ატმის (თამბაქოს) ბუგრი Myzodes persicae Sulz
ატმის (თამბაქოს) ბუგრი, გარდა მცენარეების დაზიანებისა, ვირუსულ დაავადებასაც ავრცელებს. საქართველოში იგი სახლობს ატამზე, გარგარზე, ალუბალზე, ბალზე, ლეღვზე, მსხალზე, თამბაქოზე, კარტოფილზე, ჭარხალზე და სხვა. რომლებსაც თითქმის ყველა მწვანე ორგანოს უზიანებს. ატმის საფოთლე კვირტების გაშლისთანავე გამოზამთრებული კვერცხებიდან იწყება მატლების გამოჩეკვა, რომლებიც ამ კულტურის ფოთლებით და ყლორტებით იკვებებიან და 3-4 უფრთო პართენოგენურ თაობას იძლევიან. ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში ბუგრის კოლონიებში ჩნდებიან ფრთიანი ფორმები, რომლებიც სხვა ხეხილოვან და ბალახოვან მცენარეებზე გადადიან, იქ შემოდგომამდე რჩებიან და მრავლდებიან. ჰაერის ტენიანობას და მკვებავი მცენარის ფოთლის მდებარეობას არსებითი მნიშვნელობა აქვს ბუგრის ცხოვრებაში, რითაც უნდა აიხსნას ის გარემოება, რომ ატმის ბუგრი მიგრირებს კურკოვანი კულტურებიდან ბალახოვნებზე, ბოსტნეულ და ტექნიკურ კულტურებზე, რომლებიც ამ დრიოსათვის მისი კვებისა და გამრავლებისათვის უფრო ხელსაყრელია.
ბრძოლის ღონისძიებები - ბუგრების გამოჩენისთანავე საუკეთესო შედეგს იძლევა ქიმიური მეთოდების გამოყენება. კარგია ნექტარის მომცემი მცენარეების თესვა ნაკვეთის ირგვლივ, რათა მოვიზიდოთ სასარგებლო მწერები: ჭიამაიები, ოქროთვალურები, მტაცებელი ბუზები, პარაზიტები და სხვა.