როგორ ვიმოგზაუროთ უვიზოდ
90-დღიან პერიოდში შესაძლებელია მრავალჯერადი შესვლა ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე, მაგრამ საჭიროა, დარწმუნდეთ, რომ თქვენი ვიზიტის ხანგრძლივობა არ აღემატება ჯამში 90 დღეს უკანასკნელი 180 დღის განმავლობაში. რეკომენდებულია, ისარგებლოთ შენგენის ზონაში ყოფნის დასაშვები პერიოდის სპეციალური გამომთვლელით: http://www.bit.ly/1RpK3iq
უვიზო მიმოსვლის პირობებით გათვალისწინებული 90 დღის განმავლობაში მოკლევადიანი ვიზიტის მიზანი შესაძლებელია იყოს სხვადასხვა:
- ტურიზმი;
- ოჯახის წევრების/ნათესავების/ახლობლების მონახულება;
- საქმიანი შეხვედრების, მოლაპარაკებების გამართვა;
- საერთაშორისო სემინარებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა თუ გამოფენებში მონაწილეობა;
- მოკლევადიან სასწავლო კურსებსა და ტრენინგებში, გაცვლით სასწავლო/სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობა;
- კულტურულ, სამეცნიერო და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა;
- სამედიცინო სერვისებით სარგებლობა - მოკლევადიანი სამკურნალო კურსი/ოპერაცია.
რა საბუთებია საჭირო უვიზოდ მგზავრობისათვის:
მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა საქართველოში დაბრუნების დღისთვის არ უნდა იყოს 6 თვეზე ნაკლები.
რა მოგეთხოვებათ ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისას სასაზღვრო კონტროლის დროს:
star ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისას სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელი შეიძლება დაინტერესდეს, თუ რა არის თქვენი მგზავრობის კონკრეტული მიზანი (მაგ.: საქმიანი ვიზიტი, ტურიზმი, მეგობრების ან ნათესავების მონახულება, სასწავლო კურსი 90 დღემდე ვადით).
მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს უფლება აქვს, მოითხოვოს შემდეგი საბუთები:
საქართველოში უკან დასაბრუნებელი ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი, სამოგზაურო დაზღვევა, მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ.: ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები).
ბროშურის PDF ვარიანტი შეგიძლიათ გადმოწეროთ აქ: აუცილებელი ინფორმაცია ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის შესახებ!
წყარო: psh.gov.ge