თხილის ცხვირგრძელა Curculio nucum L
მავნებლის მატლის სიგრძე 7-10 მმ-ია. იგი უფეხოა, სხეული კრემისფერია, მოხრილი. თავი მურა წითელი ან ჭუჭყიანი- მურა შეფერილობისაა, ყბები შავია, სტიგმები მურა, ბოლოსწინა სეგმენტზე ერთი ჯაგრისებრი ბეწვია, უკანასკნელ სეგმენტზე კი –ოთხი,
რომლიდანაც ორი კიდეებზეა, ორი შუაში. სხეული დაფარულია ნაცრისფერი ბეწვებით. მამალი ხოჭოს სხეული სიგრძით 7 მმ-ია, დედლის - 8. ხოჭო შავი ფერისაა და დაფარულია მონაცრისფრო-ყვითელი ქერცლებით. ქერცლები წინა ზურგზე წარმოქმნიან
გარდიგარდმო ხაზებს, ხოლო ფრთებზე - ყვითელ ლაქებს. დორსალური მხრიდან ხოჭოს სხეული რომბისებრი ფორმისაა, გრძელი და წვრილი ხორთუმით. დედლის ხორთუმი 6 მმ-მდეა, მამლისა-4 მმ-მდე. ფეხები და ხორთუმი მურა-წითელია. ხორთუმი ფრთების შუაში წარმოქმნის გარდიგარდმო ზოლს. ფეხები გრძელი აქვს. მავნებლისათვის დამახასიათებელია ქინძისთავისებრი ფორმის ბარძაყი, თითო კბილით შიგნითა მხრიდან და დაკბილული ბრჭყალები. ფეხები დაფარულია ნაცრისფერი ბეწვებით. მისი ფარი ყვითელი ფერისაა, ოთხკუთხოვანი. გაზაფხულზე, როდესაც ჰაერის საშუალო ტემპერატურა მიაღწევს +15-160-ს, იწყება
ხოჭოების გამოსვლა და განაწილება თხილის ბუჩქებზე. ამ პერიოდში მავნებელი საჭიროებს დამატებით კვებას, რისთვისაც იგი ჯერ გაუშლელი კვირტებით იკვებება, შემდეგ კი - ფოთლებითა და ნასკვით. მაისის შუა რიცხვებში, როდესაც ჰაერის დღე - ღამური საშუალო ტემპერატურა მოიმატებს +180-მდე, იწყება კოპულაციის პროცესი, რომლის დასრულებიდან 6-7 დღის შემდეგ მავნებელი იწყებს კვერცხის დებას. კვერცხის დასადებად დედალი ხორთუმით ღრღნის პატარა ორმო-საკანს ნაყოფის ნაზი ნაჭუჭის ზემო ან ცენტრალური ნაწილის (იშვიათად ფუძესთან) ქსოვილში და დებს კვერცხს, ხვრელს ფარავს ნაღრღნით. თითოეულ ნაყოფში იდება 1-2 კვერცხი. დედალი ხოჭოს სქესობრივი პროდუქცია დაახლოებით 45-62 კვერცხს შეადგენს. ემბრიონული განვითარების ხანგრძლივობა 7 დღით განისაზღვრება. განვითარების დასრულების შემდეგ მატლები ტოვებენ ნაყოფს, ეცემიან მიწაზე, სადაც მიწის ნაწილაკებისაგან
აკეთებენ აკვანს და იქვე რჩებიან დასაზამთრებლად. აპრილის მეორე ნახევრიდან აკვანში იჭუპრებენ. ჭუპრის ფაზა დაახლოებით 15 დღეს გრძელდება. მავნებელს ერთი თაობა ახასიათებს წელიწადში.
ბრძოლის ღონისძიებები - გაზაფხულზე, ხოჭოების დამატებითი კვების დროს, საუკეთესო შედეგს იძლევა ქიმიური მეთოდების გამოყენება.