როგორ გახდა გერმანელი არისტოკრატი გამორჩეული საბჭოთა აგენტი - rogor.ge

როგორ გახდა გერმანელი არისტოკრატი გამორჩეული საბჭოთა აგენტი

მემარცხენე-ნაცისტი და კომუნისტების მეგობარი

ჰიტლერისა და ძმების, გრეგორ და ოტო შტრასერების კონფლიქტი გარდაუვალი იყო. ასეც მოხდა. ჰარო შულცე-ბოიზენმაც გაწყვიტა ნაციონალ-სოციალისტებთან ყოველგვარი ურთიერთობა და კომუნისტებს დაუახლოვდა. გამოსცემდა ჟურნალს "მეტოქე" (Dერ Gეგნერ), სადაც საბჭოთა პროპაგანდას ეწეოდა. "ჰიტლერის ადგილი არა პოლიტიკაში, არამედ კინოშია! მას წარმატებით შეეძლო ჩარლი ჩაპლინისთვის კონკურენციის გაწევა!" - წერდა თავის ჟურნალში შულცე-ბოიზენი.

1933 წელს ჰიტლერი ხელისუფლებაში მოვიდა. ნაცისტთა მოიერიშე რაზმებმა ჟურნალ "მეტოქის" რედაქცია დაარბიეს. მოიერიშენი რედაქციაში შეიჭრნენ, მისი თანამშრომლები გარეთ გამოიყვანეს და რეზინის ხელკეტებით სცემეს. "რედაქციის წინ ორ რიგად დააყენეს მოიერიშეები და რედაქციის თანამშრომლებს აიძულებდნენ ამ რიგებს შორის გაევლოთ. მოიერიშენი კი მათ ურტყამდნენ", - წერს ცნობილი გერმანელი მწერალი ჰაინრიხ ბიოლი.

მხეცურმა ანგარიშსწორებამ "მეტოქის" ბევრი თანამშრომელი შეაშინა. ბევრი მათგანი მუხლებზე დავარდა და შებრალება ითხოვა. მხოლოდ შულცე-ბოიზენი იდგა მშვიდად. მოიერიშეთა შორის ისე ჩაიარა, არც დაუკვნესია, თუმცა რეზინის ხელკეტებს გამეტებით ურტყამდნენ. ჩაიარა თუ არა მწკრივი, შეჩერდა და გაიღიმა:

- აი, საპატიო წრეც დავარტყი!

ასეთმა ვაჟკაცობამ ნაცისტებიც კი მოხიბლა. ერთ-ერთმა მოიერიშემ შულცე-ბოიზენს შესთავაზა:

- შემოგვიერთდი! რა გინდა ამ კომუნისტებთან! ისინი ხომ რუსებზე მუშაობენ!

შულცე-ბოიზენმა არაფერი უპასუხა, ის მხოლოდ იღიმებოდა.

გერინგის გარემოცვაში

ნაცისტებს შულცე-ბოიზენი ოდნავ მოგვიანებით 1934 წელს შეუერთდა. გაიარა პილოტების მოსამზადებელი კურსები. მიუხედავად ამისა, ნაცისტები მას კარგა ხანს ეჭვის თვალით უყურებდნენ. ყველას კარგად ახსოვდა მისი კომუნისტური წარსული.

იღბლიანი ქორწინება ხშირად თამაშობს გადამწყვეტ როლს ადამიანის ბედში. ასე მოხდა შულცე-ბოიზენის შემთხვევაშიც. მისმა ქორწინებამ ლიბერტას ჰაას-ჰაიეზე კარიერული აღმავლობა განაპირობა. ლიბერტასი ხომ თავად ჰერმან გერინგის ახლო ნათესავი იყო. გერინგი შულცე-ბოიზენისა და ლიბერტასის ქორწილს პირადად ესწრებოდა. მალე გერინგმა შულცე-ბოიზენი ავიაციის სამინისტროში მიიწვია.

ავიაციის სამინისტროში მოსახვედრად კანდიდატებს გესტაპო გულდასმით ამოწმებდა. ჰაროს ეს ასცდა, ის ხომ გერინგის ნათესავი იყო. ჰარო ავიაციის სამინისტროში მიიღეს. მისი კარიერა ზემოთ-ზემოთ მიემართებოდა. პარალელურად, მოსკოვში სისტემატურად გზავნიდა საიდუმლო პატაკებს. გაგრძელება