რა დაეხმარება ბავშვს წარმატების მიღწევაში: 4 მთავარი უნარი - rogor.ge

რა დაეხმარება ბავშვს ცხოვრებაში წარმატების მიღწევაში: ექსპერტმა 4 უმნიშვნელოვანესი ფაქტორი დაასახელა

საკუთარი სიტყვების კონტროლი

„ყველა აზრი, რომელიც თავში გვიტრიალებს, წინადადებად არ უნდა იქცეს“, — აღნიშნავს მალპანი.

ბავშვები ბუნებრივად გამოხატავენ ყველაფერს, რასაც ფიქრობენ ან გრძნობენ, თუმცა მათ უნდა ვასწავლოთ, რომ ცხოვრებაში გაუაზრებელმა, უხეშმა სიტყვამ შესაძლოა დაანგრიოს ნდობა, ხოლო დაფიქრებულმა და გონივრულმა ნათქვამმა პირიქით, განამტკიცოს ურთიერთობები. სანამ ბავშვი რამეს იტყვის, მან უნდა ისწავლოს საკუთარი თავისთვის მარტივი კითხვის დასმა: „ნამდვილად აუცილებელია ის, რის თქმასაც ახლა ვაპირებ?“. საუბრამდე დაფიქრება ბავშვს აძლევს დროს, გააანალიზოს თავისი სიტყვების წონა.

ემოციების მართვა და ქცევის კონტროლი

ცხოვრება ყოველთვის ისე არ ვითარდება, როგორც ჩვენ გვინდა. ხანდახან ბრაზის, წყენის, იმედგაცრუებისა თუ ეჭვიანობის განცდა აბსოლუტურად ნორმალური და ბუნებრივია. თუმცა, პრობლემები მაშინ იწყება, როდესაც ეს ემოციები ჩვენს საქციელს მართავენ.

ბავშვმა, რომელიც ფლობს თვითკონტროლს, იცის, რომ გაბრაზება არ ნიშნავს ყვირილს, ხოლო იმედგაცრუება - ხელების ჩამოშვებასა და დანებებას. ემოციური სიმტკიცე ადამიანს ეხმარება კრიზისულ მომენტებთან გამკლავებაში. გახსოვდეთ: სიმშვიდე სისუსტე კი არა, უდიდესი ემოციური ძალაა.

სურვილების მართვა და ლოდინის უნარი

ბავშვებს ბუნებრივად სურთ ყველაფრის მომენტალურად მიღება: იქნება ეს ტელეფონთან დამატებითი დრო, ახალი სათამაშო, მყისიერი ჯილდო თუ მეგობრებისგან აღიარება.

ადამიანები, რომლებიც ცხოვრებაში უდიდეს წარმატებას აღწევენ, ერთ უნარს ადრეულ ასაკშივე ეუფლებიან. მათ შეუძლიათ დროებითი სიამოვნების გადადება იმ დიდი მიზნების სასარგებლოდ, რომელთა მიღწევაც მომავალში სურთ. ბავშვი, რომელიც ამ თვისებას ავითარებს, ხვდება, რომ მოკლევადიანი კომფორტი ყოველთვის არ არის საუკეთესო არჩევანი. დისციპლინა, მოთმინება და პასუხისმგებლობა ეხმარება მას საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებაში.

ყოველდღიური ჩვევების კონტროლი

ყოველდღიური ჩვევები შესაძლოა წვრილმანებად გვეჩვენებოდეს, თუმცა განმეორებადი მოქმედებები დროთა განმავლობაში ადამიანის ხასიათის ნაწილად იქცევა. პატარა ჩვევები აყალიბებს ხასიათს, ხოლო ხასიათი განსაზღვრავს ჩვენს ბედს.

ეკრანებთან ზედმეტი დროის გატარება, მოვალეობებისთვის თავის არიდება, მუდმივი თავის მართლება ან რაიმეს მცდელობაზეც კი უარის თქმა, თანდათანობით ქცევის მყარ, ნეგატიურ მოდელად ყალიბდება. ადამიანების უმეტესობა მარცხს განიცდის არა ნიჭის, არამედ თვითკონტროლის ნაკლებობის გამო. ბავშვი შეიძლება იყოს ძალიან ნიჭიერი და ჭკვიანი, მაგრამ სწორედ თვითკონტროლი ეხმარება მას, რომ სწორი გზიდან არ გადაუხვიოს.

თვითკონტროლი არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვებმა ემოციები ჩაიკლან ან არასოდეს დაუშვან შეცდომები. პირიქით, ეს თვისება მათ ასწავლის საკუთარი რეაქციების მართვას, შედეგების გააზრებასა და საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღებას ადრეული ასაკიდანვე.