როგორ მოვუაროთ აკვარიუმს
პირველი ნაბიჯი: ძალიან მნიშვნელოვანია აკვარიუმისთვის ადგილის შერჩევა. ის არ შეიძლება დადოთ ფანჯრის რაფაზე, ან ფანჯარასთან ახლოს, ეს საზიანოა თევზებისთვის. შეიძლება ზაფხულში საჭიროზე მეტად გათბეს აკვარიუმი, ხოლო ზამთარში ძალიან გაცივდეს. ორივე შემთხვევაში თევზის მდგომარეობა სავალალო იქნება. თუ გსურთ, რომ ეს უსიამოვნება თავიდან აიცილოთ, აკვარიუმი დადგით კედელთან, მაგრამ არა გამათბობლის სიახოლოვეს, ან სითბოს რაიმე სხვა წყაროსთან. მოუძებნეთ თქვენს აკვარიუმს ნეიტრალური ადგილი. მაგალითად, კედელთან დადგით მაგიდა და ამ მაგიდაზე მოათავსეთ აკვარიუმი, ასევე შესაძლებელია დაამზადებინოთ ან იყიდოთ სპეციალური აკვარიუმის სადგამი.
მეორე ეტაპზე ვისაუბროთ აკვარიუმის ფორმებზე და მის ლიტრაჟზე (მოცულობაზე). ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრება არსებობს: ერთნი ამბობენ, რომ ჯობია დასაწყისისთვის მცირე ზომის მოცულობის (20-25 ლიტრი) აკვარიუმი შეიძინოთ, მეორენი კი ამტკიცებენ, რომ თავიდანვე 100 ლიტრამდე აკვარიუმში უნდა განათავსოთ თევზები. თუ ჩვენ რჩევას გაითვალისწინებთ, ყველაზე ოპტიმალურია, დასაწყისისთვის 40-45 ლიტრიანი აკვარიუმის შეიძნოთ. და კიდევ, რაც შეეხება მრგვალ აკვარიუმებს - ის, არც ისე კომფორტულია თევზებისთვის: ჯერ ერთი, რომ პატარაა და სიმაღლეშიც არ არის საკმარისი, მეორეც - ორ თევზზე მეტი მრგვალ აკვარიუმში დიდი ხნით ვერ ცოცხლობს, ამიტომაც ზედმეტი ფიქრის გარეშე, შეარჩიეთ ჩვეულებრივი, მართკუთხედი ფორმის აკვარიუმი.
მესამე ეტაპი: ცოტა რამ წყალზე და მის ტემპერატურაზე.სანამ აკვარიუმში წყალს ჩაასხამთ, აუცილებელია, რამდენიმე დღით გააჩეროთ ის. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური ავზი (იმის მიხედვით, რამდენ ლიტრიანი აკვარიუმი გაქვთ), არ დაგავიწყდეთ რომ, ეს ავზი უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ წყლისთვის განკუთვნილი, მისი გამოყენება სხვა სითხისთვის ყოვლად დაუშვებელია, თუნდაც შემდეგ კარგად იყოს გარეცხილი. ჩაასხით ავზში გაფილტრული წყალი (შეგიძლიათ ონკანისაც), დადეთ ავზი ბნელ ადგილას და ორი დღის შემდეგ ჩაასხით აკვარიუმში.
წყლის ტემპერატურა დამოკიდებულია თევზის სახეობაზე, რომლებმაც უნდა იცხოვრონ აკვარიუმში. ამ არსებების უმეტესობისთვის ტემპერატურის ცვალებადობა საზიანოა - ამან შეიძლება თევზი დაავადოს ან სულაც მოკლას.
ასე რომ, თუ თქვენ გადაწყვეტილი გაქვთ სახლში აკვარიუმის თევზების ყოლა, გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები, რომელიც მარტივი შესასრულებელია და თქვენი თევზებიც დაცულები იქნებიან.
წყარო: zooclub