როგორ გავაკეთოთ განაცხადი იუსტიციის სახლის მომსახურების ადგილზე მისაღებად, სახლიდან გაუსვლელად? - rogor.ge

როგორ გავაკეთოთ განაცხადი იუსტიციის სახლის მომსახურების ადგილზე მისაღებად, სახლიდან გაუსვლელად?

რომელ ქალაქებში შემიძლია მოვითხოვო ადგილზე მომსახურება?

ადგილზე მომსახურება შეგიძლიათ მოითხოვოთ შემდეგ ქალაქებში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი და ხელვაჩაური

ვის შეუძლია იყოს განმცხადებელი ადგილზე მომსახურებაზე?

განცხადების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ სრულწლოვან, ქმედუნარიან პირს, ვისი იდენტიფიცირებაც შესაძლებელია ელექტრონული მონაცემთა ბაზის მეშვეობით.

რა ტექნიკური საშუალებებია საჭირო ონლაინ რეჟიმში განაცხადის გასაკეთებლად?

ონლაინ რეჟიმში განაცხადის გასაკეთებლად დაგჭირდებათ ვებკამერა, ყურსასმენი და მიკროფონი

რამდენია ადგილზე მომსახურების საფასური და როგორ შემიძლია მისი გადახდა?

ადგილზე მომსახურების საფასური შეადგენს 100 ლარს. საფასურის გადახდა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში ელექტრონული განცხადების შევსებისას პლასტიკური ბარათის მეშვეობით ან საქართველოში, ნებისმიერ ბანკში ნაღდი ანგარიშსწორებით.

ერთი განაცხადით რამდენ პირს შეუძლია ადგილზე მომსახურების მიღება?

ადგილზე მომსახურების საფასურის ფარგლებში სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ადგილზე მომსახურებას ახორციელებს ერთი დაინტერესებული პირის ან/და მისი არასრულწლოვანი შვილის/შვილების ან/და იმ ქმედუუნარო პირის მიმართ, რომლის კანონიერი წარმომადგენელიც არის დაინტერესებული პირი.

რამდენი სერვისი შემიძლია მოვითხოვო ერთი განაცხადით ერთი დაინტერესებული პირის მიმართ?

ერთი დაინტერესებული პირის მიმართ, ადგილზე მომსახურების ერთი განაცხადით მოთხოვნილი სერვისების რაოდენობა შეზღუდული არ არის.

როგორ უნდა მივხვდე განაცხადი დარეგისტრირდა თუ არა?

განაცხადის წარმატებით რეგისტრაციის შემთხვევაში განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მოგივათ შეტყობინება აღნიშნული მოქმედების წარმატებით შესრულების შესახებ, სადაც ასევე მითითებული იქნება თქვენი განაცხადის ნომერი და კოდი, რომლითაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ნახოთ თქვენი განცხადება და დაუკავშირდეთ ოპერატორს ვებკამერით.

რა ვადაში ხდება ადგილზე მომსახურება?

ადგილზე მომსახურება ხორციელდება სამუშაო საათებში განცხადებაში მითითებულ პერიოდში. განცხადების წარდგენასა და ადგილზე მომსახურების გაწევის ვადას შორის უნდა არსებობდეს გონივრული დროითი შუალედი.

რა შემთხვევაში შეიძლება მეთქვას უარი ონლაინ რეჟიმში ადგილზე მომსახურების მოთხოვნაზე განცხადების წარდგენაზე?

ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას, ასევე განმცხადებლის ვინაობასთან ან ადგილზე მომსახურების გაწევისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, შესაბამისი თანამდებობის პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ელექტრონული ფორმით განცხადების მიღებაზე.

წყარო: psh.gov.ge/