თმის ცვენა მშობიარობის შემდეგ - როგორ მოვიქცეთ - rogor.ge

თმის ცვენა მშობიარობის შემდეგ: რატომ ხდება ეს და როგორ ავიცილოთ თავიდან

რატომ ცვივა თმა მშობიარობის შემდეგ

ექიმის თქმით, ეს შეიძლება უსიამოვნო იყოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ორსულობის დროს თმა უფრო ხშირი, ჯანმრთელი და მბზინვარე გახდა. თუმცა, შეშფოთება არ ღირს - ეს სრულიად ნორმალური პროცესია, რომელიც მშობიარობის შემდეგ ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებებით არის გამოწვეული.

საქმე იმაშია, რომ ორსულობის დროს ორგანიზმში ესტროგენის დონე იზრდება, რაც თმის ჩვეულებრივ ცვენის ციკლს აჭიანურებს.

შედეგად, თმა ნაკლებად ცვივა და აქტიურად იზრდება, რის გამოც ორსულობის პერიოდში თმის გასქელებას ამჩნევთ.

მშობიარობის შემდეგ, როდესაც ჰორმონები ნორმალურ დონეზე ბრუნდება, ესტროგენის დონე იკლებს, რაც იწვევს თმის ცვენას, რათა "გათავისუფლდეს ადგილი" ახალი თმისთვის.

თმის ზრდის ციკლები

პედიატრმა აღნიშნა, რომ თმა გადის ზრდის რამდენიმე ფაზას, თითოეულ მათგანს კი თავისი თავისებურებები აქვს:

ანაგენი (ზრდის ფაზა) - თმა აქტიურად იზრდება და ამ ფაზაში 2-4 წელი რჩება. ამ ფაზაში იმყოფება თავის თმის 85-90%.

კატაგენი (გადასვლის ფაზა) - ეს არის პერიოდი, როდესაც თმის ზრდა ნელდება და ფოლიკული მცირდება.

ტელოგენი (დასვენების ფაზა) - თმა აღარ იზრდება, და რამდენიმე თვის შემდეგ ხდება მისი ცვენა.

ორსულობის დროს ესტროგენის დონე თმის ნორმალურ ცვენას აფერხებს, ამიტომ მშობიარობის შემდეგ ორგანიზმი "ცდილობს აღადგინოს" ეს ციკლი და თმა უფრო ინტენსიურად და შესამჩნევად იწყებს ცვენას.

შედეგად, თქვენ შეიძლება შეამჩნიოთ დღეში 300-ზე მეტი თმის ცვენა, მაშინ როცა ჩვეულებრივ დღეში 100 თმის ცვენა ნორმალურია და ნაკლებად შესამჩნევია.

რამდენ ხანს გრძელდება მშობიარობის შემდგომი თმის ცვენა

ჩვეულებრივ, მშობიარობის შემდეგ თმის ცვენა 3-6 თვეს გრძელდება. ზოგიერთ შემთხვევაში ეს პროცესი შეიძლება 1 წლამდეც გაგრძელდეს.

ბევრი ქალი აქტიურ ცვენას მშობიარობიდან 3 თვის შემდეგ ამჩნევს. ეს, როგორც წესი, პრობლემა არ არის და ბუნებრივი ეტაპია.

თმის ცვენის პიკი, როგორც წესი, მშობიარობიდან 4 თვის შემდეგ ხდება. ამ დროს შეიძლება შეიცვალოს თმის სტრუქტურა და ფორმა - თმა შესაძლოა ხვეული გახდეს.

როგორ ავიცილოთ თმის ცვენა

სამწუხაროდ, მშობიარობის შემდეგ თმის ცვენის სრულად თავიდან აცილება შეუძლებელია, რადგან ეს ჰორმონალური პროცესია, რომელსაც "ჩვეულებრივი მეთოდებით" ვერ გადალახავთ.

თუმცა, თმის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად გაითვალისწინეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი:

ჯანსაღი კვება - აკონტროლეთ ორგანიზმში რკინის დონე და დარწმუნდით, რომ საკმარისად იღებთ ცილებს, რადგან ეს ხელს უწყობს ჯანმრთელ თმას.

ბალანსირებული მოვლა - გამოიყენეთ ნაზი შამპუნები, კონდიციონერები და თმის ნიღბები, რომლებიც კვებავენ თმას. მოერიდეთ აგრესიულ პროცედურებს, როგორიცაა მუდმივი შეღებვა ან სთაილერების გამოყენება.

ვიტამინების მიღება და სხვადასხვა მასტიმულირებელი საშუალებების გამოყენება თავის კანზე, სავარაუდოდ, არაეფექტური იქნება.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს დროებითი ეტაპია და თმა აუცილებლად აღდგება.

როგორ შევიჩეროთ თმის ცვენა და გავიუმჯობესოთ თმის ხარისხი მუხის ქერქის ნახარშის საშუალებით