როგორ ძალადობდა ნაცისტური გერმანია ტყვეებზე აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში - rogor.ge

როგორ ძალადობდა ნაცისტური გერმანია ტყვეებზე აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში

აუშვიცი I

5-1709705346.jpg

აუშვიცი I წარმოადგენდა საკონცენტრაციო ბანაკთა ქსელის ადმინისტრაციულ ცენტრს, სადაც დაახლოებით 70 ათასამდე ადამიანი დაიღუპა, ძირითადად, ეთნიკური პოლონელები და საბჭოთა სამხედრო ტყვეები. ამ ბანაკის ტერიტორიაზე, გერმანელების ოკუპაციამდე ჯერ ავსტრიული, ხოლო მოგვიანებით პოლონური სამხედრო ყაზარმები იყო განთავსებული.მომავალი საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიას პირველად ყურადღება გერმანული SS-ის (ნაცისტების შეიარაღებული ფორმირების) ობერფიურერმა არპად ვიგანდმა მიაქცია, რომელმაც ასევე SS-ის წევრს, სილეზიის პოლიციის უფროს ერიხ ვონ დემ ბახ-ზელევსკის მომავალი აუშვიცი I-ის ტერიტორია შესთავაზა სილეზიელი პატიმრებისთვის, რომლებიც სილეზიის ციხეებში ფიზიკურად აღარ ეტეოდნენ.საკონცენტრაციო ბანაკად აღნიშნული ადგილის მოწყობა დაკავშირებულია საკონცენტრაციო ბანაკთა ინსპექციის თავმჯდომარის, რიხარდ გლიუკსის სახელთან.

6-1709705368.jpg

მან ადგილის დასათვალიერებლად SS-ის წარმომადგენელი ვალტერ ეისფელდი გაგზავნა, რომლის მოხსენების შემდეგ, გლიუკსმა 1940 წლის 21 თებერვალს აუწყა SS-ის რაიხსფიურერ ჰაინრიხ ჰიმლერს, რომ საკონცეტრაციო ბანაკის მოსაწყობად ადგილი შესაფერისი იყო. აუშვიცი I-ის უფროსად და სტანდარტენფიურერად დაინიშნა რუდოლფ ჰიოსი, რომელსაც თანაშემწეობას უწევდა SS-ის ობერფიურერი იოზეფ კრამერი.ბანაკის მოსაწყობ ადგილად ოსვენციმის არჩევის შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა დაახლოებით 40 კვკმ ტერიტორიიდან გაასახლეს. პირველი პატიმრები აუშვიც I-ში პოლონეთის ქალაქ ტარნოვიდან ჩამოიყვანეს 1940 წლის 14 ივნისს. 728 პოლონელს შორის ოცი ებრაელი იყო. პატიმართა რიცხვი საკონცენტრაციო ბანაკში ძალიან სწრაფად იზრდებოდა პოლონური ინტელიგენციის, დისიდენტებისა თუ იატაკქვეშა წინააღმდეგობის წარმომადგენელთა ხარჯზე.პატიმართა სხვადასხვა კატეგორია ერთმანეთისგან სამოსზე დატანილი მონიშვნით განირჩეოდა. ყველაზე ცუდად გერმანელები ებრაელებსა და საბჭოთა ტყვეებს ეპყრობოდნენ. ყველა პატიმარი ვალდებული იყო, ყოველდღე ემუშავა ბანაკში მოწყობილ სამხედრო საწარმოებში, გარდა კვირა დღისა, როცა ყურადღება ძირითადად დასუფთავებას ეთმობოდა. მძიმე სამუშაო მოვალეობები, კვებისა და ჰიგიენის საშინელი მდგომარეობა პატიმრებში მაღალ სიკვდილიანობას განაპირობებდა.აუშვიცის მე-11 ბლოკი წარმოადგენდა “ციხეს ციხეში” - სადაც სხვადასხვა წესისა და განრიგის დამრღვევთ ათავსებდნენ. ზოგიერთი პატიმარი იძულებული იყო, მთელი ღამე გაეტარებინა “სადგომ საკნებში”, რომელშიც ოთხ პატიმარს ათავსებდნენ. კამერის ზომებიდან გამომდინარე, მთელი ღამის განმავლობაში მათ მხოლოდ დგომა შეეძლოთ. დღისით კი ისინი ვალდებული იყვნენ, სხვებთან ერთად ემუშავათ. აუშვიცის მიწისქვეშა საკნების “შიმშილის ოთახებში” მოხვედრილ პატიმრებს საკვებისა და სასმლის გარეშე ტოვებდნენ.მიწისქვეშა საკნებში იყო ე.წ. “ბნელი ოთახებიც”, რომელთაც მხოლოდ ერთი, ძალიან პატარა ფანჯარა ჰქონდა, რაც ოთახში ჟანგბადის ნაკლებობასა და პატიმრის გაგუდვას იწვევდა. ზოგჯერ SS-ის წარმომადგენლები ოთახში პატიმარს სანთელს უნთებდნენ, რათა ისედაც მცირე ჟანგბადი უფრო მალე ამოწურულიყო.1941 წლის 3 სექტემბერს აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის ხელმძღვანელობამ ექსპერიმენტის განხორციელება გადაწყვიტა ციკლონ B-ს, მომაკვდინებელი გაზის გამოყენებით. ექსპერიმენტი მოეწყო 600 საბჭოთა და 250 პოლონელ პატიმარზე მე-11 ბლოკის ერთ-ერთ მიწისქვეშა საკანში. ამ ექსპერიმენტმა საფუძველი დაუდო ციკლონ B-ს გამოყენებას საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრების მიმართ. მხოლოდ აუშვიც I-ში გაზის კამერებმა 1941-1942 წლებში 60 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

აუშვიცი II - ბირკენაუ

7-1709705403.jpg

აუშვიცი II საკონცენტრაციო ბანაკის მშენებლობა 1941 წლის ოქტომბერში დაიწყო აუშვიცი I-ის ანუ ცენტრის გადავსების შესამსუბუქებლად. მეორე ბანაკი გაცილებით დიდი იყო, პირველზე და მის ჭიშკარშიც მეტმა ტყვემ გაიარა. აუშვიცი II - ბირკენაუ ჰაინრიხ ჰიმლერის გეგმით მოეწყო, რომელიც “ებრაელთა საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტას” ითვალისწინებდა.პირველი გაზის საკანი ბირკენაუში იყო ე.წ. “პატარა წითელი სახლი” - წითელი აგურით ნაშენები კოტეჯი, რომელიც 1942 წლის მარტიდან მოქმედებდა. მეორე აგურის კოტეჯი - “პატარა თეთრი სახლი” რამდენიმე კვირის შემდეგ “ამუშავდა”.1943 წლის დასაწყისში საკონცენტრაციო ბანაკის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა აუშვიცი II-ის გაზის კამერებით “აღჭურვა” და იმავე წლის ივნისისთვის ესეც შეასრულა. ამ დროისათვის აუშვიცი II-ის საკონცენტრაციო ბანაკში მოქმედებდა II, III, IV და V კრემატორიუმები, მორგები და გაზის კამერები. ყველაფერი მზად იყო დამდეგი სისხლის წვიმებისთვის...

აუშვიცი III - მონოვიცი

8-1709705436.jpg

მონოვიცი (მონოვიცი-ბუნა; აუშვიცი III) წარმოადგენდა აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრს. მისი სახელი მომდინარეობდა პოლონურ ქალაქ მონოვიცედან, რომლის მახლობლადაც 1942 წლის ოქტომბერში ეს ბანაკი მოეწყო.განსხვავებით წინა “ორი აუშვიცისგან”, მონოვიცის ბანაკს უფრო მკვეთრად გამოხატული მონური შრომის ფუნქცია ჰქონდა. ბანაკი 12 ათასამდე პატიმარს იტევდა, რომელთა შორის უმეტესობას ებრაელები წარმოადგენდნენ. იყვნენ ასევე არაებრაული წარმოშობის “დამნაშავენი” და პოლიტიკური პატიმრები.პატიმრებს მუშაობა უწევდათ სხვადასხვა ქიმიურ საწარმოში, რაც მათი სიცოცხლისთვის სახიფათო იყო. პატიმართა სიცოცხლის ხანგრძლივობა მათი სამუშაოს მიხედვით განისაზღვრებოდა, რაც თვით პატიმრის “კატეგორიაზე” იყო დამოკიდებული. მაგალითად, ებრაელები ბანაკში მოხვედრის შემდეგ სამიდან ოთხ თვემდე ცოცხლობდნენ.

ბოშათა ბანაკი

9-1709705463.jpg

ჰაინრიხ ჰიმლერის 1942 წლის დეკემბრის განკარგულებით, საკონცენტრაციო ბანაკებში ბოშები უნდა განეწესებინათ. მათთვის განცალკევებით მოიძებნა ადგილი აუშვიცი II - ბირკენაუში: “ბოშათა საოჯახო ბანაკი” (Zigeuner Familienlager). ბოშათა პირველი ნაკადის ჩასვლის დროისთვის (1943 წლის 26 თებერვალს) ის ჯერ კიდევ შენდებოდა. სულ აუშვიცში 21 ათასამდე ბოშა მოათავსეს.ბირკენაუში ბოშათა პირველი ნაკადის ჩამოყვანისას, მათ უმეტესობას ტიფის ვირუსი აღმოაჩნდა. ბანაკის ხელმძღვანელობამ პრობლემა მარტივად “გადაწყვიტა” - ინფიცირებულ ბოშებს გაზის კამერით “უმკურნალა”.გაზის კამერაში დაღუპულ ბოშებს შორის იყო ცხრა წლის ჰოლანდიელი გოგონა, ანა მარია (სეტელა) შტეინბახი, რომელიც 1994 წლამდე ებრაელად მიიჩნეოდა, თუმცა შემდგომ დადგინდა მისი ბოშური წარმომავლობა.1945 წელს, როცა ბოშათა საკონცენტრაციო ბანაკებს, ისევე როგორც ზოგადად გერმანელთა საკონცენტრაციო ბანაკებს, მოკავშირეთა მხრიდან საფრთხე დაემუქრა, სს-ის გადაწყვეტილებით 2 897 ბოშა სასწრაფოდ გაიგზავნა გაზის კამერებში...

სისტემა

10-1709705490.jpg

არსებობდა კიდევ 45 ბანაკი, რომლებიც მთლიანობაში საკონცენტრაციო ბანაკების ერთ დიდ სისტემას ქმნიდა. ეს ბანაკები ათობით კილომეტრით იყო დაშორებული სამი მთავარი ბანაკისგან. პატიმართა რაოდენობა ამ ბანაკებში რამდენიმე ათეული კაციდან ათასეულებამდე მერყეობდა.სამი მთავარი ბანაკის გარდა, სიდიდით გამოირჩეოდა შემდეგი ბანაკები: ტრჟებინია, ბლეხჰამერი და ალთჰამერი. ქალთა საკონცენტრაციო ბანაკებიდან აღსანიშნავია: ბუდი, პლავი, ჟაბრჟე, გლაივიცი I, II, III და ლიხტენვერდენი.საკონცენტრაციო ბანაკები იყოფოდა რამდენიმე კატეგორიად: ძირითადი (Aussenlager), დამხმარე (Nebenlager)) და შრომითი (Arbeitslager)) ბანაკები.

ხელმძღვანელობა

2-1709705515.jpg

ნაცისტური გერმანიის პოლიტიკაში აუშვიცის დიდი მნიშვნელობის გამო, ამ ბანაკს დიდი გულისყურით აკონტროლდნენ სს-ის სხვადასხვა ინსტანციის წარმომადგენლები. საკონცენტრაციო ბანაკის არსებობის განმავლობაში, ხელმძღვანელ ინსტანციებში 7 ათასამდე კაცი იყო დასაქმებული.მმართველობის ცენტრალური ინსტანცია იყო “SS-ის ეკონომიკის მთავარი ოფისი”.აუშვიცში იყო ოფიცრებით დაკომპლექტებული გერმანული გესტაპოს დიდი ოფისი. ბანაკის ტერიტორიაზე ასევე განლაგებული იყო სამედიცინო პერსონალი ედუარდ ვირთსის ხელმძღვანელობით.საკონცენტრაციო ბანაკის შიდა მმართველობას წარმოადგენდნენ სამი მთავარი ბანაკის (აუშვიცი I, II, III) გამგებლებად დანიშნული ლაგერფიურერები, რომელთა შემდეგ რანგით დაბლა მოდიოდა რაპორტფიურერის თანამდებობა. ისინი ხელმძღვანელობდნენ ბლოკფიურერებს, რომელნიც პატიმართა ცალკეულ კატეგორიებს უშუალოდ მეთვალყურეობდნენ.SS-ის წარმომადგენლებს ბანაკის ხელმძღვანელობაში დახმარებას უწევდნენ თავად პატიმრები. მათი ნაწილი, რომელიც თავად გერმანელებს ჰყავდათ სხვა პატიმრებისგან გამორჩეული და რომელთაც კაპოებს უწოდებდნენ, პასუხს აგებდნენ წესრიგზე ბანაკის განსაზღვრულ უბნებზე. არსებობდა პატიმართა ზონდერჯგუფები, რომელთა ფუნქცია იყო ახალჩამოყვანილი პატიმრების გაზის კამერებისთვის “მომზადება”. ისინი პატიმრებს ტანსაცმლისა და სხვადასხვა ნივთის დატოვებაში “ეხმარებოდნენ”. ზონდერჯგუფები პატიმრებს ოქროს კბილებსაც კი აცლიდნენ და ადნობდნენ. მიუხედავად ამგვარი დახმარებისა, გერმანელები ზონდერჯგუფების წარმომადგენლებს პერიოდულად ხოცავდნენ, ისევე როგორც სხვა პატიმრებს.გაზის კამერაში მოხვედრის შემდეგ პატიმრებზე SS-ის ცალკე კონტიგენტი “ზრუნავდა”, რომელსაც “ჰიგიენის დივიზია” ერქვა. მისი ფუნქცია იყო, კამერაში გაზის შეყვანისა და პატიმრების დახოცვის შემდეგ, კამერის გაზისგან დაცლა. “ჰიგიენის დივიზია” აუშვიცის სამედიცინო პერსონალს ექვემდებარებოდა, რომელიც მომაკვდინებელი გაზის გაცემას განკარგავდა.აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკს ჰყავდა ასევე გარე უსაფრთხოებისთვის გამოყოფილი ნაწილი, ე.წ. “დაცვის ბატალიონი”.

ცხოვრება ბანაკში

ბანაკში ცხოვრების შესახებ ჩვენამდე პატიმართა ჩანაწერებმა მოაღწია. მათ მიხედვით შესაძლებელი ხდება პატიმართა ერთი რიგითი დღის განრიგის აღდგენა.სამუშაო დღე პატიმრებისთვის დილის 3 საათზე (ზოგჯერ 3:30-ზე) იწყებოდა ხმამაღალი და ხანგრძლივი განგაშის ხმით, რომელიც მთელ ბანაკს ედებოდა. საინტერესოა, რომ პატიმრებს 30 წუთს აძლევდნენ დილის ჰიგიენური პროცედურებისთვის. ამის შემდეგ ისინი ხუთკაციან მწკრივებად ეწყობოდნენ. ბანაკის ცალკეულ განყოფილებათა ხელმძღვანელები მორიგ საშინელ დილას “იწყებდნენ” ზოგიერთს სცემდნენ, ზოგჯერ - ყველასაც. შემდეგ პატიმრებს აიძულებდნენ, მუხლმოყრით ჩამჯდართ და ხელებაწეულთ რამდენიმე საათი გაეტარებინათ. ჩანაწერების მიხედვით, ასე გრძელდებოდა დილის 7 საათამდე, როცა SS-ის ოფიცრები პატიმრებს აღრიცხავდნენ დაღუპულთა რაოდენობის დასადგენად. მათი რიცხვი ხუთს ან ექვს, ზოგჯერ კი ათსაც შეადგენდა. ამის შემდეგ პატიმრებს საუზმის მიღების უფლება ეძლეოდათ.ნასაუზმევს პატიმრები, ბანაკის უნიფორმებში, საცვლების გარეშე და ძალიან მოუხერხებელი და უხეში ფეხსაცმლით სამუშაო ადგილებისკენ მიემართებოდნენ. საინტერესოა, რომ სამუშაოდ მიმავალ პატიმრებს ორკესტრის მუსიკით აცილებდნენ, ამაზე ბანაკის ხელმძღვანელობა “კარგად ზრუნავდა”. სამუშაო დღის ხანგრძლივობა ზაფხულში 12 საათი, ხოლო ზამთარში შედარებით ნაკლები იყო. დასვენების საშუალება პატიმრებს არ ჰქონდათ. უკიდურეს შემთხვევაში, თუკი რომელიმე შეუძლოდ გახდებოდა და მცირე ხნით დასვენება დასჭირდებოდა, ბანაკის ხელმძღვანელობა სხვა პატიმარს გამოყოფდა, რომელიც დროს უნიშნავდა “კოლეგას”, სანამ ეს უკანასკნელი სულს მოიბრუნებდა.სამუშაოს დასრულების შემდეგ, ბანაკში საღამოს განგაში გაისმოდა და კიდევ ერთხელ იწყებოდა პატიმართა აღრიცხვა. თუკი ნუსხას ვინმე აკლდა, სხვები მწყობრში უნდა მდგარიყვნენ, სანამ პატიმრის გაუჩინარების მიზეზი გაირკვეოდა. ამას ზოგჯერ რამდენიმე საათი სჭირდებოდა. შემდეგ იწყებოდა პატიმართა დასჯა, რაც დღის განმავლობაში პატიმართა საქციელის მიხედვით ხდებოდა. დასჯის შემდეგ პატიმრებს უფლება ეძლეოდათ, პურისა და წყლის განსაზღვრული რაოდენობა მიეღოთ.პატიმრებს გრძელ რიგებად ეძინათ, ერთმანეთთან იმდენად ახლოს, რომ ხშირად ერთმანეთსაც კი აწვნენ. ხდებოდა ქურდობაც, ამიტომ ბევრ პატიმარს საკუთარ ფეხსაცმელსა და ტანსაცმელზე ჩაბღაუჭებულს ეძინა.

სამედიცინო ექსპერიმენტები

გერმანელი ექიმები სხვადასხვა ექსპერიმენტს დგამდნენ პატიმრებზე, ასხივებდნენ მათ რენტგენის სხივებით, სტერილიზაციის მიზნით პატიმარი ქალების სხეულში ქიმიური ნივთიერებები შეჰყავდათ.აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში ყველაზე ცნობილი ექიმი იყო იოზეფ მენგელე, რომელსაც “სიკვდილის ანგელოზს” ეძახდნენ. იგი სამედიცინო ცდებს აწყობდა პატიმრებზე. განსაკუთრებით დაინტერესებული იყო ტყუპებით, მომაკვდინებელი ნივთიერების შეყვანის შემდეგ ტყუპებს კვეთდა და სხეულებს სწავლობდა. მენგელე ჯუჯებითაც ინტერესდებოდა და ტყუპების მსგავსად, მათაც უსწრაფებდა სიცოცხლეს და შემდეგ გვამებს იკვლევდა.გერმანელთა სამედიცინო საშინელებათაგან აღსანიშნავია 1943 წელს მოწყობილი “ჩონჩხების კოლექცია”, რომელიც აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის 115 პატიმრისგან “შეგროვდა”. მათ შორის უმეტესობა ებრაელი იყო. ჩონჩხები სტრასბურგის ანატომიის ინსტიტუტში უნდა გაეგზავნათ, რომელიც გერმანელთა მიერ ოკუპირებული საფრანგეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ამ საქმეს ხელმძღვანელობდა ორი გერმანელი ექიმი - რუდოლფ ბრანდტი და ვოლფრამ სივერსი. ტიფის ეპიდემიის გამო, 115 ადამიანი კარანტინში მოათავსეს და “ჩონჩხების კოლექციისთვის” მოამზადეს. ვოლფრამ სივერსის ერთ-ერთი წერილიდან ვიგებთ: “სულ 115 ადამიანი შეირჩა - 79 ებრაელი მამაკაცი, 30 ებრაელი ქალი, ორი პოლონელი და ოთხი აზიური წარმოშობის პატიმარი”. რა თქმა უნდა, ეს ექსპერიმენტი სანქცირებული იყო როგორც რუდოლფ ჰიოსის, ასევე ჰაინრიხ ჰიმლერის მიერ.“ჩონჩხების კოლექციაში” დაღუპულ პატიმართა სია გამოქვეყნებულია გერმანელი ისტორიკოსის ჰანს იოაკიმ ლენგის წიგნში “ნომრების სახელები”.

მუზეუმი1945 წლის დასაწყისიდან გერმანელთა მდგომარეობა ფრონტებზე მეტად არასახარბიელო გახდა. მოკავშირეები პოლონეთის ტერიტორიაზე შევიდნენ და 27 იანვარს ქალაქი ოსვენციმი, აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკი გაათავისუფლეს. ეს თარიღი მიჩნეულია ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ.ომის შემდეგ აუშვიცი I საავადმყოფოდ გადაკეთდა, რომელშიც რეაბილიტაციის კურსს გადიოდნენ მოკავშირეთა მიერ გათავისუფლებული ბანაკის პატიმრები. 1947 წლამდე ამ ტერიტორიას საბჭოთა НКВД იყენებდა.აუშვიცი III-ის (მონოვიცის) ტერიტორია პოლონეთის სახელმწიფოს გადაეცა და მოგვიანებით რეგიონის ქიმიური მრეწველობის ცენტრად გადაკეთდა.აუშვიცი I-ის ტერიტორიაზე გესტაპოს შენობა მოკავშირეებმა გაანადგურეს და მის ადგილას სახრჩობელები აღმართეს. აქ გერმანელი სამხედრო დამნაშავენი, მათ შორის აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის სტანდარტენფიურერი რუდოლფ ჰიოსი (1947 წლის 17 აპრილს) დასაჯეს სიკვდილით.1947 წლის 24 ნოემბრიდან 22 დეკემბრამდე პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარეობდა “აუშვიცის პროცესი”, რომელზეც ბანაკის ხელმძღვანელი გუნდის 41 წარმომადგენელი გაასამართლეს. მათგან 23-ს სიკვდილი, ხოლო დანარჩენებს კი ციხე განუწესეს, სამი წლიდან სამუდამო პატიმრობამდე.1947 წელს პოლონეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის ადგილას, დაღუპული პატიმრების სულების უკვდავსაყოფად, ნაცისტთა მიერ ჩადენილი საშინელებების მუზეუმი მოეწყოთ. მას დღემდე უამრავი მნახველი ჰყავს.აუშვიცი II-ის - ბირკენაუს ტერიტორიაზე გაზის საკნების ნანგრევები დღემდე ღიაა მნახველისთვის. ეს ერთგვარი ღია სასაფლაოა, აქ უამრავი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. ბანაკის მრავალი შენობა დღემდე შემორჩენილია, მათ შესახებ ცნობები საინფორმაციო დაფებზეა დატანილი. მუზეუმში შემონახულია ფეხსაცმელები, რომლებსაც პატიმრებს ართმევდნენ გაზის საკნებში შეყვანამდე, აგრეთვე ხელჩანთები, ჩემოდნები, სათვალეები და სხვა ნივთები, რომელთაც პატიმრები საკონცენტრაციო ბანაკში ჩამოსვლისას ხელმძღვანელობას აბარებდნენ.აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში დაღუპულთა რაოდენობა დღემდე ზუსტად არ არის დადგენილი. მიიჩნევა, რომ მსხვერპლი 1,3-დან 2 მილიონამდეა. ზოგიერთი მკვლევარი ამ რაოდენობას საეჭვოდ მიიჩნევს, თუმცა ზუსტ რიცხვზე ლაპარაკი ძნელია. ცხადია ერთი რამ, ნაცისტურმა გერმანიამ 1940-1945 წლებში აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკი გამოიყენა საკუთარი რასისტული პოლიტიკისთვის ფრთების შესასხმელად. ამ პოლიტიკაში ებრაელთა განადგურებას დიდი ადგილი ეჭირა, მათთან ერთად, ბანაკში მრავალი სხვა ეთნოსის წარმომადგენელიც დაიღუპა.1945 წელს მოკავშირეთა მიერ გათავისუფლებულ აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში სიკვდილს გადარჩენილთაგან ყველაზე დიდხანს იცოცხლა პოლონელმა ანტონი დობროვოლსკიმ, რომელიც 2012 წლის 21 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქ დებნოში 108 წლის ასაკში გარდაიცვალა.ჟურნალი “ისტორიანი”, 2013 წლის სექტემბრის ნომერი #9/33

ავტორი: კახაბერ ყალიჩავა

როგორ გახდა გერმანელი არისტოკრატი გამორჩეული საბჭოთა აგენტი