ალექსანდრიაში აღმოაჩინეს ჩაძირული პორტი, რომელმაც შესაძლოა კლეოპატრას საფლავამდე მიგვიყვანოს
უძველესი პორტის საიდუმლო
გეოფიზიკური კვლევებით შესაძლებელი გახდა წყალქვეშა ნაგებობის გეგმის აღდგენა. აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 2000 წლის წინ აქ ფუნქციონირებდა გამაგრებული ზღვის პორტი, რომელიც ბუნებრივად იყო დაცული მარჯნის რიფებით. ვარაუდობენ, რომ ის პტოლემეების ეპოქაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა.
წყლის ქვეშ ნაპოვნია ძველი ღუზა, ამფორები და სხვა ნივთები, რომლებიც აქტიურ საზღვაო საქმიანობაზე მიუთითებს. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩენა იყო მიწისქვეშა გვირაბი, რომელიც პორტს ტაპოსირის მაგნას ტაძართან აკავშირებდა. აღსანიშნავია, რომ ასეთი პორტი არცერთ ცნობილ ისტორიულ წყაროში არ არის მოხსენიებული.
კავშირი კლეოპატრას სამარხთან
ტაპოსირის მაგნას ტაძარში გათხრები 2002 წლიდან მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში აღმოჩენილა ათობით სამარხი, მათ შორის მუმიები ოქროს ნიღბებით, ასევე არტეფაქტები კლეოპატრას გამოსახულებით. ეს ყველაფერი აძლიერებს ვარაუდს, რომ სწორედ აქ შეიძლება იყოს დაკრძალული ელინისტური ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი.
ვინ იყო კლეოპატრა?
კლეოპატრა VII ფილოპატორი (ძვ.წ. 51–30) იყო ელინისტური ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი. ის ისტორიაში შევიდა როგორც გამორჩეული პოლიტიკოსი და დიპლომატი, რომელმაც შეძლო ეგვიპტის დამოუკიდებლობის შენარჩუნება იმ ეპოქაში, როცა ქვეყანა ძლიერ რომაულ ზეწოლას განიცდიდა. მისი ცხოვრება, სიყვარული და პოლიტიკური ინტელექტი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე დიდ საიდუმლოდ და შთაგონების წყაროდ რჩება.
ახალი აღმოჩენა ალექსანდრიაში შესაძლოა გახდეს კიდევ ერთი ნაბიჯი ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი გამოცანის - კლეოპატრას სამარის ამოხსნისკენ.