როგორ აღმოვუჩინოთ პირველი სამედიცინო დახმარება ადამიანს, გონების დაკარგვის ან სხვა შემთხვევების დროს
გულის წასვლა
გულის წასვლა ცნობიერების ხანმოკლე დაკარგვას ეწოდება. ის განპირობებულია ტვინში სისხლის მიმოქცევის ხანმოკლე დარღვევით. პულსი იშვიათდება, კანი ცივი და ოფლიანია. გულის წასვლის მიზეზი შეიძლება იყოს ტკივილი, შიში, გადაძაბვა, დაღლილობა, შიმშილი და სხვა. გულის წასვლის შემდეგ ადამიანის მდგომარეობა სწრაფად აღდგება.
პირველადი დახმარება
დაზარალებული უნდა მოთავსდეს ზურგზე, ფეხები კი მაღლა ჰქონდეს აწეული; პირველ რიგში, მიეწოდოს სუფთა ჰაერი;გონზე მოსვლის შემდეგ ადამიანი ნელ-ნელა უნდა წამოჯდეს; თუ გონზე მოსვლის შემდეგაც დაზარალებული თავს ცუდად გრძნობს, ზურგზე უნდა წამოწვეს და ფეხები ასწიოს, სანამ მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება.
გულის შეტევა
გულის შეტევა (სტენოკარდია) განპირობებულია გულის კუნთის გარკვეულ ნაწილში სისხლის მომარაგების შემცირებით. ეს შეიძლება განპირობებული იყოს გულის მკვებავი სისხლძარღვის დახშობით ან შევიწროებით. გულის შეტევის დროს დაზარალებულის მდგომარეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ზომის უბანში მოხდა სისხლის მიმოქცევის შეფერხება. არსებობს გულის გაჩერების საშიშროებაც.
კლინიკური სურათი
გულის არეში, განსაკუთრებით, მკერდის ძვლის უკან, აღინიშნება უეცრად განვითარებული ძლიერი, აუტანელი ტკივილი და მოჭერის შეგრძნება. ადამიანი ადგილზე შეშდება. ტკივილი შეიძლება გადაეცეს უმეტესად მარცხენა ბეჭს, მარცხენა მხარს, წინა მხარს, სხივის ძვლის გასწვრივ და განსაკუთრებით, ნეკა თითს, კისერს, ქვედა ყბასა და კეფის გასწვრივ. ზოგჯერ ტკივილი მოიცავს მთელ გულ-მკერდს ისე, რომ ადამიანს სუნთქვა ეკვრის, ჰაერი არ ჰყოფნის. ზოგჯერ ტკივილი აღმოცენდება კუჭის არეშიც, გულის კოვზთან, რასაც შეიძლება თან ერთვოდეს გულისრევის შეგრძნება. ტკივილი ჩერდება მოსვენებულ მდგომარეობაში, თუმცა ის შეიძლება მაშინაც აღმოცენდეს.
პირველადი დახმარება
გულის შეტევის დროს აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (კარდიოლოგიური ბრიგადის) გამოძახება. მანამდე კი აუცილებელია გულზე დატვირთვის შემცირება. სასურველია, არ შეიცვალოს ავადმყოფის ადგილმდებარეობა, ის მოხერხებულად უნდა იწვეს. ნახევრად მჯდომარე მდგომარეობა, ფიქსირებული თავითა და მხრებით, მუხლის სახსარში მოხრილი ფეხებით, საუკეთესო პოზაა გულის შეტევის დროს.ავადმყოფი უნდა იყოს ფიზიკურად და ფსიქიკურად აბსოლუტურად მოსვენებულ მდგომარეობაში, უნდა მიიღოს ნიტროგლიცერინის აბი ენის ქვეშ. თუ ტკივილის შეტევა განახლდა, ნიტროგლიცერინი კვლავ მიიღოს 10-15 წუთის შემდეგ. გარდა ამისა, სასურველია ვალიდოლის ტაბლეტის ჩადება ენის ქვეშ ან მენთოლის 5%-იანი ხსნარის 4-5 წვეთით დასველებული შაქრის მოწუწნა.
ბრონქული ასთმა
ბრონქული ასთმა სასუნთქი გზების შევიწროებით მიმდინარე დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სუნთქვის გაძნელება და უკმარისობა. დაავადებას სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე შეტევები ახასიათებს. შეტევა უფრო ხშირად ვითარდება ღამით, გარკვეული ხელშემწყობი ფაქტორების გავლენით (ალერგიული აგენტები და სხვ.)
კლინიკური სურათი
ბრონქული ასთმისთვის დამახასიათებელია: სუნთქვის გაძნელება, განსაკუთრებით, ამოსუნთქვისას; მსტვინავი, ხმაურიანი ამოსუნთქვა; აგზნებადობა და შფოთვა; მოლურჯო ფერის კანი - ციანოზი; მშრალი და შემაწუხებელი ხველა; მძიმე შეტევის დროს შეიძლება განვითარდეს უგონო მდგომარეობა და სუნთქვის გაჩერებაც.
პირველადი დახმარება
ავადმყოფი მაქსიმალურად უნდა დაამშვიდოთ და მოხერხებულ პოზაში მოათავსოთ. ასთმის შეტევის დროს ეს ნახევრად მჯდომარე მდგომარეობაა, წინ წამოწეული ტორსით; ისუნთქოს ნელა და ღრმად. თუ ასთმის შეტევამსუბუქია, მდგომარეობა გაუმჯობესდება ინჰალატორის ხმარებიდან 5-10 წუთში. შეიძლება მეორე დოზა ინჰალატორის მიღება. თუ შეტევა გაივლის, აღარ არის საჭირო სასწრაფო დახმარების გამოძახება.
გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის გამოძახება აუცილებელია, თუ: შეტევა მძიმეა და არ მსუბუქდება ინჰალატორის გამოყენებიდან 5-10 წუთში, მდგომარეობა თანდათან მძიმდება, სუნთქვის უკმარისობას თან ახლავს მეტყველების გაძნელება. ექიმის მოსვლამდე პაციენტს უნდა მიეცეს ინჰალატორი 5-10 წუთის ინტერვალით.