იცით, როგორ ჩნდებიან „პეპლები მუცელში“, როცა გვიყვარდება?
საქმე ჰორმონებშია
ძლიერი ემოციური აღგზნების მომენტში, მაგალითად შეყვარებულობისას, ჩვენი ტვინი ჰორმონალური და ნეიროქიმიური რეაქციების მთელ კასკადს რთავს. ერთ-ერთი პირველი ამ პროცესში დოფამინი ერთვება, ე.წ. „სიამოვნების ჰორმონი“. ის პასუხისმგებელია სიხარულის, მოტივაციისა და ემოციური აღმავლობის შეგრძნებაზე. როდესაც ვხედავთ ადამიანს, რომელიც მოგვწონს, დოფამინის დონე მკვეთრად იმატებს და ტვინი ამას აღიქვამს როგორც ჯილდოს. შედეგად ჩნდება ეიფორიული მდგომარეობა, რომელიც მსუბუქ სიმთვრალეს ჰგავს, სწორედ აქედან მოდის „ფრთების შესხმის“ შეგრძნება.
პრაქტიკულად იმავდროულად ერთვება ნორადრენალინი - ჰორმონი და ნეირომედიატორი, რომელიც სტრესულ რეაქციებში მონაწილეობს. ის აძლიერებს გულისცემას, ზრდის ყურადღების კონცენტრაციას და ორგანიზმი მომზადების მდგომარეობაში მოჰყავს. აქტიურდება უძველესი ბიოლოგიური მექანიზმი „ებრძოლე ან გაიქეცი“, რომელიც მაშინ ირთვება, როცა ტვინი გრძნობს, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ხდება. თუმცა სიმპათიის ობიექტთან შეხვედრა სასიხარულო მოვლენაა, ორგანიზმისთვის ეს მაინც სტრესია. აი, რატომ შეიძლება შეყვარებულობა ერთდროულად აღფრთოვანებადაც და შფოთვადაც იგრძნობოდეს.
„მეორე ტვინი“ ჩვენს მუცელში
მხოლოდ ჰორმონებით ყველაფერი არ სრულდება. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ე.წ. „ნაწლავი-ტვინის“ ღერძი - ორმხრივი კავშირი საჭმლის მომნელებელ ტრაქტსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემას შორის. ჩვენს ნაწლავებს საკუთარი ავტონომიური ნერვული სისტემა აქვს - ენტერალური. მას ხშირად „მეორე ტვინსაც“ უწოდებენ. მასში დაახლოებით 100 მილიონი ნეირონია, რაც ზურგის ტვინის ნერვული უჯრედების რაოდენობას უტოლდება.
როდესაც ძლიერ ემოციებს განვიცდით, სიგნალები თავის ტვინიდან მყისიერად გადაეცემა მუცლის არეს. სისხლძარღვები კუჭისა და ნაწლავების გარშემო ვიწროვდება, კედლების კუნთები იკუმშება, საჭმლის მომნელებელი ორგანოებისკენ სისხლის მიწოდება კი მცირდება. შედეგად, კუჭი იწყებს შეკუმშვას და გაფართოებას უჩვეულო რიტმში - სწორედ ეს ქმნის შეგრძნებას, თითქოს მუცელში პეპლები დაფრინავენ.
რამდენად ნორმალურია „პეპლების“ შეგრძნება?
არსებობს მოსაზრება, რომ თუ ნამდვილად „შენს“ ადამიანს შეხვდები, არანაირი პეპლები არ უნდა იყოს - ჭეშმარიტ სიყვარულს მხოლოდ სიმშვიდე და კომფორტი მოაქვს. არსებობს საპირისპირო შეხედულებაც: ეს თრთოლა ძლიერი ემოციური კავშირის, ნამდვილი ვნებისა და ღრმა შეყვარებულობის ნიშანია. სინამდვილეში ჭეშმარიტება, როგორც ხშირად ხდება, სადღაც შუაშია.
„პეპლები მუცელში“ - ეს, პირველ რიგში, სხეულის რეაქციაა აღგზნებაზე, სიახლესა და განუსაზღვრელობაზე. ურთიერთობის ადრეულ ეტაპებზე ორგანიზმში დროებითი ჰორმონალური ცვლილებები ხდება: იმატებს კორტიზოლის (სტრესის ჰორმონი) დონე, ქალებში კი შეინიშნება ტესტოსტერონის მატებაც. ამ ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს ეიფორია და შინაგანი ჟრუანტელი. თუმცა 12–24 თვის შემდეგ ჰორმონალური ფონი, როგორც წესი, ჩვეულ მდგომარეობას უბრუნდება.
ნამდვილი სიყვარული დროთა განმავლობაში ყალიბდება ზრუნვის, პატივისცემის, ემოციური სიახლოვისა და ორმხრივი მხარდაჭერის მეშვეობით. თუ ვინმესთან შეხვედრისას „პეპლებს“ გრძნობთ, ეს რა თქმა უნდა სასიამოვნოა, მაგრამ მნიშვნელოვანია, ის არ აგერიოთ სიღრმისეულ მიჯაჭვულობაში. ეს შეიძლება იყოს რაიმე მნიშვნელოვნის დასაწყისი, ან უბრალოდ სიმპათიის ან ვნების ხანმოკლე აფეთქება.
ასე რომ, „პეპლები მუცელში“ მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალ სიგნალს შორის, რომელსაც სხეული ემოციების საპასუხოდ გვაძლევს. იმისათვის, რომ გაიგოთ, რა დგას ამ შეგრძნებების მიღმა, მნიშვნელოვანია საკუთარ თავს მოუსმინოთ და დააკვირდეთ ურთიერთობის განვითარებას.