როგორ ვებრძოლოთ ხეხილის მავნებლებს
ატმის (თამბაქოს) ბუგრი Myzodes persicae Sulz
ატმის (თამბაქოს) ბუგრი, გარდა მცენარეების დაზიანებისა, ვირუსულ დაავადებასაც ავრცელებს. საქართველოში იგი სახლობს ატამზე, გარგარზე, ალუბალზე, ბალზე, ლეღვზე, მსხალზე, თამბაქოზე, კარტოფილზე, ჭარხალზე და სხვა. რომლებსაც თითქმის ყველა მწვანე ორგანოს უზიანებს. ატმის საფოთლე კვირტების გაშლისთანავე გამოზამთრებული კვერცხებიდან იწყება მატლების გამოჩეკა, რომლებიც ამ კულტურის ფოთლებით და ყლორტებით იკვებებიან და 3-4 უფრთო პართენოგენურ თაობას იძლევიან.
ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში ბუგრის კოლონიებში ჩნდებიან ფრთიანი ფორმები, რომლებიც სხვა ხეხილოვან და ბალახოვან მცენარეებზე გადადიან, იქ შემოდგომამდე რჩებიან და მრავლდებიან. ჰაერის ტენიანობას და მკვებავი მცენარის ფოთლის მდებარეობას არსებითი მნიშვნელობა აქვს ბუგრის ცხოვრებაში, რითაც უნდა აიხსნას ის გარემოება, რომ ატმის ბუგრი მიგრირებს კურკოვანი კულტურებიდან ბალახოვანებზე, ბოსტნეულ და ტექნიკურ კულტურებზე, რომლებიც ამ დროისთვის მისი კვებისა და გამრავლებისათვის უფრო ხელსაყრელია.
ბრძოლის ღონისძიებები - ბუგრების გამოჩენისთანავე საუკეთესო შედეგს იძლევა ქიმიური მეთოდების გამოყენება. კარგია ნექტრის მომცემი მცენარეების თესვა ნაკვეთის ირგვლივ, რათა მოვიზიდოთ სასარგებლო მწერები: ჭიამაიები, ოქროთვალურები, მტაცებელი ბუზები, პარაზიტები და სხვა.
მსხლის ჩვეულებრივი ფსილა Psylla pyri L
მოზამთრე ინდივიდების ფერი მუქი-მურაა, შუა ზურგის ზოლი მონაცრისფრო ბრინჯაოსფერია. ფსილის წინა ფრთები გამჭვირვალეა, აქვს შავი ძარღვები. ზაფხულის თაობის ფსილები უფრო ღია ფერისაა. მათი მკერდი ნარინჯისფერ-ყვითელია, ხოლო მუცელი - მომწვანო ყვითელი. ფსილას სხეული წაგრძელებულია, მოიისფრო ან მომწვანო ლურჯი მუცლით, ასეთივე ფერისაა ზურგის გასწვრივი ზოლი. კვერცხი მოგრძოა, მოკლე წანაზარდით, რძისებრ-თეთრი ან ღია-ყვითელი ფერისაა. ფსილა როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ ზიანს იწვევს. დაზიანების შედეგად ყლორტები არ იზრდება, ნაყოფი არ სრულდება და მურა ლაქებით იფარება, რის გამოც იგი შეუხედავია. მსხლის ფსილას მთავარი მკვებავი მცენარეებია მსხალი (კულტურული და ტყის) და იშვიათად ვაშლი. იმავე ქერქის ქვეშ, მის ნაპირებში, ჩამოცვენილ ფოთლებქვეშ და სხვა თავშესაფრებში იზამთრებს. მარტის დამლევს ან აპრილში გამოზამთრებული ფსილები დამატებითი კვების შემდეგ კვერცხის დებას ყლორტებზე და კვირტის ფუძესთან იწყებენ. მატლები მცენარის წვენს კოკრებიდან, ახალგაზრდა ფოთლებიდან, მწვანე ყლორტებიდან, ყვავილის და ნაყოფის ყუნწიდან წუწნიან. მსხლის ფსილას გამოჩეკიდან ზრდის დასრულებამდე 30-40 დღე სჭირდება. აღსანიშნავია, რომ ჭარბი ტენიანობა ამა თუ იმ ხარისხით ამუხრუჭებს მსხლის ფსილას განვითარებასა და გამრავლებას, რაც დასავლეთ საქართველოსთან შედარებით, აღმოსავლეთ საქართველოში მისი ინტენსიური გამრავლებით დასტურდება.
ბრძოლის ღონისძიებები - მსხლის ფსილას წინააღმდეგ უნდა ჩატარდეს შემდეგი სამუშაოები: გვიან შემოდგომაზე შტამბისა და ტოტების გაფხეკა-გასუფთავება გამხმარი ქერქისაგან შემდგომი დაწვით, ხოლო ყინვების დაწყებისთანავე - ჩამოცვენილი ფოთლების შეგროვება და დაწვა.
კოკრიჭამია ცხვირგრძელა Anthonomus pomorum L
ხოჭოს სხეული მოგრძო-კვერცხისებურია და მონაცრისფრო ბეწვითაა დაფარული. ზედა ფრთებს შუაზე რკალივით მოღუნული ღია მონაცრისფრო ზოლი გასდევს, რომელიც გარშემო არშიითაა შემოვლებული. ფეხები და ულვაშები წითელი აქვს; ბარძაყზე წაწვეტებული კბილები გააჩნია. ულვაშები მუხლისებრია. ხოჭოს სხეულის სიგრძე ხორთუმის ჩათვლით 5 მმ-ს აღწევს. მას ვაშლისა და მსხლის მოსავლის დიდი დანაკარგების გამოწვევა შეუძლია. კოკრიჭამია ცხვირგრძელა ხოჭოს ფაზაში როგორც კულტურული, ისე ველური ხეხილის ჯიშების შტამბისა და გამხმარი ტოტების ქერქის ქვეშ, ქერქის ნაპრალებში, ჩამოცვენილ ფოთლებში, ნიადაგის ზედა ფენებში და სხვა თავშესაფარში იზამთრებს. გამოზამთრებული ხოჭოები გაზაფხულზე ხის ვარჯზე მოძრაობენ და პირველ რიგში ჯერ კიდევ გაუღვივებელ კვირტებს, ხოლო შემდეგ კოკრებს აზიანებენ. წელიწადში იძლევა 1 თაობას.
ბრძოლის ღონისძიებები - მავნებლის წინააღმდეგ უნდა ჩატარდეს შემდეგი სამუშაოები: შემოდგომაზე ჩამოცვენილი ფოთლების შეგროვება და დაწვა. კარგია ხოჭოების მექანიკური შეგროვება ტოტების შერხევით, ჩამობერტყვით და შემდგომი განადგურებით. ღონისძიება ტარდება მაშინ, როდესაც ჰაერის საშუალო ტემპერატურა გაზაფხულზე იქნება 10-120 C.
ამერიკული თეთრი პეპელა Hyphantria cunnea Drury
ამერიკული თეთრი პეპელას ფრთები თოვლივით თეთრია. ზოგიერთ ეგზემპლარს ფრთებზე შავი ან ყავისფერი ლაქა აქვს. მამალს ფრთისებრი, ხოლო დედალს ძაფისებრი ულვაშები აქვს. ფეხები ღია-ყვითელი ფერისაა. პეპელა, გაშლილი ფრთების ჩათვლით, სიგრძეში 5 სმ-ს აღწევს. მატლი 35 მმ-მდე სიგრძისაა; თავი და ფეხები ბრჭყვიალა-შავი აქვს, სხეული ხავერდისფერ-ყავისფერი, შავი მეჭეჭებით, რომლებზედაც წვრილი და მსხვილი ღია ფერის ბეწვის კონებია. სხეულის გვერდებზე ლიმონისფერი ზოლი გასდევს, რომელზედაც ნარინჯისფერი მეჭეჭები აზის. ჭუპრი 10-12 მმ სიგრძისაა. დაჭუპრების პირველ დღეს ისინი ლიმონისებრ-ყვითელი ფერის არიან; გამოფრენის წინ კი პეპლები მუქ-ყავისფერს იძენენ. ამერიკული თეთრი პეპელა ნაირჭამია მავნებელია და აზიანებს მთელ რიგ მერქნოვან და ბუჩქოვან, ასევე ბალახოვან მცენარეებს. ისინი მათ მთლიან გაშიშვლებას ახდენენ.
ბრძოლის ღონისძიებები - საჭიროა მიღებულ იქნას უმკაცრესი ზომები მისი გავრცელების, როგორც საკარანტინო ობიექტის, აღსაკვეცად. ამასთან, ყველა რაიონი, სადაც შეიძლება შეტანილ იქნას ეს მავნებელი, საჭიროა იმყოფებოდეს მუდმივი კარანტინული ზედამხედველობის ქვეშ, ხოლო მისი აღმოჩენის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს რადიკალური ზომები მისი სრული ლიკვიდაციისათვის.
ვაშლის ჩრჩილი Yponomeuta malinellus Zell
ვაშლის ჩრჩილის პეპელას წინა ფრთები თეთრი ფერისაა და ოცზე მეტი შავი წერტილითაა დაფარული. ზურგზე ოთხი ასეთივე წერტილი აქვს. წინა ფრთების ქვედა მხარე მონაცრისფროა. უკანა ფრთები ერთფეროვანი, უწერტილო ნაცრისფერია. პეპელა გაშლილი ფრთების ჩათვლით სიგრძეში 2 სმ-მდე აღწევს. პეპელა თავის კვერცხებს ტოტებზე ფარის ქვეშ ათავსებს. ფარი ყვითელია, რამდენიმე დღის შემდეგ წითლდება, ხოლო მატლების გამოჩეკის შემდეგ ტოტის ქერქის ფერს იღებს. მატლის სიგრძე 14-18 მმ-ია. ჭუპრი ყავისფერია და თეთრ თითისტარისებრ პარკშია მოთავსებული. ვაშლის ჩრჩილი ვაშლის კულტურის ერთ-ერთი ძირითადი მავნებელია. მასობრივი გამრავლების წლებში ჩრჩილი ვაშლის ხეებს თითქმის მთლიანად აშიშვლებს. ასეთი ხეები ქერქიჭამიებისა და სხვა მეორადი მავნებლების მსხვერპლი ხდებიან. ვაშლის ჩრჩილის მასობრივი გამრავლება საკმაოდ ხშირად აღმოსავლეთ საქართველოში აღინიშნება.
ბრძოლის ღონისძიებები - მავნებლის წინააღმდეგ აუცილებელია დაზიანებული ფოთლების შეგროვება და განადგურება. ვაშლის ჩრჩილის წინააღმდეგ საუკეთესო შედეგს იძლევა ქიმიური მეთოდების გამოყენება.
არაფარდი პარკხვევია Ocneria dispar L
მამალი პეპლის წინა ფრთები მოწითალო ელფრის მქონე მურა - ნაცრისფრია, უკანა ფრთები კი უფრო ღია და ამასთანავე, ერთფეროვანი მუქი მურა კიდეებით. წინა ფრთებზე გარდიგარდმო დაკბილული მუქი-მურა ზოლი გასდევს. დედლის ფრთები თეთრია, ოდნავ მოყვითალო ელფერით. წინა ფრთებზე გარდამავალი მუქი ტალღისებრი ზოლები გასდევს. ვინაიდან დედალი და მამალი ერთმანეთისგან შესამჩნევად განსხვავდებიან, ამიტომ პეპელამ არაფარდი პარკიხვევიას სახელწოდება მიიღო. მამალი გაშლილი ფრთების ჩათვლით სიგრძეში 4-5 სმ-ია, ხოლო დედალი 6-7 სმ. მატლის სიგრძე 6 მმ-ია,იგი მუქი - ნაცრისფერი ან მონაცრისფროა. მასობრივი გამრავლების წლებში არაფარდი პარკხვევია თითქმის ყველა ხეხილოვან ნარგავსა და ფოთლოვან ტყეებს მნიშვნელოვნად აზიანებს. მატლები აპრილში, მაისის დამდეგს, ზოგან გვიანაც იჩეკებიან. ახალგამოჩეკილი მატლები კვირტებით, ახალგაზრდა ფოთლებით და მწვანე ყლორტებით იკვებებიან და ზოგჯერ ნასკვსაც აზიანებენ. არაფარდი პარკხვევიას მასობრივი გამრავლების დროს იგი ხეებს ხშირად აშიშვლებს კიდეც.
ბრძოლის ღონისძიებები - ვეგეტაციის პერიოდში უნდა მოხდეს მავნებლის მატლების მექანიკური შეგროვება და განადგურება. ბიოლოგიური ღონისძიებებიდან ბაქტერიული პრეპარატების – ბიტოქსიბაცილინის, დენდრობაცილინის ან ლეპიდოციდის შესხურება. კარგ შედეგს იძლევა ფერომონების გამოყენებაც.
ხეხილის წითელი ტკიპა Panonychus ulmi Koch
ხეხილის წითელი ტკიპას დედლის სხეულის ფორმა ოვალურია. ფერი წითელია, მუქი გვერდითი ლაქებით. ფეხები მოყვითალო-წითელია, ხოლო ზურგის მეჭეჭები და ჯაგრები - თეთრი. დედლის სხეულის სიგრძე 0.32 მმ-ს აღწევს. ხეხილის წითელი ტკიპა ვაშლით, ნუშით, ქლიავით, ალუჩით, ატმით, თუთით, ზღმარტლით, მსხლით, ხურმით, ლეღვით, თხილით, ღოღნოშოთი და სხვა მცენარეებით იკვებება. დედლები ერთი და იმავე ადგილას ზოგჯერ ისეთი დიდი რაოდენობით დებენ კვერცხს, რომ კვერცხის ფერის გამო ტოტი წითლად გამოიყურება, განსაკუთრებით შემოდგომასა და ზამთარში, როდესაც ფოთოლი გაცვენილია. მოზამთრე კვერცხებიდან მატლების გამოჩეკა გაზაფხულზე, აპრილის დამდეგიდან იწყება. მატლები პირველ დღეებში თავს გაღვიძებულ კვირტებზე იყრიან, ხოლო შემდეგ ყვავილებზე. ახალგაზრდა ფოთლებზე დასახლებისას ისინი მცენარის წვენით იკვებებიან. აღსანიშნავია, რომ მატლები თავისი სხეულის ფერის გამო, ფოთლებსა და ყვავილსაჯდომზე ადვილი შესამჩნევია.
ბრძოლის ღონისძიებები - მავნებლის წინააღმდეგ საუკეთესო შედეგს იძლევა ქიმიური მეთოდების გამოყენება.
ვაშლის ნაყოფჭამია Carpocapsa pomonella L
პეპელას წინა ფრთები მუქი-ნაცრისფერია, გარდიგარდმო ტალღისებრი, შავი და თეთრი მრავალრიცხოვანი ხაზები გასდევს ფრთის წვერო მოყავისფროა, მუქი-მურა თვალის ფორმის ლაქები და სამი ბრინჯაოსფერი ბრჭყვიალა ზოლი გააჩნია. უკანა ფრთები მურა - ნაცრისფერია. მამალს წინა ფრთების ქვედა ზედაპირზე გრძივი მოშავო შტრიხები აქვს. პეპელა გაშლილი ფრთების ჩათვლით სიგრძეში 18 მმ-დეა. მატლი ზურგის მხრიდან ვარდისფერია, ქვემოდან უფრო ღიაა. მკერდის ფარი მოყვითალოა, ხოლო სხეული წვრილი ნაცრისფერი ლაქებითაა დაფარული. ვაშლის ნაყოფჭამია ფართოდაა გავრცელებული თესლოვან ხეხილზე. ნაყოფჭამია მცენარეს უფრო მეტად ზღვის დონიდან 800 მ სიმაღლემდე აზიანებს, უფრო ზევით კი მისი აქტივობა უმნიშვნელოა. ვაშლის ნაყოფჭამია ძირითადად უფროსი ხნოვანების მატლის ფაზაში, გამხმარი ქერქის ქვეშ, შტამბისა და ტოტების ნაპრალებში, ნაყოფებში, ხეხილის საწყობებში, ნიადაგში და სხვა თავშესაფარში იზამთრებს. პეპლები მხოლოდ საღამოობით დაფრინავენ, გამოფრენიდან 2-3 საათის შემდეგ კვერცხის დებას ფოთლებზე, ნაყოფზე და ნაყოფის ყუნწზე იწყებენ. პირველი თაობის პეპლები კვერცხებს უმთავრესად ფოთლებზე დებენ, ხოლო მეორე თაობისა ნაყოფზეც. მატლების განვითარებისათვის ზაფხულში 2-3 კვირაა საჭირო.
ბრძოლის ღონისძიებები - მავნებლის წინააღმდეგ ფართოდ იყენებენ პროფილაქტიკურ ღონისძიებებს: ჩამოცვენილი ნაყოფების სისტემატური შეგროვება და მათი გადამუშავება. საჭერი სარტყლების გაკეთება შტამბზე, რომელიც მზადდება მეტალის ბადისა და ავტოციდური საფენებისაგან. ამ უკანასკნელს ასველებენ რომელიმე ფოსფორორგანული პრეპარატის ემულსიაში და ახვევენ მცენარის შტამბს. სარტყლები უნდა გაუკეთდეს მცენარეებს მაშინ, როდესაც ნაყოფჭამიას მატლები იწყებენ მოძრაობას ნიადაგისაკენ დასაჭუპრებლად. სარტყლები შესაძლებელია გაუკეთდეს მცენარეებს პესტიციდების გამოყენების გარეშეც. ამ შემთხვევაში საჭირო იქნება მათი ხშირი გასინჯვა ჭუპრების ხელოვნური შეგროვებისა და განადგურების მიზნით. წამლობები ტარდება იმ დროს, როდესაც ეფექტურ ტემპერატურათა ჯამი მიაღწევს 2300 C –ს 100 C –ის ზევით. წამლობა ტარდება 2-ჯერ, პირველი და მეორე თაობის მატლების წინააღმდეგ. ბრძოლის ბიოლოგიური საშუალებებიდან კარგია პარაზიტ ტრიქოგრამას გამოყენებაც, რომელსაც ამრავლებენ საწარმოო ბიოლაბორატორიები. უკანასკნელ ხანს ფართო გამოყენებას პოულობს ფერომონები, რომლებიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას, როგორც ცალკე, წამლობის ვადების პროგნოზირების, ასევე განადგურების “მამრების” დეზორიენტაციის მეთოდით, შესაძლებელია მათი გამოყენება ქიმიურ სტერილანტებთან ერთადაც.
კალიფორნიის ფარიანა Diaspidiotus perniciosus Comst
კალიფორნიის ფარიანას დედლის ფარი მრგვალია, მისი ზომა 2 მმ-ია, ფერი ღია ნაცრისფერი, ნაცრისფერი ან ყავისფერ-წითელი აქვს. თვით დედალი ფარიანა მოყვითალოა, მწიფე ლიმონის ელფერის მქონე. მისი სხეულის სიგრძე 1,25 მმ-ია. მატლის პირველი ასაკის ფაზაში კალიფორნიის ფარიანა მცენარის გამერქნიანებული ორგანოების კანზე ან გამსკდარი ქერქის ქვეშ იზამთრებს. გაზაფხულზე 11-12 %-ი მატლების გაღვიძება, კვება და განვითარება იწყება, რაც დაახლოებით ორ თვეს გრძელდება რაიონების მიხედვით. წელიწადში ერთმანეთს კალიფორნიის ფარიანას 2-4 თაობა ენაცვლება. მისი განვითარების ოპტიმალური ტემპერატურა 23-28 C ფარგლებშია. აღსანიშნავია, რომ ზაფხულში გვალვების დროს, მატლები დიაპაუზაში გადადიან.
ბრძოლის ღონისძიებები - ვეგეტაციის პერიოდში მოხეტიალე მატლების წინააღმდეგ საუკეთესო შედეგს იძლევა ქიმიური მეთოდების გამოყენება. ბრძოლის ბიოლოგიური საშუალებებიდან განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ჭიამაიების (ჰილოკორუსები, ეგ ზოჰომუსები) გამრავლებას ბაღებში.