ფიცი, რომელიც სიკვდილზე ძლიერი აღმოჩნდა: თინა იოსებიძის უკვდავი ამბავი
ის სულ რაღაც 20 წლის იყო!
1941 წელს, თინათინ იოსებიძე მშობლიური სოფელ თორტიზიდან თბილისში საკუთარ ძმასთან, ლავრენტისთან ერთად ჩამოვიდა. ოცნებებით სავსე, მან სამედიცინო დების კურსები დაამთავრა და მოხალისედ წავიდა ფრონტზე, თავის ძმასთან ერთად.

თინა შავი ზღვის სანაპირო ზოლში დაიჭრა, მაგრამ განკურნებისთანავე კვლავ ფრონტზე დაბრუნდა. ყუბანში კი, სასწაულებრივად, საკუთარი ძმის ასეულში მოხვდა. თითქოს ღმერთმა ისინი ერთმანეთს შეახვედრა, რათა უკანასკნელად ენახათ ერთმანეთი.
ბრძოლის ველზე, მტრის ტყვიამ ლავრენტი იმსხვერპლა. მან საკუთარი დის ხელებში დალია სული...
სწორედ იმ წამს, ძმის ცხედართან, თინამ ფიცი დადო, რომ გაჩნდებოდა იქ, სადაც ყველაზე მეტად გაჭირდებოდა. სადაც ყველაზე დიდი ცეცხლი იქნებოდა და გადაარჩენდა ყველას, ვისაც მისი დახმარება დასჭირდებოდა.
თინა იოსებიძეს არაფრის ეშინოდა. ოთხჯერ დაიჭრა, მაგრამ ყოველი განკურნების შემდეგ ისევ ბრძოლის ველზე ბრუნდებოდა.
1945 წლის 24 აპრილი, გამარჯვებამდე სულ რამდენიმე დღე რჩებოდა. ჰოჰენცოლერის არხის გადალახვისას მსროლელთა პოლკი მოულოდნელ თავდასხმაში მოჰყვა. ცეცხლისა და კვამლის ალში თინა დაჭრილებს ნავში სვამდა და სამშვიდობოს ისტუმრებდა.

როცა გერმანული დესანტი დაჭრილების ტყვედ აყვანას ცდილობდა, თინამ ტყვეობას სიკვდილი არჩია. გახსნილი ხელყუმბარით ხელში ის ცივ წყალში გადახტა. მან ფიცი შეასრულა. გადაარჩინა სხვები, საკუთარი თავი კი სამარადისო დიდებას მიაბარა.
ეს იყო თინა იოსებიძე. და ის 24 წლის იყო...
დღეს, როცა იოსებიძის ქუჩაზე გაივლით, გაიხსენეთ ეს პატარა გოგო თორტიზიდან, რომელმაც დაამტკიცა, რომ სიყვარული და ერთგულება სიკვდილზე ძლიერია.
მისი გმირობა არასოდეს მიეცეს დავიწყებას.