სამი რამ, რაც სამუშაო დღის შემდეგ უნდა გააკეთოთ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა გაიუმჯობესოთ
გამოდით სამუშაო რეჟიმიდან
ორგანიზმს სჭირდება სიგნალი, რომ სამუშაო დრო დასრულდა და დასვენების ეტაპზე გადავდივართ. ამის საუკეთესო გზა ფიზიკური მოძრაობაა. მოკლე გასეირნება, მსუბუქი იოგა ან მუსიკის ფონზე სხეულის გაწელვა ტვინს ეხმარება, გადაერთოს "მოქმედების რეჟიმიდან" სიმშვიდისკენ. ფიზიკური აქტივობა ასტიმულირებს ენდორფინების გამომუშავებას - ბუნებრივ ნივთიერებებს, რომლებიც აუმჯობესებენ განწყობას და ამცირებენ სტრესის ჰორმონების დონეს (კორტიზოლს). დროის მხოლოდ 15–20 წუთიც კი საკმარისია, რომ გონება მოდუნდეს და სხეულმა შეიგრძნოს შვება.
ისაუბრეთ და დაუკავშირდით ადამიანებს
ბევრი ადამიანი სამუშაოს შემდეგ მარტოობას ამჯობინებს, თუმცა სოციალური კონტაქტი ფსიქიკური ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. საბედნიეროდ, ამისთვის დიდი დრო და ენერგია არ არის საჭირო, საკმარისია მეგობართან სატელეფონო საუბარი, ოჯახის წევრებთან დროის გატარება ან მეზობელთან ერთობლივი გასეირნება. მეცნიერები აცხადებენ, რომ მეგობრული ურთიერთობები ამცირებს კორტიზოლის დონეს და აძლიერებს „სიყვარულის ჰორმონის“ - ოქსიტოცინის გამომუშავებას, რაც მშვიდობისა და სტაბილურობის შეგრძნებას აძლიერებს. სოციალური ურთიერთობა, ეს მხოლოდ კომუნიკაცია არ არის, არამედ სტრესისგან დაცვის ერთ-ერთი ბუნებრივი მექანიზმია.
დასვენება და გონებრივი განტვირთვა
მუდმივი შეტყობინებები, დალაგებული გეგმები და გადატვირთული გონება სამუშაოს დასრულების შემდეგაც არ გვტოვებს. ამიტომ საჭიროა მცირე „გონებრივი პაუზა“. გადაიტანეთ ყურადღება მშვიდ საქმიანობებზე, მაგალითად, წიგნის კითხვა, შემოქმედებითი ჰობი, ნელი გასეირნება ან თბილი ჩაი საღამოს. ასეთი აქტივობები ხელს უწყობს ტვინის „გადატვირთვას“ და ხელს უშლის ქრონიკული დაძაბულობის დაგროვებას. რეკომენდებულია, ძილის წინ 30–60 წუთით ადრე მოერიდოთ ტელეფონსა და სამუშაო ამოცანებს, მის ნაცვლად სცადეთ მედიტაცია ან მსუბუქი გაჭიმვები.
სამუშაო დღის შემდეგ ეს სამი მარტივი ჩვევა: მოძრაობა, ადამიანური ურთიერთობა და გონებრივი დასვენება გეხმარებათ სტრესის შემცირებაში, ენერგიის აღდგენასა და ემოციური ბალანსის დაბრუნებაში. ფსიქიკური ჯანმრთელობა იწყება ყოველდღიური მცირე ნაბიჯებით, და სწორედ ეს ნაბიჯები გიხსნით გზას უფრო მშვიდი და ჯანმრთელი ცხოვრებისკენ.