რატომ ხდება ავად ყველა ახლა? მეცნიერებმა სამი მიზეზი გამოავლინეს და რჩევები მოგვცეს, თუ როგორ დავიცვათ თავი
რატომ ვხდებით ხშირად ავად შემოდგომით?
სამი მთავარი მიზეზი
1. ბავშვები ბრუნდებიან სკოლებში
სასკოლო წლის დაწყებასთან ერთად, ბავშვები კვლავ აქტიურად ურთიერთობენ თანატოლებთან, რაც ნიშნავს ახალ ბაქტერიებსა და ვირუსებთან კონტაქტს. რამდენიმე კვირის განმავლობაში მათ შეუძლიათ ოჯახში „მოიტანონ“ ახალი ინფექციები, რომლებიც სწრაფად ვრცელდება უფროსებს შორისაც.
2. უფროსები ბრუნდებიან ოფისებში
ზაფხულის არდადეგების შემდეგ ბევრი ადამიანი ისევ დახურულ სამუშაო სივრცეებში ბრუნდება, სადაც ვირუსების გავრცელება უფრო მარტივია.
3. მეტი დრო დახურულ სივრცეში
ცივი ამინდის გამო ადამიანები ნაკლებ დროს ატარებენ გარეთ, ჰაერის ნაკლებად განიავებად ოთახებში კი ვირუსები გაცილებით მარტივად ვრცელდება.
როგორც ლივერპულის ტროპიკული მედიცინის პროფესორი ჯონათან ბოლი განმარტავს, სწორედ ეს სამი ფაქტორი ქმნის იდეალურ ნიადაგს რესპირატორული ვირუსების გავრცელებისთვის: „ეს ნორმალურია - შემოდგომაა, ვირუსები უბრალოდ ცირკულირებენ და ჩვენი იმუნიტეტი დროებით სუსტდება.“
როგორ გავარჩიოთ გრიპი გაციებისგან
რატომ ავადდებიან ადამიანები სხვადასხვაგვარად?
არსებობს 100-ზე მეტი ვირუსი და ბაქტერია, რომლებიც რესპირატორულ დაავადებებს იწვევს, თუმცა თითოეული ადამიანი განსხვავებულად რეაგირებს. ეს დამოკიდებულია ასაკზე, ფიზიკურ ფორმაზე, იმუნურ სისტემაზე, ზოგჯერ კი უბრალოდ გენეტიკაზე ან გადაღლილობაზე.
„ხშირად მნიშვნელობა აქვს იმასაც, როდის გქონდათ ბოლოს კონტაქტი კონკრეტულ ვირუსთან,“- განმარტავს პროფესორი ბოლი.
უნდა ვინერვიულოთ?
ბრიტანეთის ჯანდაცვის სააგენტოს (UKHSA) ეპიდემიოლოგის, ჯეიმი ლოპეს ბერნალის თქმით, არ არის საჭირო პანიკა — ამჟამინდელი ავადობის მაჩვენებლები ჩვეულებრივზე მაღალი არ არის. თუმცა, გრიპისა და COVID-19-ის შემთხვევების მატება უკვე შეინიშნება, რაც ამ სეზონისთვის ბუნებრივი მოვლენაა. სპეციალისტები გვირჩევენ, განსაკუთრებით სარისკო ჯგუფებმა მიიღონ სეზონური ვაქცინაცია.
როგორ დავიცვათ თავი?
რეგულარულად დაიბანეთ ხელები, განსაკუთრებით ხველის ან ცემინების შემდეგ.
თუ ავად ხართ, დარჩით სახლში და არ გახვიდეთ საზოგადოებრივ სივრცეებში.
საჭიროების შემთხვევაში ატარეთ პირბადე — განსაკუთრებით დახურულ ადგილებში.
დაისვენეთ, დალიეთ ბევრი სითხე და დაიცავით ჯანსაღი კვება, რათა იმუნიტეტი გაძლიერდეს.
პროფესორი ბოლი დასძენს, რომ ინფიცირება ყოველთვის ცუდი არ არის - ზოგჯერ ეს ბუნებრივად აძლიერებს ორგანიზმის დაცვით ფუნქციებს. თუმცა აუცილებელია სიფრთხილე, რათა არ დავაზიანოთ ასაკით უფროსი და სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანები.