კოლორადოს ხოჭო Leptinotarsa decemlineata Say
მავნებლის მატლის სიგრძე დაახლოებით 15-16 მმ-ს შეადგენს. მისი თავი, წინა ზურგის ფარი და ფეხები შავია. ახალგაზრდა მატლი წითელი ან ნარინჯისფერია, მოზრდილი კი - ნარინჯისფერი, ყვითელი ელფერით. მატლს მუცლის შუა სეგმენტები ძალიან განიერი და ამობურცულია, რომელთაც გვერდებზე შავი მეჭეჭების ორ-ორი სიგრძივი რიგი მისდევს. მავნებელი ზამთრობს იმაგოს ფაზაში, ნიადაგში, სხვადასხვა სიღრმეზე, რაც დამოკიდებულია რაიონის აგროეკოლოგიურ თავისებურებებზე. ხოჭოების გამოზამთრება ხდება მაშინ, როდესაც ტემპერატურა ნიადაგის იმ ფენაში, სადაც მავნებელი იმყოფება, მიაღწევს +140-ს. ამ პერიოდში ხოჭოები საჭიროებენ დამატებით კვებას, რისთვისაც იკვებებიან როგორც კარტოფილის, ისე ძაღლყურძენასებრთა ოჯახში შემავალი სხვა მცენარეების ფოთლებით (პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა და სხვა). დამატებითი კვების შემდეგ ხოჭოები იწყებენ კვერცხის დებას ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენელ მცენარეთა ფოთლების ქვედა მხარეზე. კვერცხი ჯგუფ ჯგუფად იდება, თითოეულ ჯგუფში რამდენიმე ათეული კვერცხია. კვერცხდების პროცესი ყველაზე ინტენსიურად მიმდინარეობს მაშინ, როდესაც ტემპერატურა +170-ზე მაღალია.
ბრძოლის ღონისძიებები - კოლორადოს ხოჭო საშინაო საკარანტინო მავნებელია, ამიტომ საჭიროა საკარანტინო ღონისძიებების დაცვა იმ რეგიონებში, სადაც ის ჯერ კიდევ არ არის გავრცელებული. ბიოლოგიური პრეპარატებიდან კარგ შედეგს იძლევა ნოვოდორი სკ-ს (2-3 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში მავნებლის ყოველი თაობის 1-2 ასაკის მატლების წინააღმდეგ, 6-7
დღიანი ინტერვალით), ნბკ წხ (ნიადაგისა და მცენარის შესხურება 3-4 ასაკის მატლების წინააღმდეგ), კოლორადო სკ (1-2 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 1-2 ასაკის მატლების წინააღმდეგ 5-7 დღიანი ინტერვალით), დემიციდი კს (შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 1-2 ასაკის მატლების წინააღმდეგ 6-7 დღიანი ინტერვალით).