როგორ ჩავტიოთ პატარა ზომის ჩანთაში ყველაფერი, რაც გვჭირდება? - rogor.ge

როგორ ჩავტიოთ პატარა ზომის ჩანთაში ყველაფერი, რაც გვჭირდება?

არჩევანი გააკეთეთ რამდენიმე განყოფილებიან ჩანთაზე

მცირე ზომის ჩანთაც შეიძლება იყოს ტევადი, როცა სწორი მასალით არის წარმოებული და თუნდაც ორი გამოყოფილი განყოფილება აქვს.

მთავარ განყოფილებაში ჩავაწყობთ ყველაზე დიდი ზომის ნივთებს - საფულე, სათვალე, ხელსახოცი, გასაღების საკიდი, ყურსასმენი და სხვა, ხოლო მცირე ზომის განყოფილებაში - კოსმეტიკური საშუალებები (რომლის სწორად შერჩევის ხრიკებსაც ასევე გიამბობთ).

როცა ყველაზე პატარა ნივთებისთვის ცალკე განყოფილება გაქვთ გამოყენებული, მათ უფრო მარტივად იპოვით და თავსაც უფრო ორგანიზებულად და მოწესრიგებულად იგრძნობთ.

ჩანთით სატარებლად შეიძინეთ სამოგზაურო ზომის კოსმეტიკური საშუალებები

სრული ზომის კოსმეტიკური საშუალებები ისე შეგივსებთ ჩანთას, რომ სხვა საჭირო ნივთებისთვის ადგილი აღარ დაგრჩებათ, მაშინ, როცა თითქმის ყველა ავტორიტეტული კომპანია აწარმოებს სამოგზაურო ზომის კოსმეტიკურ და ჰიგიენურ საშუალებებს.

მაგალითისთვის 50 მლ ხელის სადეზინფექციო საშუალება, 30-40 მლ ხელის კრემი, 1 გრ ჩვეულებრივი და მცირე ზომის ჰიგიენური ტუჩსაცხები, მაქსიმუმ 7-10 მლ სუნამო, მცირე ზომის წარბის ჯაგრისი, მცირე ზომის თმის აქსესუარები (თუ გრძელი თმა გაქვთ, შეგიძლიათ, დიდი აქსესუარი ჩანთის ჯაჭვზე დაამაგროთ) შეგიძლიათ, პატარა განყოფილებაში მოათავსოთ.

აქვე გირჩევთ, შეიძინოთ ჯიბის სარკე-სავარცხელი, რომელიც უფრო მცირე ადგილს დაიკავებს, ვიდრე სარკე და სავარცხელი ცალ-ცალკე.

საფულის ნაცვლად გამოიყენეთ ბარათების ჩასაწყობი ელვიანი განყოფილებით

როგორც წესი, სტანდარტული საფულე ჩანთაში დიდ ადგილს იკავებს, თუმცა ბარათების ჩასაწყობი, რომელსაც მონეტებისთვის ელვიანი განყოფილებაც ახლავს, უფრო პრაქტიკული და კომპაქტურია.

სათვალისთვის ნაჭრის ჩასადები გამოიყენეთ

მართალია, მყარი ჩასადები სათვალეს უკეთ იცავს, თუმცა ნაჭრის სქელ ჩასადებშიც მცირეა შანსი, ნივთი დაგვიზიანდეს. თუ მცირე ზომის ჩანთის მოყვარულები ვართ, ნაჭრის ჩასადები უფრო გამოგვადგება და დიდ ადგილს არ წაგვართმევს.

ატარეთ მხოლოდ დამტენის სადენი

ეს რჩევა გამოდგება მათთვის, ვინც ოფისში მუშაობს და შეუძლია, დღის განმავლობაში ტელეფონი ლეპტოპზე ჰქონდეს შეერთებული. ჩანთაში სადენი ადგილს თითქმის არ დაიკავებს, მის თავს კი უკვე სივრცე ესაჭიროება.

გასაღების აცმისთვის გამოიყენეთ მცირე ზომის საკიდი

გასაღების საკიდი შეიძლება გამოხატავდეს ჩვენს განწყობას, ჰობს, ინტერესს ან უბრალოდ ლამაზი ფიგურა იყოს, რომელიც მაღაზიაში მოგვეწონა. ნებისმიერ შემთხვევაში, საკიდის შერჩევისას რეკომენდებულია, ყურადღება მივაქციოთ მის ზომას. რაც უფრო პატარა იქნება ის, ნაკლებ ადგილს დაიკავებს ჩვენს ისედაც მცირე ზომის ჩანთაში.

დიდი ალბათობით, თქვენ უკვე დაგრჩათ ადგილი სხვა ნივთებისთვისაც და შეგიძლიათ ჩანთაში მოათავსოთ ყურსასმენი, საღეჭი რეზინი, ხელსახოცი, პატარა შოკოლადი, კალამი, შარფი და თუ მოინდომებთ, სხვა ისეთი რაღაცებიც, რის ჩატევაზეც აქამდე ვერც იფიქრებდით.

rogor-1665144042.ge3.jpg

მარიამ მენაბდიშვილი