არსებობენ თუ არა ტექნიკოსები და ჰუმანიტარები სინამდვილეში? - rogor.ge

არსებობენ თუ არა ტექნიკოსები და ჰუმანიტარები სინამდვილეში?

საიდან გაჩნდა დაყოფა ტექნიკოსებად და ჰუმანიტარებად?

ადამიანების აზროვნების ტიპების მიხედვით დაყოფის იდეა ჯერ კიდევ XIX საუკუნეში გაჩნდა. მაგალითად, ფრენოლოგია (რომელიც დღეს ფსევდომეცნიერებადაა მიჩნეული) ამტკიცებდა, რომ ნიჭი დამოკიდებულია თავის ქალაზე არსებულ ამობურცულობებზე. დღეს ეს აბსურდულად ჟღერს, მაგრამ საზოგადოებას მაშინაც სწყუროდა მარტივი ახსნა, თუ რატომ ბრწყინავდნენ ერთნი მათემატიკაში, სხვები კი ლიტერატურაში.

ნამდვილი ბუმი კი 1960-იან წლებში მოხდა ერთი მეცნიერული შეცდომის გამო, რომელიც კულტურულ მემად იქცა. ნეირობიოლოგი როჯერ სპერი იკვლევდა ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებს, რომლებსაც შეტევების შესამცირებლად ტვინის ნახევარსფეროების დამაკავშირებელი ნერვული ბოჭკოები გადაუჭრეს. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ამ პაციენტების მარცხენა ნახევარსფერო უკეთ ართმევდა თავს მეტყველებასა და ლოგიკას, ხოლო მარჯვენა - სახეების ამოცნობასა და ემოციებს.

ეს დაკვირვებები გახდა მითის საფუძველი „მარცხენანახევარსფეროიან“ ტექნიკოსებსა და „მარჯვენანახევარსფეროიან“ ჰუმანიტარებზე. პრობლემა ისაა, რომ სპერის არასდროს უთქვამს, თითქოს ნახევარსფეროები იზოლირებულად მუშაობენ. მისი კვლევა მხოლოდ სპეციფიკურ პაციენტებს ეხებოდა და არა ჯანმრთელ ადამიანებს. მიუხედავად ამისა, მითი დამკვიდრდა, როგორც მოსახერხებელი თავის მართლება მათთვის, ვისაც „არ შეუძლია“ განტოლების ამოხსნა ან ესეს დაწერა.

როგორ მუშაობს ტვინის ნახევარსფეროები სინამდვილეში?

თანამედროვე ნეირობიოლოგია უარყოფს „ლოგიკური“ და „შემოქმედებითი“ ნახევარსფეროების იდეას. დიახ, მათ აქვთ თავისი „სპეციალიზაცია“, მაგრამ ისინი არასდროს თამაშობენ მარტო. მაგალითად, როცა წიგნს კითხულობთ, ორივე ნახევარსფერო სინქრონულად მუშაობს: მარცხენა ასოებს სიტყვებად შიფრავს, მარჯვენა კი გეხმარებათ იგრძნოთ ტექსტის ირონია ან სევდა.

2013 წელს ნეირობიოლოგებმა მასშტაბური ექსპერიმენტი ჩაატარეს: MRI-ს საშუალებით შეისწავლეს 1000 ადამიანის ტვინის აქტივობა მათემატიკური და შემოქმედებითი ამოცანების გადაჭრისას. აღმოჩნდა, რომ ფორმულებიც, მეტაფორებიც და ისეთი მარტივი კითხვაც კი, როგორიცაა „რა მოვამზადო ვახშამზე?“, ერთდროულად ააქტიურებს ათობით ზონას ორივე ნახევარსფეროში.

რაზეა დამოკიდებული ჩვენი მიდრეკილებები?

თუ ნახევარსფეროები არაფერ შუაშია, მაშინ რატომ ეადვილებათ ზოგს ფიზიკა, ზოგს კი ენები?

აქ რამდენიმე ფაქტორი თამაშობს როლს:

1. გარემო და სტერეოტიპები

ბავშვის ტვინი ბაღს ჰგავს - რა გაიზრდება მასში, დამოკიდებულია არა მხოლოდ თესლზე, არამედ ნიადაგზე, კლიმატსა და მებაღეზე. მაგალითად, გოგონები უკვე 6 წლის ასაკში ითვისებენ სტერეოტიპს, რომ „მათემატიკა ბიჭებისთვისაა“, რაც გავლენას ახდენს მათ თავდაჯერებულობაზე.

ხშირად მშობლები და მასწავლებლები თავად ამყარებენ ამ ბარიერებს. როდესაც ბავშვს მუდმივად ეუბნებიან: „შენ ჰუმანიტარი ხარ“, ის წყვეტს მცდელობას. მისი ტვინი, ნაცვლად იმისა, რომ ახალი ნეირონული კავშირები დაამყაროს, იწყებს „უხერხული“ ამოცანებისთვის თავის არიდებას. სინამდვილეში კი, წარმატებულ მათემატიკოსებს ხშირად განვითარებული ფანტაზია აქვთ, ხოლო შემოქმედებით პიროვნებებს — ანალიტიკური აზროვნება. მაგალითად, ლუის კეროლი ოქსფორდში მათემატიკას ასწავლიდა, ხოლო ჰოლივუდის მსახიობმა ჰედი ლამარმა Wi-Fi ტექნოლოგიის საფუძველი გამოიგონა.

2. გენები

გენეტიკა გარკვეულ როლს თამაშობს, მაგრამ არა ისე, როგორც გვგონია. არსებობს გენები, რომლებიც გავლენას ახდენენ ტვინის იმ უბნებზე, რომლებიც ციფრებთან მუშაობენ. თუმცა, ეს მხოლოდ ბაზისური მოცემულობაა. ტვინს შეუძლია მარტივად აანაზღაუროს ეს განსხვავებები სწავლისა და პრაქტიკის საშუალებით.

შეუძლია „ჰუმანიტარს“ გახდეს „ტექნიკოსი“?

კარგი ამბავი ისაა, რომ ტვინი ქვა კი არა, „პლასტილინია“. ნეიროპლასტიკურობა საშუალებას აძლევს მას გადაეწყოს ზრდასრულ ასაკშიც. თუ 20 წელი თავს ჰუმანიტარად თვლიდით, ეს განაჩენი არ არის. ტვინის გადაწყობა შესაძლებელია — ამას მხოლოდ რეგულარული ვარჯიში სჭირდება.

შეცდომები ტვინის მტერი კი არა, მოკავშირეა. როდესაც შეცდომას ვუშვებთ, ტვინი აქტიურდება მის გამოსასწორებლად, რაც ახალი ნეირონული გზების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

ჩვენი ტვინი სამყაროს ფორმულებად და მეტაფორებად არ ყოფს - ის შექმნილია ორივეს ასათვისებლად. თუ გგონიათ, რომ მათემატიკა ან შემოქმედება არ შეგიძლიათ, სავარაუდოდ, ამაში ბრალი არა გენებს, არამედ სწავლების მეთოდებს ან სტერეოტიპებს მიუძღვით.

თქვენ არ ხართ ვალდებული, შეესაბამებოდეთ იარლიყებს. მაშინაც კი, თუ დღეს განტოლებებში მხოლოდ ქაოსს ხედავთ, ხვალ ყველაფერი შეიძლება შეცვალოს ერთმა კარგმა მასწავლებელმა, საინტერესო კურსმა ან თქვენმა საკუთარმა ცნობისმოყვარეობამ.

myquiz