როგორ აღწერენ თამარ მეფის გარეგნობას და რატომ მიაჩნდათ ის გრძნეულ ქალად მუსლიმურ სამყაროში - rogor.ge

როგორ აღწერენ თამარ მეფის გარეგნობას და რატომ მიაჩნდათ ის გრძნეულ ქალად მუსლიმურ სამყაროში

- როგორ აღწერენ თამარ მეფის გარეგნობას?

- წყაროთა თანახმად, თამარს ლურჯი თვალები ჰქონდა, იყო "გრემან თუალითა", XII-XIII საუკუნეებში "გრემანობა თუალთა" აღნიშნავდა "თუალსა ზღუებრ ლურჯსა". ალბათ ამიტომ წერს თამარის მეორე ისტორიკოსიც, რომ დედოფალს ჰქონდა "თუალნი ტბათაებრ მზისა შემცხრომელნი". წყაროთა ჩვენებით, მას "ტანი ზომიერი" ჰქონია, რაც მოცემულ შემთხვევაში ამ სიტყვის თანამედროვე ქართულ გაგებას არ ემთხვევა. "ზომიერება" აქ თანაზომადობას, პროპორციულობას, მარტივად, ტანადობას ნიშნავს. მეფის ტანადობა თვალსაჩინოდაა ასახული გელათის დაზიანებულ ფრესკაზე, რომელშიც თამარი საიმპერატორო ბისონშია გამოწყობილი, გამოყვანილი წელითა და მოხდენილი აგებულებით. პირისახე დედოფალს თეთრი ჰქონია, მაგრამ ღაწვები ვარდისფრად შეფაკლული ("ღაწუთა ვარდებრივ ფეროვნება", "ღაწუნი ვარდოვანნი"). იმავეს უნდა გულისხმობდეს ჩახრუხაძეც ("ღაწვმწყაზარი"). თვითმხილველთა შთაბეჭდილებით, მეფეს თითქოს მორცხვი გამოხედვა ჰქონდა, თუმცა მისი მხიარული პირისახე აღბეჭდილი იყო სილაღით, ამავე დროს, მას ურყევი გადაწყვეტილებები და მწყობრი საუბარი სჩვეოდა ("ზრახვისა უჩუკნობა და სიტყვისა სინარნარე", დაახლოებით ამავეს წერს ჩახრუხაძეც). მისი ეს სიმტკიცე გააფთრებადაც შეიძლება ქცეულიყო და "მოეწვა და მოეოხრებინა ურჩნი მეფობისა მისისა" საკუთრივ საქართველოშიც, როგორც ეს ფხოვში გააკეთა, რის გამოც ბოლო დრომდე, ფხოვურ/ხევსურულ გადმოცემებში თამარი ეშმაკეულ, ავ დედაკაცად იყო მიჩნეული.

1-1708410942.jpg

თავმომწონე დედოფალს "ლაღსა და უკადრს" უწოდებდნენ. წყაროებში ამ დახასიათების დამადასტურებელი მაგალითებიც არის. მაგალითად, თამარმა ზვიადი მუსლიმი ამირა, დასამცირებლად, ცხენის ნალში გაცვალა. ლაღი დედოფლის ინიციატივით ეწყობოდა ჭაბუკთა ასპარეზობები, რომელსაც დაახლოებით ისეთი ადგილი ეკავა იმ პერიოდის საზოგადოებაში, როგორიც დღეს სპორტის ყველაზე პოპულარულ სახეობებს. წყაროებში ასახულია მეფის გამართული ერთ-ერთი დიდი ასპარეზობა ქართველ და სპარსელ მოასპარეზეებს შორის, რომელიც თამარის ყმათა გამარჯვებით დასრულდა. თამარის მოასპარეზეთა სახელი შორს იყო გავარდნილი. ეგვიპტური მუსლიმური თხზულება "ალ ჰიმმა" შენიშნავს, რომ თამარის ყმები საუკეთესო მოასპარეზენი იყვნენ. გაგრძელება