რატომ იკბინება კატა გამუდმებით და როგორ გადააჩვიოთ - rogor.ge

რატომ იკბინება კატა გამუდმებით და როგორ გადააჩვიოთ

ტკივილი ან დისკომფორტი

თუ კატა მაშინ გიკბენთ, როცა მას ეხებით, დიდი შანსია, რომ მას რაღაც სტკივა. ეს არც გაბრაზებაა და არც მავნებლობა - ეს ნიშანია, რომ ვეტერინართან ვიზიტია საჭირო. მცირე ტკივილმაც კი - კბილებში, ყურებში ან თათებში შეიძლება აგრესია გამოიწვიოს.

ყურადღება უნდა

მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ბევრჯერ მხოლოდ დასვენება გვინდა, კატა კი „შემოტევის რეჟიმს“ რთავს. ის უბრალოდ ცდილობს ყურადღება მიიქციოს. საუკეთესო გამოსავალია 5 წუთით თამაში. ამის შემდეგ ის მშვიდდება და კმაყოფილია.

პირადი საზღვრები

ყველა კატას არ უყვარს მუდმივი ჩახუტება და მოფერება. თუ მოფერებისას კბენას იწყებს, ეს ნიშნავს, რომ დროა შეწყვიტოთ. კატა არ არის პლუშის სათამაშო - მისი პირადი სივრცის პატივისცემა მნიშვნელოვნად ამცირებს ასეთ ქცევას.

შიში და სტრესი

ზოგიერთი კატა უცნობ გარემოსა და ხმაურზე კბენით რეაგირებს. ეს მათი შიშის გამოხატულებაა. ასეთ დროს ეხმარება სიმშვიდე, საყვარელი ლუკმა და ნაზად ურთიერთობა.

თამაში და ნადირობის ინსტინქტი

კატებს ხშირად ავიწყდებათ, რომ ჩვენი ხელები არ არის სათამაშო. თამაშისას კბენა მათ ბუნებრივ ინსტინქტებს ეყრდნობა. ამიტომ უკეთესია, ხელის ნაცვლად მისცეთ სათამაშოები - ბურთები, ჯოხები, მოძრავი სათამაშოები. ენერგიას უსაფრთხო გზით დაიხარჯავს.

და მთავარი - კატა არ დასაჯოთ

კატა არ არის მტერი, ის პატარა, დამოუკიდებელი პიროვნებაა საკუთარი ხასიათით. ცოტა მოთმინება, ყურადღება და სათამაშოები საკმარისია, რომ ასეთი ქცევები იშვიათად მოხდეს.

დააკვირდით მის ქცევებს, ყურების მოძრაობა, კუდის ქნევა, ტონალობა - ეს მისი ენაა. თუ მას პატივს სცემთ, ერთად ცხოვრება ბევრად უფრო მშვიდი და ბედნიერი გახდება.