როგორ მოვამზადოთ ყვავილოვანი კომბოსტოს საცივი - სამარხვო სუფრისთვის
ყვავილოვანი კომბოსტო დაანაწევრეთ მომცრო „თაიგულებად“ და ადუღებულ მარილწყალში 10 წუთით მოხარშეთ. მთავარია, ფორმა არ დაკარგოს და ზედმეტად არ ჩაიხარშოს.
ნიგოზი და ნიორი ერთად გაატარეთ. დაუმატეთ ყველა სუნელი – სწორედ მიხაკ-დარიჩინი აძლევს მას იმ განსაკუთრებულ, სადღესასწაულო არომატს. ნელ-ნელა დაასხით ანადუღარი ცივი წყალი და ურიეთ მანამ, სანამ თხელი არაჟნის კონსისტენციას არ მიიღებთ. ბოლოს ძმარიც არ დაგავიწყდეთ.
ტაფაზე ზეთში მოშუშეთ თხლად დაჭრილი ხახვი. როცა ის სასიამოვნო ოქროსფერს მიიღებს, დაამატეთ მოხარშული კომბოსტო და 5 წუთი ერთად შებრაწეთ, რომ გემოები გაუჯდეს.
შემწვარ მასას დაასხით მომზადებული ნიგვზიანი სოუსი. აცადეთ, რომ კარგად გაცივდეს – ცივად ეს კერძი გაცილებით გემრიელია!
