კორეის ომის გაკვეთილები – როგორ დაიწყო კონფლიქტი 67 წლის წინ
ომის დასრულების შესახებ ოფიციალური ხელშეკრულება დღემდე არ დადებულა. ბოლო დროს ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ჯერ ბირთვული გამოცდებისა და შემდეგ ბალისტიკური რაკეტების ზედიზედ გაშვების გამო, დაპირისპირება კვლავ უკიდურესად გამწვავდა. აშშ მზად არის, ჩრდილოეთი კორეა გაანადგუროს, რუსეთი და ჩინეთი კი "ყველა მხარეს" მშვიდობისკენ მოუწოდებენ. თუმცა, მოწოდებები ალბათ ვერ დააწყნარებს სამხრეთკორეელებს, რომელთა მეზობლად არაპროგნოზირებადი ქვეყანაა, როგორც თავად ამტკიცებს, ატომური იარაღით ხელში და რომელსაც ერთი სული აქვს, ამ იარაღით ვინმეს დაარტყას. თუნდაც ამერიკას. დაპირისპირება უკვე რეგიონული მასშტაბისაა და თუკი ომი მაინც დაიწყო, მისი არეალი კიდევ უფრო გაფართოვდება.
კორეის ომში ჩრდილოეთისა და სამხრეთის კოალიციები იბრძოდნენ. ჩრდილოეთის კოალიციაში შედიოდა ჩრდილოეთ კორეა თავისი ჯარით, ჩინეთის არმია (მისი რეგულარული სამხედრო ნაწილები, ფორმალურად, "ჩინელი სახალხო მოხალისეების" შენაერთად მიიჩნეოდა) და ყოფილი საბჭოთა კავშირი, რომელიც ასევე ოფიციალურად არ მონაწილეობდა ომში, მაგრამ დიდწილად იკისრა მისი დაფინანსება, აგრეთვე ჩინეთის ჯარების მომარაგება. უამრავი საბჭოთა სამხედრო მრჩეველი და სპეციალისტი ომის დაწყებამდე ჩრდილოეთ კორეიდან გაიწვიეს, ომის დროს კი საკდესის კორესპონდენტების სახით დააბრუნეს. სამხრეთის კოალიციაში იყვნენ სამხრეთი კორეა, აშშ, დიდი ბრიტანეთი და კიდევ 15-მდე ქვეყანა გაეროს სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში.
კორეის ომი აშშ-ისთვის ოფიციალურად იყო არა ომი, არამედ საპოლიციო ოპერაცია. ამერიკაში არც სამხედრო მდგომარეობა გამოუცხადებიათ, თუმცა პრეზიდენტ ტრუმენს ჰქონდა ამგვარი გეგმები, რათა მრეწველობა სამხედრო რელსებზე ადვილად გადაეწყოთ. ამ ომის სამხრეთ კორეაში გავრცელებული სახელწოდებაა 25 ივნისის ინციდენტი ან კორეის ომი, ჩრდილოეთი კორეისთვის კი ეს სამამულო განმათავისუფლებელი ომია. ჩინეთში მიაჩნიათ, რომ ეს იყო ომი ამერიკის წინააღმდეგ კორეელი ხალხის მხარდასაჭერად. გაგრძელება