელებამ ამ გზით მნიშვნელოვანი როლი შეასრულა არა მარტო ქართლის მთისა და ბარის მოსახლეობის ერთ მთლიანობად შედუღების საქმეში, არამედ საბოლოოდ იგი საკმაოდ ბასრი იარაღი აღმოჩნდა აგრეთვე საქართველოს სხვა კუთხეთა მოსახლეობის ქართლის მოსახლეობასთან დაახლოებისა და ეროვნების ჩამოყალიბების საქმეში. დასავლეთ საქართველოში ქრისტიანობის გავრცელება კიდევ უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ქართლში, რადგანაც იგი უფრო ახლო და მჭიდრო ურთიერთობაში იყო რომის იმპერიის ცენტრებთან, სადაც ქრისტიანობის ძლიერი კერები არსებობდა. ამასთანავე, დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა ზოლში მცხოვრებ ბერძნულ მოსახლეობაში ქრისტიანობას ადრე უნდა მოეკიდა ფეხი მე-4 საუკუნეში პიტიუნტში (თანამედროვე ბიჭვინთა) უკვე ეპისკოპოსი იჯდა. მიუხედავად ამისა, ქრისტიანობის ოფიციალურ სარწმუნოებად აღიარება ლაზიკის სამეფოში ქართლზე ბევრად უფრო გვიან - მე-6 საუკუნის დასაწყისში მოხდა, მე-6 საუკუნეში მიიღეს ქრისტიანობა აბაზგებმაც. აქ დიდი როლი აგრეთვე მმართველი წრეების საგარეო ორიენტაციამ შეასრულა. ლაზიკის დამოუკიდებლობისათვის ირანთან შედარებით უფრო მეტ საფრთხეს ქრისტიანული რომი (ბიზანტია) წარმოადგენდა. ამასთანავე, რომ-ბიზანტიის გზით მომდინარე ქრისტიანობას უცხო, ძირითადად ბერძნული, კულტურის უფრო მეტი გავლენა მოჰქონდა თან. ბერძნული კულტურა და ბერძნული ენა აქ ძველთაგანვე მეტად მტკიცედ იყო ფეხმოკიდებული. მის გავრცელებაში განსაკუთრებით დიდ როლს ასრულებდნენ ზღვისპირა ბერძნული ქალაქები.

ქრისტიანობაშიც აქ თავდაპირველად ბერძნული გავლენა გაბატონდა. წირვა-ლოცვა ბერძნულად წარმოებდა და აქაური ეკლესიაც ორგანიზაციულად ბერძნულ ეკლესიას დაექვემდებარა. მაგრამ, მას შემდეგ, რაც ქრისტიანობა ქართლში სახელმწიფო რელიგიად იქცა, დასავლეთ საქართველოში ქრისტიანობამ შეაღწია ქართლის გზითაც. დასავლეთ საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც აქამდე, ისე ამის შემდეგაც, დროდადრო ქართლის სამეფოს გავლენის სფეროში ექცეოდა.

შემდეგში თვით დასავლეთ საქართველოს მმართველთათვის ქართული ენა და ქართული ეკლესია საუკეთესო იარაღი შეიქმნა უცხო, ბერძნული გავლენისაგან თავის დასაღწევად და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლველად. დასავლეთ საქართველოს ეკლესია თანდათან გათავისუფლდა ბერძნული გავლენისაგან და ქართლის ეკლესიას დაუკავშირდა. ქართლის ეკლესიის მეთაურის – მცხეთის კათალიკოსის ხელისუფლება აღმოსავლეთ საქართველოს საეპისკოპოსოების გარდა, დასავლეთ საქართველოს საეპისკოპოსოებზეც გავრცელდა. წირვა-ლოცვაში ყველგან ქართული ენა და ქართული მწიგნობრობა გაბატონდა. ამან ძალიან დააახლოვა სხვადასხვა კუთხის მოსახლეობა და ნიადაგი მოუმზადა ისტორიულად ჩამოყა- ლიბებული მყარი ერთობის – ერთიანი ქართველი ხალხის შექმნას.

როგორ შემოვიდნენ და გაბატონდნენ არაბები საქართველოში - ბრძოლები მათ წინააღმდეგ

როგორ დამარცხდა საქართველო კრწანისის ბრძოლაში - ომი აღა-მაჰმად ხანთან და მისი შედეგები

როგორ იბრძოდნენ ქართველები დამოუკიდებლობისთვის თემურ-ლენგის წინააღმდეგ