როგორია იტალიის უცნობი რეგიონის შუა საუკუნეების "ქალაქი-მოჩვენება"
ბაზილიკატა – „იდუმალად მომხიბვლელი“ რეგიონი
Riviera Travel-ის ევროპული ტურისტული მიმართულებების მენეჯერმა, ჯოან ლინმა რეგიონი ასე აღწერა: „იდუმალად მომხიბვლელი, უძველესი ქალაქებითა და სოფლებით, რომლებიც წარმოსახვას იპყრობს“.
მისი თქმით, ამ რეგიონის მთავარი მარგალიტია მატერა — ერთ-ერთი უძველესი ქალაქი მსოფლიოში, რომელიც დღემდე დასახლებულია. მატერა ცნობილია პრეისტორიული, კირქვაში გამოკვეთილი მღვიმე-სახლებით. ზოგიერთი მათგანი ათასწლეულებით თარიღდება, თუმცა დღეს უკვე გადაკეთებულია ბუტიკ-სტილში: არის სასტუმროები, რესტორნები და მუზეუმები, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ იგრძნონ, როგორია „ცოცხალი ისტორია“.
„მატერას ვიწრო და მოპირკეთებული ქუჩების, მღვიმეების დათვალიერებისას ნამდვილად იგრძნობთ, რომ დროის მანქანაში აღმოჩნდით,“ — წერს გამოცემა. ქალაქი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობად არის აღიარებული, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს მის უნიკალურობას.
კასტელმეცცანო – კლდეში ჩასმული სოფელი
დამატებითი თავგადასავლების მაძიებლებისთვის, რომლებიც მთიან ადგილებს ამჯობინებენ, კასტელმეცცანო განსაკუთრებით საინტერესო იქნება. სოფელი მდებარეობს ლუკანის დოლომიტების მთებში და ვიზუალურად ისე ჩანს, თითქოს კლდეშია გამოკვეთილი.
„სოფლის შენობები კლდის ნაწილია. ისინი ერთმანეთთან გადაჯაჭვულია საფეხურების, ბილიკების და ვიწრო შიდა გასასვლელების ქსელით,“ – ამბობს ლინი.
კასტელმეცცანოს გარშემო შეუცვლელი ბუნებრივი ლანდშაფტებია, რაც ქმნის განცდას, რომ სრულიად განცალკევებულ სამყაროში ხარ. ტურისტების ნაკლებობის გამო სოფელი ინარჩუნებს ავთენტურობას და დაუსრულებელ აღმოჩენებს ჰპირდება სტუმრებს.
კრაკო – დროში დარჩენილი ქალაქი
მაგრამ ყველაზე მისტიკური და შთამბეჭდავი, ალბათ, კრაკოა – შუასაუკუნეების ქალაქი, რომელიც სრულად დაიცალა 1960-იან წლებში მიწისძვრებისა და მეწყერების გამო. ახლა ის ღია ცის ქვეშ მდებარე მუზეუმს ჰგავს და არაერთი ჰოლივუდური ფილმის გადასაღები მოედანი ყოფილა, მათ შორის: „ქრისტეს ვნებანი“ და „კვანტი მშვიდობისა“.
„გადადგით ნაბიჯი წარსულში და ეწვიეთ შუასაუკუნეების ქალაქ-მოჩვენება კრაკოს. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ნაწილობრივ არის გახსნილი ვიზიტორებისთვის, შეგიძლიათ ჩაიხედოთ მიტოვებული სახლების ფანჯრებიდან — შიგნით ჯერ კიდევ დგას ავეჯი, გაუნძრევლად, ისეთად, როგორიც 60 წლის წინ იყო. მთელი ქალაქი თითქოს დროს გაუჩერებია,“ — ამბობს ლინი.