როგორ მოვამზადოთ ორგანიზმი ორსულობისთვის - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ორგანიზმი ორსულობისთვის

გაიარეთ ჯანმრთელობის ზოგადი შემოწმება

ჩაიტარეთ სისხლის, შარდის ანალიზის გამოკვლევები. ექიმი ასევე გკითხავთ წარსულის დაავადებებზე. საჭიროების შემთხვევაში, ის დანიშნავს დამატებით გამოკვლევებს. ორსულობის დროს უნდა გამორიცხოთ ასევე ქოლეცისტიტი და კუჭის წყლულები, რათა არ მოხდეს ტოქსიკოზის გამწვავება. გამოიკვლიეთ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა, რადგან ორსულობის ბოლო თვეებში შესაძლოა ზურგი და სახსრები დაზარალდეს. გადაამოწმეთ თირკმელების, გულისა და ფილტვების ჯანმრთელობა, მათ უნდა "იმუშაონ" ორი ადამიანისთის.

აკონტროლეთ ქრონიკული დაავადებები

თუ გაქვთ ქრონიკული დაავადება, ეწვიეთ სპეციალისტ ექიმს და განიხილეთ მასთან ორსულობის მიმდინარეობა, შესაძლო პრობლემები და სამოქმედო გეგმა. ყურადღება მიაქციეთ იმ მედიკამენტებს, რომლებსაც ყოველდღიურად იღებთ. მათ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ორსულობის მიმდინარეობაზე. მაგალითად, ართრიტის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, აკნეს ზოგიერთი წამალი, ასევე ანტიბიოტიკები და ანტიდეპრესანტები საშიშია. თუმცა თვითნებურად ვერ შეწყვეტთ მათ დალევას. მხოლოდ ექიმს შეუძლია შეარჩიოს მკურნალობა და განსაზღვროს სწორი დოზა.

ეწვიეთ გინეკოლოგს

გინეკოლოგი გკითხავთ სხვადასხვა საკითხის შესახებ, მათ შორის ციკლის რეგულარულობის, შეამოწმებს საშოს, საშვილოსნოს და საკვერცხეების მდგომარეობას, ჩაგიტარებთ გამოკვლევებს ინფექციებსა და სიმსივნურ ცვლილებებზე. საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ მკურნალობას. კარგი იქნება, წელიწადში ერთხელ მიმართოთ გინეკოლოგს, მაშინაც კი, თუ არ გეგმავთ ორსულობას - ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ რეპროდუქციული სისტემის სერიოზული პრობლემები.

ჩაეწერეთ სტომატოლოგთან

ეწვიეთ სტომატოლოგს, განიკურნეთ კარიესისგან, ამოიღეთ კბილები, საჭიროების შემთხვევაში ჩაიტარეთ კბილების პროფესიონალური გაწმენდა. ფაქტია, რომ ორსულობის დროს ჰორმონალური ცვლილებების გამო შესაძლოა გაგიჩნდეთ ღრძილების და კბილების პრობლემები. იმისათვის, რომ სიტუაცია არ გამწვავდეს, უმჯობესია წინასწარ მოაწესრიგოთ ყველაფერი. ორსულობის დროს რეგულარულად ეწვიეთ თქვენს სტომატოლოგს და დაიცავით პირის ღრუს ჰიგიენა. ეს შეამცირებს სტომატოლოგიური პრობლემების შანსს მომავალში.

შეაგროვეთ ოჯახის ისტორია

ზოგიერთი დაავადება შეიძლება იყოს მემკვიდრეობითი ან გავლენა მოახდინოს ორსულობის მიმდინარეობაზე. ჰკითხეთ თქვენს ახლობლებს და პარტნიორის ახლობლებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. აცნობეთ ექიმს, თუ იყო ნაყოფიერების, თანდაყოლილი დეფექტების, გონებრივი ჩამორჩენის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და სისხლის შედედების პრობლემები წინა თაობაში.

მიიღეთ ფოლიუმის მჟავა

ფოლიუმის მჟავა არის B ვიტამინი, რომელიც საჭიროა ახალი უჯრედების შესაქმნელად და ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ორსულობის დროს ამ ვიტამინის მოთხოვნილება 10-ჯერ იზრდება, ამიტომ საკვებიდან სათანადო რაოდენობის მიღება თითქმის შეუძლებელია. დეფიციტის თავიდან აცილების მიზნით, უნდა მიიღოთ დღეში 400 მიკროგრამი ფოლიუმის მჟავა, მინიმუმ ერთი თვით ადრე ჩასახვამდე და მშობიარობამდე.

მიჰყევით ჯანსაღი ცხოვრების წესს

მეტი იმოძრავეთ, იკვებეთ დაბალანსებულად და არ დაივიწყოთ ფსიქიკური ჯანმრთელობა. იარეთ მეტი, დაისვენეთ ეფექტურად, დაეუფლეთ სტრესის დროს თვითდახმარების გზებს. თუ გრძნობთ, რომ ვერ უმკლავდებით, მიმართეთ ფსიქოლოგს. უმჯობესია უარი თქვათ მოწევასა და ალკოჰოლზე. ასევე, მოერიდეთ ტოქსიკურ ნივთიერებებს სახლში და სამსახურში.