მართალია თუ არა, რომ პარაცეტამოლი ორსულობის დროს შეიძლება ბავშვის აუტიზმის მიზეზი გახდეს - rogor.ge

მართალია თუ არა, რომ პარაცეტამოლი ორსულობის დროს შეიძლება ბავშვის აუტიზმის მიზეზი გახდეს

აუტიზმი და ორსულობა

აუტისტური სპექტრის დარღვევა (ASD) მსოფლიოს ბავშვთა დაახლოებით 1%-ს აქვს – ეს მონაცემები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ეკუთვნის.

ბოლო წლებში ცნობიერება ამ მდგომარეობის შესახებ გაიზარდა: ექიმები აუტიზმს უფრო ადრეულ ასაკში ადგენენ, რის გამოც დიაგნოზის შემთხვევებიც მეტია ბევრ ქვეყანაში.

2025 წლის აპრილში აშშ-ის ჯანდაცვის სამინისტროს მდივანმა რობერტ კენედიმ განაცხადა აუტიზმის „ეპიდემიის“ შესახებ და აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას ვითარებაში გარკვევა დაავალა. სექტემბერში კენედიმ ანგარიში წარადგინა და მიზეზად პარაცეტამოლი დაასახელა.

რატომ დაუკავშირეს პარაცეტამოლი აუტიზმს

22 სექტემბერს ტრამპმა განაცხადა, რომ ორსულობისას პარაცეტამოლის მიღება ზრდის აუტიზმის რისკს ბავშვებში. პარაცეტამოლი (ასევე ცნობილია როგორც აცეტამინოფენი) – ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალებაა, რომელიც უსაფრთხოდ ითვლება ორსულებისთვის.

იმავე დღეს აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) გამოუშვა რეკომენდაცია, რომ ორსულებს პარაცეტამოლი მხოლოდ მინიმალური დოზითა და ყველაზე მოკლე ვადით დაენიშნოთ.

ეს განცხადებები ეფუძნებოდა 2025 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ სისტემურ მიმოხილვას, სადაც მეცნიერებმა ექვსი კვლევა შეისწავლეს და შეამჩნიეს შესაძლო კავშირი პარაცეტამოლსა და აუტიზმის რისკს შორის. თუმცა თავად ავტორებმა აღნიშნეს, რომ ეს მხოლოდ კავშირის დაფიქსირებაა და არა მიზეზ-შედეგობრივი დასკვნა. მიუხედავად ამისა, მათაც ურჩიეს, რომ ორსულებმა მიიღონ ყველაზე მცირე დოზა და მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით.

ტრამპმა კი განაცხადა, რომ თუ აუცილებლობა არ არსებობს, ორსულებმა უნდა შეიზღუდონ პრეპარატის მიღება.

სიმართლეა თუ არა, რომ პარაცეტამოლი იწვევს აუტიზმს?

აუტიზმს ერთი კონკრეტული მიზეზი არ აქვს. მის განვითარებაზე მოქმედებს მრავალი ფაქტორი.

დიდ როლს ასრულებს გენეტიკა – ასობით გენი უკავშირდება აუტიზმს.

რისკს ზრდის გარემო ფაქტორებიც, მაგალითად: დედის ასაკი ორსულობისას, დაბალი წონის ბავშვი და სხვა.

კვლევები ამ თემაზე ხშირად სუსტია და შედეგები – წინააღმდეგობრივი. ამიტომ მტკიცებულება, რომ პარაცეტამოლი იწვევს აუტიზმს, ამჟამად არ არსებობს.

„აუტიზმის მეცნიერების ფონდი“ ტრამპის განცხადებებს მკაცრად გამოეხმაურა. მათ აღნიშნეს, რომ არსებული კვლევები განსხვავებულ მეთოდებზეა დაფუძნებული და ვერ იძლევა სანდო დასკვნას.

გარდა ამისა, კვლევებში არ იყო გათვალისწინებული გენეტიკური ფაქტორები და ისიც, თუ რატომ იღებდნენ ორსულები პარაცეტამოლს. მაგალითად, თავად ცხელება შესაძლოა აუტიზმის რისკის მატარებელი იყოს და არა პრეპარატი.

ექსპერტების პოზიცია

ამერიკის კოლეჯმა მეან-გინეკოლოგთა ასოციაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პარაცეტამოლი უსაფრთხოა ორსულობის ნებისმიერ ტრიმესტრში.

ორგანიზაციის პრეზიდენტმა სტივენ ფლაიშმანმა განაცხადა, რომ ორსულებისთვის ასეთი განცხადებები (როდესაც დასაბუთებული მტკიცებულება არ არსებობს) უპასუხისმგებლოა და საშიში.

რატომ არის სახიფათო პარაცეტამოლის დადანაშაულება

„აუტიზმის მეცნიერების ფონდის“ პრეზიდენტმა ელისონ სინგერმა აღნიშნა, რომ ტრამპის ფრაზა „ჯობს აიტანო სიცხე, ვიდრე დალიო პრეპარატი“ დედებს ადანაშაულებს ბავშვების მდგომარეობაში.

მაგრამ მაღალი სიცხე და ძლიერი ტკივილი ორსულისთვის და ნაყოფისთვის უფრო საშიშია, ვიდრე პარაცეტამოლის მიღება. სხვა უსაფრთხო ალტერნატივა პრაქტიკულად არ არსებობს: მაგალითად, ასპირინმა და სხვა არასტეროიდულმა პრეპარატებმა ორსულობის 20-ე კვირის შემდეგ შეიძლება ნაყოფს ზიანი მიაყენოს.

დასკვნა: ამჟამად არ არსებობს მყარი მტკიცებულება, რომ პარაცეტამოლი ორსულობისას აუტიზმს იწვევს. პრეპარატის გამოყენება ექიმის რეკომენდაციით, მცირე დოზით და საჭიროების შემთხვევაში რჩება უსაფრთხო არჩევანად.