როგორ მივიღოთ პრობიოტიკები 5 პროდუქტისგან - rogor.ge

როგორ მივიღოთ პრობიოტიკები 5 პროდუქტისგან

იოგურტი

იოგურტი პრობიოტიკების ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა. ნატურალური პროდუქტი მზადდება რძისგან, რომელიც ფერმენტირებულია ბაქტერიებით, ძირითადად რძემჟავა და ბიფიდობაქტერიებით. იოგურტის მიღება დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. იოგურტი და სხვა ფერმენტირებული რძის პროდუქტები ცოცხალი ბაქტერიებით ხელს უწყობს ნაწლავების ნორმალურ ფუნქციონირებას. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ყველა იოგურტი არ შეიცავს ცოცხალ პრობიოტიკებს. ზოგიერთ პროდუქტში თერმული დამუშავების შემდეგ ცოცხალი ბაქტერია არ რჩება. ამ მიზეზით იოგურტის შეძენამდე აუცილებლად წაიკითხეთ შემადგენლობა და ისეთი აარჩიეთ, რომელიც არ შეიცავს შაქარს.

კეფირი

კეფირი არის ფერმენტირებული რძის პრობიოტიკური სასმელი. იგი მზადდება რძეში კეფირის „სოკოების“ დამატებით, რომლებიც წარმოადგენს რამდენიმე სახის მიკროორგანიზმების სიმბიოზს (რძემჟავა სტრეპტოკოკები და ბაცილები, ძმარმჟავა ბაქტერიები და საფუარი). კეფირის მიღება ხელს უწყობს მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობის შენარჩუნებას. პროდუქტი კარგია ძვლებისთვის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის და ასევე, შეუძლია დაიცვას ორგანიზმი გარკვეული ინფექციებისგან.

მჟავე კომბოსტო

ბევრისთვის საყვარელი მჟავე კომბოსტო ფერმენტირებულია რძემჟავა ბაქტერიებით. გარდა პრობიოტიკური თვისებებისა, მჟავე კომბოსტო მდიდარია ბოჭკოებით, ასევე B, C და K ვიტამინებით. შეიცავს ნატრიუმს, რკინას და მანგანუმს.

კიტრის მწნილი

კიტრის მწნილი პოპულარულია მთელ მსოფლიოში. ის დაბალკალორიულია და K ვიტამინის კარგი წყაროა, რომელიც აუცილებელია სისხლის კოაგულაციისთვის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მწნილი ასევე მდიდარია ნატრიუმით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ძმრით მომზადებული ეს პროდუქტი არ შეიცავს ცოცხალ პრობიოტურ ბაქტერიებს.

ყველის ზოგიერთი სახეობა

მიუხედავად იმისა, რომ ყველის უმეტესი სახეობა ფერმენტირებულია, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი შეიცავს პრობიოტიკებს. სასარგებლო ბაქტერიები გადარჩებიან ზოგიერთ ჯიშში, მათ შორის გუდაში, მოცარელასა და ჩედარში. ყველი ცილის შესანიშნავი წყაროა და ასევე მდიდარია მნიშვნელოვანი ვიტამინებითა და მინერალებით, როგორიცაა კალციუმი, ვიტამინი B12, ფოსფორი და სელენი. ამ რძის პროდუქტის ზომიერმა მოხმარებამ შესაძლოა შეამციროს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და ოსტეოპოროზის რისკიც კი.