როგორი უნდა იყოს კვების რაციონი ბუასილის დროს და როგორ ხდება დაავადების მკურნალობა?
კოლიტიანი პაციენტისთვის კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რაციონიდან უნდა გამოირიცხოს საკვები, რომელიც ხელს უწყობს აირების დაგროვებას: ნიორი, კომბოსტო, ბოლოკი, ლობიო, ბადრიჯანი, ნიგოზი, ცხარე წიწაკა, აჯიკა, ცხვრის ხორცი და ყველი, ღორის ხორცი და სხვა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კოლიტით ან ბუასილით დაავადებულმა არასდროს მიირთვას ჩამოთვლილი საკვები. უბრალოდ, ნაწლავს მაქსიმალურად უნდა გაუფრთხილდეთ. თუ სათანადოდ მოუვლით, კვირაში ერთხელ გოჭის ხორცსაც აიტანს ნაწლავი, ლობიოსაც და სხვა საკვებსაც. ჰემოროიდულ დაავადებას არ უყვარს წითელი ღვინო, არ უყვარს ლუდი, რადგან ეს უკანასკნელი აირების დაგროვებას უწყობს ხელს. საკმაოდ გამაღიზიანებელია ღომიც.
ღომის მოყვარულებთან ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ ის არ ანაყრებს, მხოლოდ აირებით ბერავს ნაწლავებს. დიდი მნიშვნელობა აქვს ჰიგიენას, ტუალეტს. ადრე ქაღალდის ნაცვლად ბიდეს უფრო ეტანებოდა ხალხი. ჩაბანილ ადგილს რბილი პირსახოცით იშრობდნენ და ეს გაცილებით უკეთესი იყო. ამ დაავადებას არ უყვარს ზაფხულში ჩახურება, ოფლიანობა, არ უყვარს სინთეტიკური საცვალი. მართალია, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, მაგრამ ზაფხულობით მოდური სინთეტიკური საცვლების ჩაცმა მაინც არ არის მიზანშეწონილი.
- რა კლინიკური გამოვლინებები ახასიათებს ბუასილს?
- როდესაც ადამიანს შეაწუხებს დისკომფორტი, აირების დაგროვება, მუცლის პერიოდული შებერვა, ნელ-ნელა ამას დაემატება პერიოდული ტკივილები დეფეკაციის შემდეგ, წვა ანალური არხის გამოსასვლელში, - ბუასილის არსებობა უნდა ვივარაუდოთ. ჩამოთვლილი სიმპტომები პირველი და მეორე ხარისხის ბუასილის დროს შეინიშნება. მეორე ხარისხის ბუასილის დროს შესაძლოა ქაღალდზე სისხლიანი გამონადენიც შევნიშნოთ.
როდესაც ყველა ეს სიმპტომი უკვე შეინიშნება, არ უნდა ველოდოთ პრობლემის უფრო მეტად გაღრმავებას, - დროულად უნდა მივმართოთ ექიმს. ექიმთან დროულად მისვლა მკურნალობას 50%-ით აადვილებს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრი ექიმთან მისვლას დაავადების "უხერხული" ბუნების გამო აყოვნებს. განსაკუთრებით უჭირთ მანდილოსნებს. ქალებს საკმაოდ ხშირად უჩნდებათ ან უღიზიანდებათ ბუასილი ორსულობის, მშობიარობის დროს. ორსულობის შემდგომი ბუასილიც არსებობს. ბევრი, ოღონდ კი პროქტოლოგთან მისვლას აარიდოს თავი, მიდის თერაპევტთან, გასტროენტეროლოგთან... კიდევ ერთხელ გავიმეორებ: როდესაც ბუასილის სიმპომები გაწუხებთ, უნდა მიბრძანდეთ პროქტოლოგთან. თუ მსხვილ და სწორ ნაწლავს მოუვლით, მთელ ცხოვრებას კომფორტულად გაატარებთ; თუ არ მოუვლით, ძალიან გაწვალდებით. განაგრძეთ კითხვა