როგორ დავრეგისტრირდეთ ერთიან ეროვნულ გამოცდაზე - rogor.ge

როგორ დავრეგისტრირდეთ ერთიან ეროვნულ გამოცდაზე

რეგისტრაციის საწყის ეტაპზე:

აბიტურიენტმა უნდა გადაიხადოს გამოცდებში მონაწილეობის საფასური. საფასურის გადახდის დანიშნულებაში მითითებული უნდა იყოს აბიტურიენტის სახელი, გვარი და პირადი ნომერი.

რეგისტრაციის მეორე ეტაპზე:

აბიტურიენტი რეგისტრაციის გავლას შეძლებს მხოლოდ ონლაინ რეჟიმში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (https://online.naec.ge/defonline/).

ონლაინ რეგისტრაციისას აბიტურიენტი:

  • ავსებს პირად მონაცემებს;
  • ირჩევს საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობას (უნდა მონიშნოს ქალაქი, სადაც აპირებს გამოცდების ჩაბარებას);
  • ირჩევს ჩასაბარებელ საგნებს;
  • უთითებს სპეციალურ საჭიროებებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გაითვალისწინეთ: ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის ვადები და ხანგძლივობა საგამოცდო ცენტრის მიერ ყოველი სასწავლო წლისთვის განისაზღვრება მიმდინარე წელს. ჩვეულებრივ, რეგისტრაცია იწყება გაზაფხულზე.

რეგისტრაციის მომდევნო ეტაპზე:

ონლაინ რეგისტრაციის გავლის შემდეგ რეგისტრაციის საბოლოო ვადის ამოწურვამდე აბიტურიენტს შეუძლია უკვე არჩეული ჩასაბარებელი საგნის შეცვლა (წაშლა, დამატება, სხვა საგნით ჩანაცვლება), გამოცდის ენის შეცვლა ან კონკურსის (შემოქმედებითი ტურის) არჩევა.

რეგისტრაციის საბოლოო ვადის გასვლის შემდეგ აბიტურიენტი ჩასაბარებელ საგანთა ჩამონათვალში ცვლილებებს ვეღარ შეიტანს.

რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემთხვევაში აბიტურიენტის სარეგისტრაციო გვერდზე გამოჩნდება მის მიერ შეტანილი მონაცემები (არჩეული საგნების ჩამონათვალი, საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა (ქალაქი) და არჩეული საგანმანათლებლო პროგრამები. თუ მონაცემები სარეგისტრაციო გვერდზე არ ჩანს, რეგისტრაცია გაიარეთ ხელახლა ან დახმარებისთვის მიმართეთ საგამოცდო ცენტრს.

რეგისტრაციის დეტალური ვიდეოინსტრუქციის ნახვას სურვილის შემთხვევაში შეძლებთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გვერდზე.