როგორ განაგებდნენ ბაგრატიონები ქართლის სამეფოს
ბაქარ I
(მმართველობის მეორე პერიოდი)
1723 წელს საქართველოში შემოიჭრა ოსმალეთის იმპერიის ჯარი, რომელმაც 10 ივნისს ქართლის სამეფოს სატახტო ქალაქი - თბილისი აიღო.
მეფე ვახტანგ VI-სთან შეთანხმებით, მისმა ვაჟმა, სამეფო ტახტის ლეგიტიმურმა მემკვიდრე უფლისწულმა და მეფედყოფილმა ბაქარმა დამპყრობლებთან მორიგება სცადა, რაც წარმატებით მოახერხა.
ბაქარის თხოვნით, ოსმალთა ჯარის სარდალმა დააპატიმრა იმჟამად დედაქალაქში მყოფი კახეთის მეფე კონსტანტინე II, იგივე მაჰმად-ყული-ხანი, რომელიც 4 მაისიდან (თბილისის აღებიდან) ერთ თვეზე მეტხანს ქართლის სამეფოს ნაწილსაც განაგებდა.
დამპყრობლებმა ქართლის მმართველობა გადასცეს ბაქარს, რომელიც სუნიტურ ისლამზე მოექცა და იბრაჰიმ-ფაშად იწოდა.
ოსმალთა დატუსაღებულმა კონსტანტინემ ბაქარს პირობა მისცა, რომ ქართლის მეფობაში არასდროს აღარ შეეცილებოდა, რის შემდეგაც იგი საპატიმროდან გამოაპარეს და კახეთს გაისტუმრეს.
ბაქარი მხოლოდ სიმბოლურად ითვლებოდა ქართლის მონარქად, ვინაიდან ფაქტობრივი ძალაუფლება ოსმალთა ხელში იყო.
საისტორიო წყაროს ცნობით, ერთწლიანი მეფობის შემდეგ, 1724 წლის ივნისში, "ვერ გაუძლო ბაქარმა ოსმალთა მტარვალობასა და გაეცალა".
ასე დასრულდა ბაქარ I-ის ქართლში მმართველობის მეორე ეტაპი, რომელიც პირველზე მცირე ხანს გაგრძელდა.
იმავე წლის ივლისში ვახტანგ VI იძულებული გახდა, სამშობლო დაეტოვებინა. თავისი ცოლ-შვილისა (მათ შორის ბაქარის) და მრავალრიცხოვანი სამეფო ამალის თანხლებით, ვახტანგი კავკასიონის ქედიდან ყაბარდოს გავლით გადაიხვეწა რუსეთის იმპერიაში. მისი წასვლის მიუხედავად, ბაგრატიონთა ქართლის შტოს წარმომადგენელთა მმართველობა ამით არ დასრულებულა. ვახტანგ VI და სულხან-საბა ორბელიანი.
იესე I
(მმართველობის მეორე პერიოდი)
მეფედყოფილი მამა-შვილის - ვახტანგ VI-ისა და ბაქარ I-ის რუსეთში გადახვეწის შემდეგ, სამშობლოში დარჩენილი იესე I სუნიტურ ისლამზე მოექცა და მუსტაფა-ფაშად იწოდა. ამის შემდეგ მას ოსმალებმა ქართლის სამეფოს მართვა მიანდეს.
ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით: "იესე მიიქცა სჯულსა მათსა ზედა... ვინაითგან იყო ხორცთმოყუარე. ამისთვის მიენდუნენ მას ურუმნი... იესეს თუცა არა უწოდდენ მეპატრონედ, გარნა მასვე ჰკითხვიდნენ და იქმოდნენ საქმესა ქართლისასა მის მიერ. გარნა იგი ხუეჭდა და იღებდა ქუეყანათა ნარდად და ამით მოირჭვაცა ფრიად".
მკვლევარ მანანა ქიქოძის შეფასებით, "იესეს საბოლოო პოზიცია, მისი მოღვაწეობის ბოლოს ერთგვარად გამოიკვეთა. იგი წმინდა სოციალური სულისკვეთებით, ფეოდალური ფსიქიკის დაძლევის უუნარობით შეპყრობილი, ერთხელ მოპოვებული და შემდეგ დაკარგული ქართლის სამეფოს გამგებლობის უფლებების აღდგენაზე ფიქრს შეუდგა".
მუსტაფა-ფაშად სახელდებული იესე (ყოფილი ალიყული-ხანი) ქართლში ამჯერად სამი წლის განმავლობაში მეფობდა. 1727 წლის 7 მარტს ქართლის მეფე იესე I თბილისში გარდაიცვალა.
იესე I-ის მეუღლე - ქართლის დედოფალი ელენე-ბეგუმ დავითის (დათუნას) ასული (1687-1750) გახლდათ ბაგრატიონთა კახეთის შტოს წარმომადგენელი, მეფე თეიმურაზ I-ის შვილიშვილი. იესესა და ელენე-ბეგუმის ვაჟი - უფლისწული თეიმურაზი (1720-1788) მოგვიანებით ბერად შედგა და 1744-1755 და 1764-1788 წლებში ანტონ I-ის სახელით კათოლიკოს-პატრიარქად მოღვაწეობდა. გაგრძელება