როგორ განვსაზღვროთ ალიმენტის ოდენობა - ალიმენტის გადახდისა და გადახდევინების წესი
ალიმენტის გადახდა ნებაყოფლობით
- ის პირი, რომელიც მოვალეა ალიმენტი იხადოს, ნებაყოფლობითი წესით იხდის მას პირადად შემოსავლის მიღების ადგილის მიხედვით.
- ალიმენტის ნებაყოფლობით გადახდის წესი არ გამორიცხავს ალიმენტის მიმღების უფლებას, ნებისმიერ დროს სარჩელით მიმართოს სასამართლოს ალიმენტის გადახდევინების შესახებ.
სამუშაოს მიმცემი ორგანიზაციის ადმინისტრაციის მოვალეობა ალიმენტის გადახდისას
- სამუშაოს მიმცემი ორგანიზაციის ადმინისტრაცია ალიმენტის გადამხდელს ხელფასიდან (პენსიიდან, დახმარებიდან და სხვ.) ყოველთვიურად უკავებს ალიმენტს წერილობითი განცხადების ან სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე და უხდის ან უგზავნის განცხადებაში ან სააღსრულებო ფურცელში მოხსენიებულ პირს არა უგვიანეს სამი დღისა ხელფასის (დახმარების, პენსიის და სხვ.) გაცემის დღიდან.
- იმ პირის წერილობითი განცხადება, რომელსაც სურს ალიმენტის ნებაყოფლობითი გადახდა, უნდა წარედგინოს სამუშაოს მიმცემი ორგანიზაციის ადმინისტრაციას განმცხადებლის სამუშაო ადგილის ან მის მიერ პენსიის ან დახმარების მიღების ადგილის მიხედვით.
ალიმენტის გადახდევინების მოთხოვნა
- იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან.
- ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.
ალიმენტის დავალიანების გადახდევინება
- სააღსრულებო ფურცლის მიხედვით ალიმენტის დავალიანების გადახდევინება წარსული დროისათვის შეიძლება არა უმეტეს სამი წლისა სააღსრულებო ფურცლის გადასახდელად წარდგენამდე.
- იმ შემთხვევაში, როდესაც მოვალის ძებნასთან დაკავშირებით ვერ მოხერხდა გადასახდელად წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის მიხედვით ალიმენტის დაკავება, ალიმენტის დავალიანებას ახდევინებენ მთელი გასული პერიოდისათვის, ხანდაზმულობის ვადის გასვლის ან/და ალიმენტის მიმღები პირის მიერ სრულწლოვანების მიღწევის მიუხედავად.
ალიმენტის დავალიანების განსაზღვრა
- ალიმენტის დავალიანება განისაზღვრება მოვალის მიერ იმ პერიოდში მიღებული ფაქტობრივი ხელფასიდან (შემოსავლიდან), რომლის განმავლობაშიც არ მომხდარა გადახდევინება.
- თუ მოვალე ამ პერიოდში არ მუშაობდა და მან არ წარმოადგინა თავისი ხელფასის (შემოსავლის) დამადასტურებელი დოკუმენტები, დავალიანება განისაზღვრება იმ ხელფასის (შემოსავლის) მიხედვით, რომელსაც იგი იღებდა დავალიანების გადახდევინების დროს.
ალიმენტის გადახდისგან გათავისუფლება
- ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლება ან ალიმენტის დავალიანების შემცირება შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.
- სასამართლოს უფლება აქვს ალიმენტის გადამხდელი მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს ალიმენტის დავალიანების გადახდისაგან, თუ დაადგენს, რომ ალიმენტის გადაუხდელობა გამოწვეული იყო ამ პირის ავადმყოფობით ან სხვა საპატიო მიზეზით.
საალიმენტო ვალდებულების შეწყვეტა მხარეთა შეთანხმებით წარმოშობილი საალიმენტო ვალდებულება შეიძლება შეწყდეს ერთ-ერთი მხარის გარდაცვალებით, შეთანხმების ვადის გასვლით ან ამ შეთანხმებაში გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით.
წყარო: myadvokat.ge