როგორ უნდა წარიმართოს ჩხრეკის პროცესი?
რა დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს გამომძიებელმა ჩხრეკის ჩასატარებლად?
სასამართლოს განჩინება ან გამომძიებლის დადგენილება - გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.
ვინ უნდა ესწრებოდეს ჩხრეკას?
თუ ტარდება ბინის ჩხრეკა, მას უნდა ესწრებოდეს ბინის მესაკუთრე/მფლობელი. თუ ტარდება ოფისის/ორგანიზაციის ჩხრეკა, მას უნდა ესწრებოდეს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან/და წარმომადგენელი.
ადვოკატს აქვს უფლება დაესწროს ჩხრეკის პროცესს. დაუშვებელია მათ გარეშე ჩხრეკის ჩატარება.
ჩხრეკის დაწყებამდე რა მოვალეობები აქვს გამომძიებელს?
ჩხრეკის დაწყებამდე გამომძიებელი ვალდებულია: ბინის მესაკუთრეს, ორგანიზაციის ხელმძღვანელს/წარმომადგენელს წარუდგინოს საკუთარი თავი და თანმხლები პირები, განუმარტოს მისვლის მიზეზი და ჩხრეკის ჩატარების საფუძველი;
წარმოადგინოს სასამართლოს განჩინება/გამომძიებლის დადგენილება. გაცნობის ფაქტი უნდა დადასტურდეს ხელმოწერით;
ჩხრეკის მონაწილეებს განუმარტოს მათი უფლება-მოვალეობები და ჩხრეკის ჩატარების წესი;
ჩხრეკის ჩატარების დროს ვიდეო-აუდიო ჩაწერის შემთხვევაში, გააფრთხილოს ჩხრეკაში მონაწილე პირები.ბინის მესაკუთრეს, ორგანიზაციის ხელმძღვანელს/წარმომადგენელს/ადვოკატს შეუძლია გამომძიებლის წინაშე დააყენოს მოთხოვნა ჩხრეკის აუდიო-ვიდეო გადაღების შესახებ. ასეთი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, შენიშვნა უნდა გაკეთდეს ოქმში.
როგორ უნდა წარიმართოს ჩხრეკის პროცესი?
ჩხრეკის პროცესის დაწებამდე გამომძიებელმა უნდა შემოგთავაზოთ განჩინებაში/დადგენილებაში მითითებული ობიექტ(ებ)ის ნებაყოფლობით გადაცემა.
ნებაყოფლობით გადაცემაზე უარის თქმის ან მათი არასრულად გადაცემის შემთხვევაში იწყება ჩხრეკა;
ჩხრეკისას გამომძიებელს უფლება აქვს გააღოს დაკეტილი საცავი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციის ხელმძღვანელი/წარმომადგენელი უარს ამბობს ნებაყოფლობით მათ გაღებაზე.
დაზიანება უნდა იყოს პროპორციული;
ჩხრეკის დროს აღმოჩენილი ობიექტი, გამომძიებელმა ამოღებამდე უნდა წარუდგინოს ჩხრეკაში მონაწილე პირებს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ამოიღოს;
ამოღებული ობიექტ(ებ)ი გამომძიებელმა უნდა აღწეროს დაწვრილებით;
ამოღებული ობიექტ(ებ)ი გამომძიებელმა უნდა შეფუთოს და დალუქოს. შეფუთული ნივთის ლუქზე უნდა აღინიშნოს მისი დალუქვის თარიღი და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერები. დაუშვებელია რამდენიმე გამომძიებლის მიერ ოფისის სხვადასხვა ადგილის/ოთახის/სათავსოს ერთდროულად ჩხრეკა. დამსწრეებს უნდა ჰქონდეთ ჩხრეკის სრულ პროცესზე უწყვეტი და თანმიმდევრული დაკვირვების საშუალება.
ჩხრეკის ოქმი
ჩხრეკის ოქმი უნდა შედგეს უშუალოდ საგამოძიებო მოქმედების მსვლელობისას ან მისი დასრულებისთანავე;
ჩხრეკის ოქმში უნდა აისახოს ჩხრეკის მთლიანი პროცესი;
ჩხრეკის დასრულებისთანავე ოქმი გასაცნობად და ხელმოსაწერად უნდა წარედგინოს საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილეს;
თუ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე რომელიმე პირი უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმში კეთდება აღნიშვნა, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირი;
ოქმის ხელმოწერაზე უარის მთქმელ პირს უნდა მიეცეს ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზის განმარტების შესაძლებლობა, რაც ასევე აღინიშნება ოქმში;
ჩხრეკის ოქმის ასლი ადგილზევე უნდა ჩაბარდეს ბინის მესაკუთრეს, ოფისის/ორგანიზაციის ხელმძღვანელს/წარმომადგენელს.
ფოტო გენერირებულია AI-ს მიერ