როგორ დავეხმაროთ ბავშვს ყურადღების განვითარებაში?
შეიძინეთ სათამაშოები. ახალშობილისთვის პირველი სათამაშო, არც მეტი, არც ნაკლები, საგანთა სამყაროსკენ გაჭრილი ფანჯარაა. ის ნათელი, ხალისიანი ფერისა უნდა იყოს, რომ უნებლიე ინტერესი გამოიწვიოს. უმჯობესია, ჰქონდეს მომრგვალო ფორმა - მას ბავშვი უკეთ აღიქვამს. დაუდეთ სათამაშო 30-40 სმ-ის მოშორებით, რომ კარგად დაინახოს და აღიქვას. მალე შეამჩნევთ, რომ პატარა მისკენ დაიწყებს ყურებას. მისი მზერა თანდათან ფოკუსირდება და ბოლოს თვალსაც გააყოლებს გადაადგილებულ საგანს.
გამოიყენეთ ყველა ნივთი, რომლებიც კი შეიძლება დაეხმაროს ბავშვის ყურადღების განვითარებას, მათ შორის - სურათებიც. მთავარია, გამოსახულება დიდი ზომისა და ხასხასა ფერისა იყოს. შეგიძლიათ, თავად დახატოთ ან ფერადი ქაღალდისგან გამოჭრათ წრეები და უსწორმასწორო ფორმის ფიგურები. მიამაგრეთ ისინი იმ ადგილას, სადაც ბავშვს უხდება ყოფნა (საწოლთან, მაგიდასთან, სავარძელთან). ბავშვი შეამჩნევს მათ, დაუწყებს ყურებას და ეცდება მიხვდეს, რა არის მის წინ. ასე მარტივად გაუვარჯიშდება არა მხოლოდ ყურადღება, არამედ ფერთა აღქმისა და გარჩევის უნარიც. შეგიძლიათ, საწოლის თავზე დაკიდოთ სხვადასხვა ფერის ლენტები ან ბავშვს ბაფთა ხელზე მიამაგროთ. ფერადი ლაქა მხოლოდ კი არ მიიპყრობს მის ყურადღებას, არამედ მიზანმიმართულად მოქმედებასაც ასწავლის, როცა ბავშვი მიხვდება, რომ ბაფთის მოძრაობა მისი ხელების მოძრაობას უკავშირდება. გაგრძელება