მოამზადეთ ვახშამი ასე: 5 გზა, რომ ის მაქსიმალურად სასარგებლო გახადოთ - rogor.ge

მოამზადეთ ვახშამი ასე: 5 გზა, რომ ის მაქსიმალურად სასარგებლო გახადოთ

დაამატეთ ფოთლოვანი მწვანილი

სალათები არ არის ფოთლოვანი მწვანილის მიღების ერთადერთი გზა. თუნდაც ერთი პეშვი მწვანილის დამატება ისეთ კერძებში, როგორიცაა პასტა, პიცა, ტაკო ან მარცვლეულის ფაფები, მნიშვნელოვნად ზრდის ვახშმის კვებით ღირებულებას. ნებისმიერ ფოთლოვან მწვანილს აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. ისპანახი, რუკოლა და კეილი მდიდარია ანტიოქსიდანტებით (ვიტამინი C, ბეტა-კაროტინი), რომლებიც ეხმარება ორგანიზმს ოქსიდაციურ სტრესთან ბრძოლაში. ისინი ასევე ამარაგებენ ორგანიზმს მაგნიუმითა და უჯრედისით.

გამოიყენეთ სასარგებლო დანამატები

თხილეული ან ხილი მარტივი გზაა კერძის გემოსა და ტექსტურის გასაუმჯობესებლად. მაგალითად, ნიგოზი და ნუში პირდაპირ კავშირშია ანთების დონის შემცირებასთან. მოაყარეთ ისინი სალათას, ბრინჯს ან კინოას. კენკრა, სალათაში თუ დესერტის სახით, შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ებრძვიან ანთებას. უჯრედისი კი ეხმარება სისხლში შაქრის დონის დარეგულირებასა და ნაწლავების ჯანმრთელობას.

აირჩიეთ უჯერი ცხიმები

ნაჯერი ცხიმების ჩანაცვლებამ უჯერი ცხიმებით (ზეითუნის ზეთი, ავოკადო, თესლები) შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს საკვების ანთების საწინააღმდეგო პროფილი და შეამციროს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი. სცადეთ კერძების მომზადება ზეითუნის ან ავოკადოს ზეთით კარაქის ნაცვლად. ასევე კარგი გზაა წითელი ხორცის ნაცვლად თევზის არჩევა.

დაამატეთ გემო ბალახებითა და სუნელებით

ერთ-ერთი მარტივი გზა მარილის მოხმარების შესამცირებლად, გემოს შენარჩუნებით, ბალახებისა და სანელებლების გამოყენებაა. კურკუმა, კოჭა (იმბირი), ნიორი და როზმარინი აძლიერებს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას და ბუნებრივად აუმჯობესებს კერძის არომატს.

გამოიყენეთ „თეფშის მეთოდი“

თეფშის მარტივი სტრუქტურა ასეთია: თეფშის ნახევარი შეავსეთ ბოსტნეულით, მეოთხედი - მჭლე ცილით (ხორცი, ლობიო, ოსპი, თევზი) და დარჩენილი მეოთხედი - ნახშირწყლებით. უმჯობესია ვახშამზე მინიმუმ ორი სხვადასხვა სახის ბოსტნეული მიირთვათ და დაამატოთ მცენარეული ცილა დამატებითი პოლიფენოლების მისაღებად.