როგორი იყო ძველი ტფილისი: სირაჯები და სირაჯხანა - rogor.ge

როგორი იყო ძველი ტფილისი: სირაჯები და სირაჯხანა

საქართველოს მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია მეტად თავისებურია. შეიძლება ითქვას, რომ მევენახეობა-მეღვინეობის არც ერთ ქვეყანას არ განუცდია ამ კულტურის იმდენი აღმავლობა და დაცემა, რამდენიც საქართველოს. არც ერთი ქვეყანა არ იცავდა სხვადასხვა დამპყრობთაგან მევენახეობა-მეღვინეობას ისე თავგამოდებით, როგორც საქართველო.

საქართველოში არსებობდა ღვინისა და არყის სავაჭრო ადგილები და ამ საქმიანობასთან დაკავშირებულთა საკმაოდ შეძლებული გაერთიანებები. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, ძველ საქართველოში, ღვინით მოვაჭრეს ხამარი ეწოდებოდა. გვიან შუა საუკუნეების საქართველოზე მუსლიმური აღმოსავლეთის ძლიერი გავლენის გამო კი ღვინით მოვაჭრეს აღმოსავლური სახელი – სირაჯი დაერქვა, ხოლო ადგილს, სადაც ღვინითა და არყით ვაჭრობდნენ, სირაჯხანას ეძახდნენ.

სირაჯი სპარსული წარმოშობის სიტყვაა და მეღვინეს ნიშნავს, სირაჯხანა კი - ღვინის სახლს.

სირაჯხანა ან როგორც მას ქალაქში ეძახდნენ, სირაჩხანა, ძველი თბილისის ერთ-ერთი მთავარ კოლორიტულ ადგილს წარმოადგენდა. სირაჯი კი არა მხოლოდ ვაჭარი, არამედ იმავე დროს მევახშე, მიმწოდებელი (მაგალითად, ვაზის შესაწამლი დანადგარებისა თუ პრეპარატების), მეღვინე, მიკიტანი, მეტიკე და შუამავალიც იყო, ანუ მრავალ ფუნქციას ასრულებდა.

პირველი სირაჯხანა ძველ თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, კალას უბანში, თათრის მოედნის სიახლოვეს მდებარეობდა, ახლანდელი სიონის, შარდენისა და ლესელიძის ქუჩების შესაყართან მომცრო აღმართზე. ერთხელ ერეკლე მეფის შვილიშვილი იოანე ბატონიშვილი და მისი თანმხლები ბერი მისულან სირაჯხანასთან და უნახავთ: "დიდრონი რუმბებით და ტიკებით ღვინოები და არაყი, იკითხა, ამდენი კოლოტი რათ უნდათო? უთხრეს: ესე სულ ღვინოებით არის სავსე... ჰგავს, რომ ღვინო ვისაც არ მოზდის, მისთვის მოუგროვებიათ ეს ღვინოებიო..." დღეს აქ სირაჯხანა, რა თქმა უნდა, აღარ არსებობს. იგი ყოფილი შუა ბაზრის (დღევანდელი ლესელიძის ქუჩის) რეკონსტრუქციისას გაქრა. ამ ადგილზე, სიონისა და ლესელიძის ქუჩების შესაყართან, ახლა სკვერია. გაგრძელება

მოუსმინეთ პოდკასტს: უკან მომავალში # 13. სირაჯები და სირაჯხანა