როგორ შევამციროთ სავალუტო რისკი - rogor.ge

როგორ შევამციროთ სავალუტო რისკი

 

ვინ დგას სავალუტო რისკის წინაშე? • ექსპორტიორები: ექსპორტირებული საქონლის ღირებულებას მომწოდებელს უხდიან ეროვნული ვალუტით, ამონაგებს კი იღებენ უცხოური ვალუტით. ექსპორტიორისათვის, ეროვნული ვალუტის გამყარება ნიშნავს ნაკლები ლარის მიღებას (პოტენციური ნაკლები შემოსავალი), რადგან ის ნაკლებ ლარს მიიღებს ექსპორტირებული საქონლის სანაცვლოდ და პირიქით, მიიღებს მეტ ლარს (პოტენციური დამატებითი შემოსავალი), თუ ეროვნული ვალუტა გაუფასურდება. • იმპორტიორები: იმპორტირებული საქონლის ღირებულებას იხდიან უცხოური ვალუტით, ხოლო ამონაგებს იღებენ ეროვნული ვალუტით. ექსპორტიორებისგან განსხვავებით, ლარის კურსის გაუფასურება წამგებიანი იქნება იმპორტიორი კომპანიებისთვის, ვინაიდან იმპორტიორს მოუწევს მეტი ლარის გადახდა (პოტენციური დამატებითი ხარჯი), რათა გაისტუმროს უცხოური ვალუტით ნაკისრი ვალდებულება, ხოლო თუ ეროვნული ვალუტა გამყარდება, იმპორტიორს მოუწევს ნაკლები ლარის გადახდა (პოტენციური დამატებითი შემოსავალი). • ორგანიზაციები და ფიზიკური პირები, რომელთა შემოსავლები წარმოდგენილია ეროვნული (უცხოური) ვალუტით, ვალდებულებების (სესხების) დაფარვა კი უხდებათ უცხოური (ეროვნული) ვალუტით;

 

როგორ შეიძლება სავალუტო რისკის შემცირება? სავალუტო რისკი ქმნის საბოლოო ფინანსური შედეგის გაურკვევლობას ექსპორტიორებისა და იმპორტიორებისთვის. აქედან გამომდინარე, მათ არ შეუძლიათ ზუსტად გაითვალისწინონ სავალუტო რისკი პროდუქციის ფასწარმოქმნისას, რაც ართულებს ბიზნეს დაგეგმარების პროცესს. სავალუტო რისკის შემცირების საშუალება არის ჰეჯირება, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს ბიზნეს პროცესების შესაბამისი ორგანიზებით, ისე რომ კომპანიამ მაქსიმალურად აარიდოს თავი სავალუტო რისკებს ან სხვადასხვა ფინანსური ინტრუმენტების გამოყენებით.

 

რისთვის გამოიყენება სავალუტო რისკის ჰეჯირება? სავალუტო რისკის მინიმიზაციის მიზნით გამოიყენება ჰეჯირების სხვადასხვა ინსტრუმენტი. სავალუტო რისკის ჰეჯირების ძირითადი მიზანია, თავიდან იქნას აცილებული გაცვლითი კურსის რყევებისგან გამოწვეული გაურკვევლობები. სავალუტო ჰეჯირება საშუალებას აძლევს იმპორტიორებსა და ექსპორტიორებს: • სწორად განსაზღვრონ მომავალი ფულადი ნაკადები სხვადასხვა ვალუტით. • განსაზღვრონ ისეთი ფასები, რომელიც ბიზნეს გეგმით იყო გათვალისწინებული. • შეინარჩუნონ საოპერაციო სტაბილურობა. • ფოკუსირება გააკეთონ თავიანთ ძირითად საქმიანობაზე.

 

რა არის სავალუტო რისკის ჰეჯირების საუკეთესო საშუალება? სავალუტო რისკის ჰეჯირების საუკეთესო საშუალება არის „ბუნებრივი ჰეჯირება“. ბუნებრივი ჰეჯირება არის ბიზნეს პროცესების ისეთი დაგეგმარება-წარმართვა, რომ კომპანიის ფულადი ნაკადების მოცულობა (შემოსავლები და ხარჯები) ვალუტების მიხედვით სრულად ან მაქსიმალურად სრულად შეესაბამება ერთმანეთს და ამგვარად აცილებულია ან მინიმუმამდეა დაყვანილი სავალუტო რისკი. ბუნებრივი ჰეჯირების უპირატესობა არის ის, რომ არ საჭიროებს დამატებით დანახარჯებს და პირდაპირ უკავშირდება კომპანიის ბიზნეს პროცესებს. თუმცა, ყველა კომპანიას არ აქვს საშუალება, ასეთი ქმდებით დაიცვას თავი სავალუტო რისკისგან.

 

სხვა რა საშუალებები არსებობს სავალუტო რისკის ჰეჯირებისათვის? კომპანიებს, რომლებსაც არ შეუძლიათ ბუნებრივი ჰეჯირების საშუალებით დაიცვან თავი სავალუტო რისკისგან, მიმართავენ სავალუტო რისკის ჰეჯირების სხვა ინსტრუმენტებს: სავალუტო კონტრაქტებს, რომლის საშუალებით ისინი მომავალში იყიდიან ან გაყიდიან უცხოურ ვალუტას წინასწარ შეთანხმებული გაცვლითი კურსით წინასწარ შეთანხმებულ თარიღზე. ვალუტის ყიდვისა და გაყიდვის სხვადასხვა სავალუტო კონტრაქტები წარმოადგენენ ფინანსურ ინსტრუმენტებს, ე.წ სავალუტო წარმოებულებს (დერივატივებს). სავალუტო ფინანსურ ინსტრუმენტებს განეკუთვნება: სავალუტო ფორვარდები, ოპციონები, სვოპები. აღნიშნული ინსტრუმენტების შეთავაზება ხდება ძირითადად ბანკების მიერ. რომელი ფინანსური ინსტრუმენტები გამოიყენება სავალუტო რისკის ჰეჯირებისთვის? სავალუტო რისკის ჰეჯირებისათვის გამოიყენება შემდეგი ფინანსური ინტრუმენტები: • სავალუტო ფორვარდი - კონტრაქტი, რომლის მიხედვით ერთი მხარე ყიდულობს მეორე მხარისგან ერთ კონკრეტულ ვალუტას მეორე კონკრეტული ვალუტის სანაცვლოდ წინასწარ შეთანხმებული გაცვლითი კურსით, წინასწარ შეთანხმებულ თარიღზე. • სავალუტო სვოპი - ორი ვალუტის ერთდროულად ყიდვა და გაყიდვა მხარეებს შორის წინასწარ შეთანხმებული გაცვლითი კურსით, სხვადასხვა ანგარიშსწორების თარიღებზე. • სავალუტო ოფციონები - ოფციონის მყიდველს ეძლევა უფლება (და არა ვალდებულება), რომ იყიდოს ან გაყიდოს კონკრეტული ვალუტა წინასწარ შეთანხმებული კურსით წინასწარ შეთახმებულ დროის პერიოდში ან წინასწარ შეთახმებულ თარიღზე, რისთვისაც ოფციონის მყიდველი იხდის შესაბამის ფასს.