როგორ და სად გავიცნოთ მამაკაცი - rogor.ge

როგორ და სად გავიცნოთ მამაკაცი

გაცნობისთვის ძალიან კარგი ადგილია - კაფე, რომელიც თქვენს სახლთან ან სამსახურთან ახლოს მდებარეობს. გაიხადეთ ჩვევად, თუნდაც კვირაში ორჯერ მიირთვათ იქ ყავა ან ჩაი. თუმცა რეკომენდებულია, კაფეტერიაში მარტომ იაროთ და არა ჯგროდ, დაქალებთან ერთად.

დაჯექით ხოლმე ერთი და იგივე მაგიდასთან, მიირთვით შეკვეთილი სასმელი, იკითხეთ ან აკეთეთ ჩანიშვნები უბის წიგნაკში. საქმე ისაა, რომ ყველა კაფესა თუ ბარს ჰყავს მუდმივი კლიენტები და ისინი სიამოვნებით შედიან ურთიერთობაში მათთან, ვინც ასევე რეგულარულად ჩნდება მათ ტერიტორიაზე.

რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვსაუბრობთ მათზე, ვინც ბარში რეგულარულად დადის დასალევად. დადეთ ფსონი მამაკაცზე, რომელიც, როგორც თქვენ, შერბის ყავის დასალევად ან წასახემსებლად.

თქვენი სახლი

გააანალიზეთ თქვენი მეზობლები. თქვენს სახლში აუცილებლად იცხოვრებს მარტოხელა მამაკაცი, თანაც თქვენთვის შესაფერის ასაკში. და თუ ეს ასეა, მაშინ რატომ არ უნდა გაიცნოთ ის უფრო ახლოს? გაუღიმეთ, მიესალმეთ, ჰკითხეთ რჩევა ან სთხოვეთ დახმარება.

ნუ მოგერიდებათ გონიერი ინიციატივის გამოხატვის. თუმცა აქ ერთი ნიუანსია: თუ თქვენ დარწმუნებული არ ხართ, რომ ეს მამაკაცი მზად არის დაახლოებისთვის, მაშინ არ ღირს ყველას თვალწინ მისი მოხიბვლა. ხომ არ გინდათ, ჭორის ობიექტი რომ გახდეთ?

ფიტნეს-კლუბი

ფიტნეს-კლუბი - შესანიშნავი ადგილია ნაცნობობისთვის. თუმცა აქ ორი ფაქტორია გასათვალისწინებელი. პირველი: თქვენი ფიზიკური ფორმა. თუ თქვენი სხეული ფორმაში არ არის, საეჭვოა, ამ დაწესებულებაში მამაკაცის ყურადღება მიიპყროთ. ის მამაკაცები, რომლებიც ფიტნესით რეგულარულად არიან დაკავებულები, აპრიორი კარგ სხეულზე აკეთებენ ორიენტირებას. ისინი თავად ძერწავენ საკუთარ სხეულს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პუტკუნებს ყურადღებას არ მიაქცევენ.

და მეორე ფაქტორი: მხოლოდ ფიტნეს-კლუბში სიარული და თვალების ჟუჟუნი არ გიშველით. უნდა მოძებნოთ მეთოდი, რაც სხვებისგან გამოგარჩევთ. ფიტნეს-კლუბში მამაკაცთან ურთიერთობის დაწყება შესაძლებელია, უბრალოდ, იმ კლუბზე საუბრით, სადაც ერთად დადიხართ ან კომპლიმენტით, რომელიც ხაზს გაუსვამს მამაკაცის ნავარჯიშებ სხეულს. ხშირად მამაკაცები თავად იჩენენ ინიციატივას მაშინვე, როგორც კი მიხვდებიან, რომ თქვენ კლუბში რეგულარულად დადიხართ და თან მარტო.

ინტერნეტი

უამრავი "ელექტრონული მაჭანკალი" სთავაზობს მომსახურებას მათ, ვინც გათხოვებაზე ოცნებობს და მათი კლიენტების უმრავლესობა 30 წელს გადაცილებული ქალია.

ურიგო არ იქნება, თუ ეწვევით გაცნობის საიტებსაც, მაგრამ იქიდან ფასიანს, კარგი რეპუტაციის მქონესა და მაქსიმალურად მისაღებს შეარჩევთ. იქ მართლაც იმაზე მეტი მამაკაცია, ვიდრე ქალი და ამ საიტისთვის გაწეული თქვენი ხარჯი, დიდი შანსია, დაგვირგვინდეს კარგი ქორწინებით. მაგრამ ნუ ფიქრობთ, რომ ასეთ საიტებზე იოლი იქნება "საკუთარი ბედის" პოვნა. ამისათვის ბევრი დროისა და ენერგიის დახარჯვა მოგიწევთ. მეტიც, ყოველი წარუმატებლობა შესაძლოა, რომ სერიოზული იმედგაცრუების მიზეზი გახდეს.

ძველი მეგობრები

ეს, რა თქმა უნდა, გაცნობის ადგილი არ არის, მაგრამ ძველი მეგობრებისგან ორნაირი სარგებელი შეიძლება რომ მიიღოთ. პირველ რიგში, მათ შეუძლიათ, რომ ვინმე გაგაცნონ. მეორეც, იცოდით, რომ ბავშვობის მეგობრებისგან ძალიან კარგი მეუღლეები გამოდიან? გაიხსენეთ, ვისთან გქონდათ თბილი და ურთიერთნდობაზე დამყარებული ურთიერთობა. და დაიწყეთ იმ მამაკაცების მოძებნა, რომლებიც ოდესღაც გულს გიჩქროლებდნენ.

დიახ, ვიცით, რომ უმეტესობა უკვე ცოლშვილიანია, მაგრამ შეუძლებელია, რომ მათ შორის მარტოხელაც არ ერიოს (ან უკვე განქორწინებული). დაპატიჟეთ ის სახლში. მამაკაცები, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, სენტიმენტალური ხალხია. მათ ძალიან ესიამოვნებათ ბავშვობის მეგობართან საუბარი, ძველი, უდარდელი დროის მასთან ერთად გახსენება. და თუ საუბარი გულითადი გამოვა, მაშინ გამორიცხული არ არის, რომ პირველ შეხვედრას გაგრძელება მოჰყვეს.

და საერთოდაც, ქმრის ძიება - ეს ერთგვარი სამუშაოა. ამის კეთება სისტემატურად არის საჭირო და არა, როცა დროს გამონახავთ. გადახედეთ თქვენს ცხოვრებას, შეცვალეთ საურთიერთო წრე, ხშირად გადით ხალხში. და რაც მთავარია, დარწმუნდით, რომ ნამდვილად გინდათ ოჯახის შექმნა და ნუ დაზოგავთ დროსა და ენერგიას საქმროს მოსაძებნად. ჰო, და კიდევ... შეიყვარეთ საკუთარი თავი და სხვებიც აუცილებლად შეგიყვარებენ.

წაიკითხეთ: როგორ გავთხოვდეთ 30 წლის შემდეგ