როგორ შემოვიდნენ და გაბატონდნენ არაბები საქართველოში - ბრძოლები მათ წინააღმდეგ
ქართლსაც არაბები პირველად 642-3 წელს მოადგნენ, მაგრამ ქართველებს ისინი დაუმარცხებიათ და თავისი საზღვრებიდან განუდევნიათ. თანდათანობით არაბები მომაგრდნენ. 654 წლის დამდეგისათვის არაბებს უკვე მთელი სომხეთი ჰქონდათ დაპყრობილი. იმავე წელს არაბებმა აიღეს ქალ. თეოდოსიოპოლი, დღევანდელი არზრუმი, ბიზანტიელების მთავარი სიმაგრე ამიერკავკასიაში და ქართლისაკენ გამოემართნენ. ქართლის მმართველს -- პატრიკიოზს, ესე იგი, ერისმთავარს, გადაუწყვეტია, არაბებთან ბრძოლა აღარ ღირსო, მათთვის თავისი ელჩი შეუგებებია საჩუქრებით და ზავი და მშვიდობა უთხოვია. არაბთა სარდალს მოეწონა ქართლის ერისმთავრის საქციელი და მისცა მას ეგრეთ წოდებული „დაცვის სიგელი“ რომელშიც არაბ-ქართველთა ურთიერთობა იყო განსაზღვრული.
ამ სიგელის მთავარი მუხლები ასეთი იყო: 1) არაბები ქართლის მოსახლეობის სარწმუნოებას ხელს არ ახლებდნენ, ხოლო თუ ვინმე ნებაყოფლობით ისლამს მიიღებდა, ის არაბების ძმად ჩაითვლებოდა, ესე იგი, ხარკს აღარ გადაიხდიდა; 2) ქართველები იხდიდნენ არაბების სასარგებლოდ ჯიზიათს, პირად გადასახადს, თითო დინარს ანუ დრაჰკანს (ოქროს ფული) კომლზე; 3) ქართველებს არ უნდა შეერთებინათ კომლები, გადასახადის შესამცირებლად, არაბებს კიდევ არ უნდა დაეყოთ კომლები, გადასახადის გასადიდებლად: 4) ქართველებს ევალებოდათ არაბთა ჯარისა და, საერთოდ, მუსლიმებისათვის დახმარება: 5) სამაგიეროდ, არაბები მშვიდობას ჰპირდებოდნენ ქართლის მოსახლეობას.
მაგრამ ქართლი არაერთხელ აუჯანყდა არაბებს და არაერთი ლაშქრობის მოწყობა მოუხდათ მის ხელახლა დასამორჩილებლად. იშვიათად დასტყდომია საქართველოს თავზე ისეთი უბედურება, როგორც 736-8 წლებში აქ არაბთა სარდალმა მურვანმა დაატრიალა. მურვანი ისედაც სასტიკი და გულქვა ადამიანი იყო, რის გამოც მას ქართველებმა „ყრუ“ შეარქვეს, ახლა კიდევ მას ქართველების სამაგალითოდ დასჯა სურდა. იმდროინდელი ქართველი ისტორიკოსი ასე აღგვიწერს ამ შემოსევას: მურვანმა მთელი კავკასია დაიპყრო, დარუბანდიდან აფხაზეთამდე, მაგრამ ეს არ იკმარა, არამედ უმრავლესობა ქალაქები და ციხეები დაანგრია, მათ შორის ეგრისის სამგალავნიანი დედაქალაქი ციხე-გოჯი, აფხაზეთის დედაქალაქი ცხუმი (სოხუმი) და სხვები. განსაკუთრებით მაინც აღმოსავლეთი ამიერკავკასია აოხრებულა – ქართლი, სომხეთი და ალბანეთი: აქ არც ნაშენები რამე დარჩა და არც კაცისა და პირუტყვის საჭმელიო. ქართლში მურვანმა დაანგრია ძველი დედაქალაქის ერთი უმნიშვნელოვანესი უბანთაგანი – არმაზი.
დასავლეთ საქართველოში არაბები მაინც ვერ გამაგრდნენ, ქართლი კი მურვანის შემოსევამ კარგა ხნით წელში გატეხა. ამ დროიდან იწყება არაბების ნამდვილი ბატონობა ქართლში. სულ უფრო და უფრო იზრდებოდა ხალხის გულისწყრომა და სიძულვილი უცხოელი დამპყრობლების წინააღმდეგ. ბრძოლა ხანგრძლივი და მსხვერპლით სავსე იყო, თუმცა ქართველებს ზოგი გარემოება ხელს უწყობდა. ჯერ ერთი, არაბების ძალაუფლება უფრო ცენტრალურ თემებზე ვრცელდებოდა და მთიან რაიონებს ვერ წვდებოდა. ამით სარგებლობდა ხალხი, ხეობებსა და მთიანეთს თავს აფარებდა და იქიდან თავს ესხმოდა მტერს. სიცოცხლეს უმწარებდნენ არაბებს ხაზარებიც. ხაზარები ხშირად კავკასიონის სამხრეთითაც ახერხებდნენ შემოჭრას და აოხრებდნენ არაბთა სამფლობელოს. 764 წ. ხაზარებს მოკლე ხნით თბილისიც დაუპყრიათ. ძველი ქართველი ისტორიკოსი გვიამბობს: ქართლის ერისმთავარს ჯუანშერს ჰყავდა და, შუშანი, სილამაზით განთქმული. ხაზართა ხაკანმა სთხოვა ჯუანშერს, შენი და ცოლად გამომაყოლე და არაბების წინააღმდეგ გიშველიო. შუშანი და მისი დედა ცივ უარზე იყვნენ, წარმართის ცოლობა როგორ იქნებაო. გაგულისებულმა ხაკანმა დაალაშქვრინა ქართლი და შუშანი და ჯუანშერი ტყვედ წააყვანინა, მაგრამ გულის წადილს მაინც ვერ ეწია. შუშანს ბეჭდის თვლის ქვეშ საწამლავი ჰქონდა და თავი მოიკლა. დიდი მეფის არასასურველ ცოლობას, ქართველმა ქალმა სიკვდილი არჩია.
დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აგრეთვე პროვინციელი არაბი ამირების ურჩობას, ხალიფების მიმართ, რაც მე-9 საუკუნის დამდეგიდან იწყება. ბრძოლა ხალიფასა და ამირებს შორის ძალიან ხელს უწყობდა არაბების შინაგან დასუსტებას, რითაც დაპყრობილი ხალხები კარგად სარგებლობდნენ. დიდი აჯანყების ცეცხლი, არაბების წინააღმდეგ, უფრო ადრე სომხეთში დაინთო, იმიტომ რომ სომხეთში ხალხი კიდევ უფრო გაწამებული იყო. ქართველები ეხმარებოდნენ სომხებს. დამარცხებული სომეხი მთავრები ქართლსა და ეგრისში პოულობდნენ თავშესაფარს. ეს გარემოებაც აღიზიანებდა არაბებს, რომლებიც ლტოლვილების გაცემას მოითხოვდნენ და მათ მასპინძლებს სასტიკად სჯიდნენ ხოლმე. იქნებ ასეთი მიზეზით დაისაჯა ქართლის ერისმთავარი ნერსე, რომელიც 772-3 წელს ხალიფას თავის სატახტო ქალაქში ბაღდადში, დაუბარებია და „ბოროტ კაცთა შესმენით“ საპყრობილეში ჩაუსვამს. ნერსე სამი წელიწადი მჯდარა ბაღდადის საპატიმროში. შემდეგ ნერსე ისევ ერისმთავრად დაბრუნებულა ქართლში, მაგრამ, ჩანს, არაბებთან შეგუება მისთვის ძნელი იყო. ნერსე იძულებული გამხდარა თავისი ოჯახი და ქონება აფხაზეთში გაეგზავნა, თვითონ კი დიდი ძალით გადავიდა ჯერ ხაზარეთში და შემდეგ აფხაზეთში. ეს ამბები მე-8 საუკუნის ოთხმოციანი წლების დამდეგს მოხდა.
ამ დროიდან მოყოლებული ქართლი, სომხეთი და ალბანეთი უკვე გამუდმებით აჯანყების ალსა და კვამლში იყო გახვეული. ამბოხებული იყო მთელი ხალხი. მეტი წილი მთავრები, სეფეწულები და დიდი აზნაურებიც, რომელთაც ერთ ხანს, დასაწყისში, არაბებთან თითქოს საერთო ენა ჰქონდათ გამონახული, ახლა ცდილობდნენ ხალხს არ ჩამორჩენოდნენ მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში. ხალიფები ჯარს ჯარზე გზავნიდნენ, ერთიმეორეზე უფრო სასტიკი ამირების მეთაურობით, და შეუბრალებლად უსწორდებოდნენ აჯანყებულებს, მაგრამ მოძრაობა სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ამ დიდ სახალხო მოძრაობას ქართლში თავისი მქადაგებლები და იდეოლოგები ჰყავდა. მათ შორის პირველი იყო მე-8 საუკუნის მწერალი იოანე საბანისძე. საბანისძემ აღწერა ერთი ჭაბუკი არაბის, აბოს, ცხოვრება. აბო ქართლის ერისმთავრის ნერსეს მსახური იყო. მან ისლამი უარყო და ქრისტიანობა მიიღო. 780 წ. 6 იანვარს ქართლის ამირამ აბო სიკვდილით დასაჯა, რადგანაც აბომ უარი სთქვა ისლამს დაბრუნებოდა, რასაც მისგან არაბები მოითხოვდნენ.
საბანისძემ გამოიყენა აბოს წამების ამბავი, რათა თავის თანამემამულეებში ეროვნული სიამაყის შეგნება გაეღვივებინა: აი, როგორია ჩვენი რჯული, ჩვენი წესი და ქვეყანა, რომ გაბატონებული ხალხის შვილი ჩვენკენ გადმოდის და თავსაც კი სდებს ახალი სამშობლოსათვისო. საბანისძე მიზნად ისახავდა გაემხნევებინა მერყევნი და სუსტნი, რომელნიც „შიშითა განილევიან და ირყევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა“, არაბების ძალმომრეობის გამო. საბანისძეს სურდა კვლავ მშობლიურ კერას დაბრუნებოდნენ ისინი, ვინც არაბებმა უკვე „შეაცთუნეს და გარდადრიკნეს გზისაგან სიმართლისა“ დაშინებით, ვერაგობით, მოსყიდვით, „რომელნიმე მძლავრებით, რომელნიმე შეტყუილებით, რომელნიმე სიყრმესა შინა უმეცრებით, რომელნიმე მზაკვრობით“. ლამის ჩვენი საკუთარი სახე დაგვეკარგოს და უცხო ხალხში გავითქვიფოთო, მრისხანე გულისწუხილით მოთქვამდა საბანისძე: „აღვერიენით ერსა უცხოსა“. იოანე საბანისძისა და მისი მსგავსი მქადაგებლების მოწოდება ამტკიცებდა სახალხო თვითშეგნებას, აკაჟებდა მებრძოლთა სულისკვეთებას ეროვნული თავისუფლებისათვის.