რჩევები მათთვის, ვისაც სტარტაპის დაწყება სურს - rogor.ge

როგორ მოვიფიქროთ იდეები სტარტაპისთვის - 10 სტრატეგია

დაეყრდენით თქვენს უნარებს

რა უნიკალური უნარები, გამოცდილება და ინტერესი გაქვთ? როგორ შეიძლება მათი ისე გამოყენება, რომ ბაზარზე განსხვავებული, ან ახალი პროდუქტი შექმნათ?

თუ გყავთ თანადამფუძნებელი, ან უკვე შეკარით გუნდი, დაფიქრდით, რა გამორჩეული პროდუქტის შექმნაში დაგეხმარებათ თქვენი ცოდნა, უნარი და გამოცდილება? ასე შედარებით გაგიმარტივდებათ სამომხმარებლო ბაზარზე ორიენტირება და წარმატებული პროდუქტის შექმნა.

მაგალითი: Microsoft-ის დამფუძნებლები პოლ ალენი და ბილ გეიტსი იდეალურად ,,შეესაბამებოდნენ ბაზარს”. ისინი სწავლობდნენ პროგრამირებასა და ინფორმატიკას, მათი ბიზნეს იდეა სწორედ ამ უნარებს დაეფუძნა.

მოაგვარეთ პირადი პრობლემა

არაერთი სტარტაპი შეიქმნა მათი დამფუძნებლების პირადი პრობლემის გადასაჭრელად.

იმაზე დაფიქრება, თქვენ რა პრობლემებს აწყდებით პირად თუ პროფესიულ საქმიანობაში, დაგეხმარებათ აღმოაჩინოთ, რა პროდუქტების დახმარებით შეიძლება მათი გადაჭრა.

შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა ხერხიც: მოუხმეთ წარმოსახვას, დასვით კითხვა, რა სჭირდება ან აკლია ადამიანს და მოიფიქრეთ ამ პრობლემის გადაჭრის გზა.

მაგალითი: DoorDash-ის დამფუძნებლებმა შექმნეს საკვების მიტანის აპლიკაცია, რადგან მათ არ შეეძლოთ შეეკვეთათ საჭმელი გარეუბანში მდებარე ტაილანდური რესტორნიდან. მათ დაინახეს ისეთი აპლიკაციის საჭიროება, რომელიც იმუშავებდა ნებისმიერ ადგილას.

მიჰყევით თქვენს გატაცებებს

სტარტაპები აღწევენ წარმატებას, რადგან მათი დამფუძნებლები თავიანთი პროდუქტით არიან ,,მოცულნი”, გულწრფელად სჯერათ თავიანთი წამოწყების და მზად არიან, იმუშაონ ჩანაფიქრზე გარკვეული დაბრკოლებებისა და წარუმატებლობის მიუხედავად.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, სტარტაპი ძლიერ ბიზნესად საშუალოდ 10 წლის განმავლობაში ყალიბდება, ამდენად, საქმის წამოწყებამდე დაფიქრდით, რაზე შეგიძლიათ იმუშაოთ დიდი ხნით სირთულეებისა და იმის შიშის გარეშე, იქნება თუ არა თქვენი წამოწყება წარმატებული.

მაგალითი: Duolingo-ს დამფუძნებლებს, ლუის ფონ ანსა და სევერინ ჰაკერს სურდათ ადამიანებისთვის უნიკალური შესაძლებლობები მიეცათ და ისეთი აპლიკაცია შეექმნათ, რომლის მეშვეობით მსურველები უცხო ენის შესწავლას უფასოდ შეძლებდნენ. ასე შექმნა იდეის ერთგულებამ აპლიკაცია Duolingo - ძვირადღირებული კურსებისა და რეპეტიტორების საუკეთესო ალტერნატივა.

დაეყრდენით სიახლეებს

rogor-1676891207.jpg

პანდემიამ ადამიანის ცხოვრების წესი მნიშვნელოვნად შეცვალა. ახალმა გამოწვევებმა ახალ საჭიროებებთან ერთად გააჩინა ისეთი მომსახურებების აუცილებლობა, რომლებიც მანამდე პოპულარული არ იყო ან, სულაც, არ არსებობდა. ამდენად, პანდემიის პირობებში, როცა უამრავი ბიზნესი დაზარალდა ან გაჩერდა, ახალ საჭიროებებზე მორგებული ბევრი ახალი სტარტაპი გაჩნდა.

თუ სტარტაპის წამოწყებას გეგმავთ: სცადეთ არ გამოგრჩეთ ბაზარზე გაჩენილი ახალი მოთხოვნები. შემდეგ კი აუცილებელია დროული მოქმედება და მომხმარებლისთვის ადეკვატური მომსახურების შეთავაზება.

მაგალითი: პანდემიის დროს ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამსახური, უმუშევრობის სიმწვავე განსაკუთრებით მომსახურების სფეროს შეეხო. QuickHire-ის შემქმნელებმა სწორად და დროულად დაინახეს ახალი საჭიროება და მომხმარებელს შესთავაზეს პლატფორმა, რომელზეც შესაძლებელია მომსახურების სფეროში სამუშაოს პოვნა.

გამოიყენეთ სტრატეგიული გათვლა

განსაზღვრო, რაზე იქნება ბაზარზე მოთხოვნა სამომავლოდ, რთულია, მაგრამ არა - შეუძლებელი.

სტრატეგიული პროგნოზირება გულისხმობს გავთვალოთ ცვლილებები, რომლებიც შეიძლება მოხდეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, ტექნოლოგიურ თუ სამართლებრივ ველზე. მაგალითად, შეიძლება ვივარაუდოთ, რა ცვლილებები შევა კანონპროექტში ისეთი, რაც ხელს შეუწყობს ონლიან ბიზნესის განვითარებას.

ამდენად, სტარტაპის წამოწყებისას გაითვალისწინეთ წარსულისა და აწმყოს გამოცდილება, დაეყრდენით მათ და სცადეთ განსაზღვროთ, რა იქნება ბაზარზე სამომავლოდ ტრენდი.

მაგალითი: Indiegogo crowdfunding პლატფორმის დამფუძნებელმა დანაე რინგელმანმა იწინასწარმეტყველა, რომ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისია შეცვლიდა კანონებს ონლაინ ინვესტიციების წინააღმდეგ.

გაანალიზეთ სხვა კომპანიების იდეები

rogor7-1676891363.jpg

დააკვირდით სხვა წარმატებულ კომპანიებს. გააანალიზეთ, როგორ, რა გზებითა და ხერხებით მიაღწიეს მათ წარმატებას და მოიფიქრეთ თქვენეული ვარიაციები. წარმოიდგინეთ, რომ Airbnb-ი (პლატფორმა, რომელიც მსურველებს ეხმარება მოკლევადიანი საცხოვრებლის პოვნაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით) ახლახან ამოქმედდა და დაფიქრდით, რა შეიძლება დასჭირდეთ ადამიანებს, რომლებიც სამოგზაუროდ მიდიან? დიდი ალბათობით - შინაური ცხოველის მომვლელი. მნიშვნელოვანია, რომ თქვენი იდეა წყვეტდეს იმ კომპანიისგან განსხვავებულ პრობლემას, რომელმაც შთაგაგონათ.

მაგალითი. RVShare არის Airbnb-ის ვერსია, რომელიც საავტომობილო სახლების გასაქირავებლად გამოიყენება.

იპოვეთ პრობლემური ინდუსტრია

ბევრი ინდუსტრია მოძველებული მიდგომების გამოყენებით ცდილობს მომხმარებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. თქვენ შეგიძლიათ შეიმუშაოთ ახალი პროდუქტი ან სერვისი მათთვის.

მაგალითი: Stripe-ის დამფუძნებლებმა გამოიყენეს აღნიშნული მიდგომა. მათ შენიშნეს, რომ ონლაინ გაყიდვების ინდუსტრიისთვის რთული იყო საკრედიტო ბარათით ონლაინ გადახდების მიღება. ამიტომ შექმნეს პლატფორმა, რომელიც ამ პროცესს მაქსიმალურად ამარტივებს.

გამოიყენეთ სხვების გამოცდილება

დააკვირდით თქვენ გარშემო მცხოვრებ ადამიანებს: მეგობრებს, თანამშრომლებს, ოჯახის წევრებს, ან ზოგადად, სოციუმს, რომელშიც ცხოვრობთ, დაფიქრდით, რა პრობლემებია თქვენ ირგვლივ ისეთი, რომელთა გადაწყვეტა აუცილებელი და მნიშვნელოვანია.

ისაუბრეთ ბაზარზე არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე მათთან, ვისაც აქვს გამოცდილება და ცოდნა იმ სფეროში, რომელიც თქვენთვის უცხოა. მაგალითად, თუ არ გყავთ შვილები, მაგრამ გსურთ წამოიწყოთ საქმე, რომელიც ბავშვებს ეხება, შეგიძლიათ რჩევისთვის მათ მიმართოთ, ვისაც ბავშვები ჰყავთ. თუ სტარტაპის შექმნა ტურიზმის ინდუსტრიაში გსურთ, ესაუბრეთ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ სასტუმროს ბიზნესში ან ხშირად მოგზაურობენ.

გამოიყენეთ წესი "10-ჯერ მეტი"

წესი 10-ჯერ მეტი ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ შექმნათ შესანიშნავი პროდუქტი, თუ უკვე არსებული პროდუქტის რომელიმე ასპექტს 10-ჯერ გაზრდით. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ თქვენი სარეცხი მანქანა 10-ჯერ სწრაფად, ხარისხიანად ან ეკონომიურად მუშაობს. უკვე მოგეწონათ, არა?

მაგალითი: Superhuman არის აპლიკაცია, რომელმაც მთლიანად შეცვალა ელექტრონული ფოსტის კონცეფცია, რათა შექმნას "მსოფლიოში ყველაზე სწრაფი" პროდუქტი ამ კატეგორიაში.

გააქტიურეთ უმოქმედო აქტივები

ჩვენ გარშემორტყმული ვართ უმოქმედო აქტივებით. ბევრ ადამიანს აქვს ისეთი მატერიალური რესურსი ან უნარ-ჩვევა, რომლებსაც არასდროს არ იყენებს. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ აპლიკაცია, რომელიც საშუალებას მოგცემთ გააქტიუროთ ისინი.

მაგალითი: Airbnb-ის შემქმნელებმა გააცნობიერეს, რომ ადამიანებს სახლში აქვთ ,,ცარიელი” ოთახები, რომელთაც იშვიათად ან საერთოდ არ იყენებენ და შეიმუშავეს აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც მსურველებს შეუძლიათ იქირავონ ეს ფართი.

როგორ ხდება ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია/გაუქმება