როგორ განვაახლოთ ჯინსის ქურთუკი სახლის პირობებში
ბოლერო
კლასიკური ჯინსის ქურთუკისგან შეგიძლიათ შექმნათ მოდური ბოლერო უმკლავო, ესპანურ სტილში. თქვენი ჯინსის ქურთუკი გახდება უფრო მოდური სამოსი, რომელიც ხაზს გაუსვამს თქვენს ფიგურას შორტთან თუ ქვედაბოლოსთან კომბინაციაში. პირველ რიგში, ქურთუკს ვაჭრით ქვედა ზოლს, ის დაგვჭირდება ბოლეროს დასასრულებლად. შემდეგ სანტიმეტრის საშუალებით ვზომავთ და ვინიშნავთ სიგრძეს (სასურველია იყოს მკერდის დაბლა.) ჩანიშნულ ადგილზე, სახაზავისა და ცარცის გამოყენებით ვავლებთ ჰორიზონტალურ ხაზს, რათა ორივე მხრიდან უფრო გაგვიადვილდეს ზედმეტი ნაჭრის სიზუსტით მოჭრა. ამ ცვლილების შემდეგ, თქვენ თამამად შეძლებთ ატაროთ ბოლერო, მაგრამ თუ სახლში საკერავი მანქანა მოგეპოვებათ, შეგიძლიათ მოჭრილი ქვედა ზოლი მიაკეროთ სურვილისამებრ.
ჟილეტი
ჯინსის ჟილეტი ბოლო რამდენიმე სეზონის განმავლობაში ერთ-ერთი მოდური და უნივერსალური სამოსია. იგი უხდება, როგორც კაბას, ასევე შორტსა და შარვალს.
თქვენი ძველი ჯინსის ქურთუკი, მხოლოდ მაკრატლის დახმარებით შეგიძლიათ გადააქციოთ მოდურ და კომფორტულ ჟილეტად. ეს არ გაგიჭირდებათ თუ ქურთუკის იდაყვები გაცვეთილია.
ქურთუკისთვის ახალი სიცოცხლისუნარიანობის მისაცემად, საკმარისია მოაჭრათ მკლავები. ამის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ დაამშვენოთ მიღებული ჟილეტი სხვადასხვა მასალის გამოყენებით, მაგალითად: ღილები, მძივები და ა.შ.
თიკო ღაჭავა