როგორ იბრძოდნენ ქართველები დამოუკიდებლობისთვის შაჰ-აბასის წინააღმდეგ - rogor.ge

როგორ იბრძოდნენ ქართველები დამოუკიდებლობისთვის შაჰ-აბასის წინააღმდეგ

ირანის შაჰი ოსმალეთს წინა ომებში მინატაცებ საზღვრებს ეცილებოდა. შაჰ-აბასმა დაამარცხა ოსმალები ადარბადაგანში და 16 ნოემბერს 1603 წელს უკვე ერევანს მოადგა. ერევანი საგანგებოდ გამაგრებული ციხე-ქალაქი იყო და ამიტომაც მისი ალყა დიდხანს გაგრძელდა.

შაჰ-აბასმა ქართლისა და კახეთის მეფეებს ოსმალეთის წინააღმდეგ ომში მოუწოდა. გიორგი მეათე, სიმონის ძე, ქართლის მეფე, და ალექსანდრე კახთა მეფე ყოყმანობდნენ. მართლაც ძნელი არჩევანი იყო, არავინ იცოდა, რომელი მოძალადე გაიმარჯვებდა. ბოლოს მაინც გამოცხადნენ შაჰთან. ერევნის ომში მონაწილეობისათვის ქართლისა და კახეთის მეფეები შაჰ-აბასმა ირანში სოფლებით დაასაჩუქრა და თითოეულ მათგანს თავისი ხაზინიდან ჯამაგირი არგო, სამაგიეროდ, შაჰმა ქართლის მეფეს ციხე ლორე და მდინარე დებედას ხეობა გამოსთხოვა, ხოლო კახეთის მეფეს - ენისელის მხარე (საინგილოში). ლორე-დებედას ხეობა ქართლს სამხრეთიდან კეტავდა, ენისელი კი კახეთის კედელი აღმოსავლეთის მხრიდან. ეს მხარეები შაჰმა საქართველოს ჩამოაცილა და თავის მოხელეებს (სულთნებს) ჩააბარა. შაჰის მზაკვრობას ქართველები კარგად მიუხვდნენ და მომავლის მოლოდინში ბოღმას გულში ინახავდნენ.

თავის მხრივ, შაჰ-აბასს ქართველთა ერთგულების არაფერი სწამდა. ის კარგად ხედავდა, რომ ქართველებს ერთი საფიცარი ჰქონდათ: თავისუფლება. ცბიერი შაჰი სულ იმას ცდილობდა, რომ ქართველების ციხე შიგნიდან გაეტეხა. შაჰის აგენტები მოხერხებულად სარგებლობდნენ ქართველი ფეოდალების შინაური ქიშპით და შაჰისაგან დახმარება-წყალობის დაპირებით მის ერთგულთა დასებს ქმნიდნენ.

1605 წელს კახეთის მეფე ალექსანდრე მისმავე შვილმა კონსტანტინემ მოკლა. კონსტანტინე შაჰის კარზე იყო გაზრდილი და გამაჰმადიანებული. ალექსანდრე მეფის მკვლელობაში შაჰის ხელი ერია. შაჰ-აბასს სურდა რუსთმოყვარე და ირანის ორგული ალექსანდრეს ნაცვლად კახეთის სამეფო ტახტზე მაჰმადიანი და ირანის ერთგული კონსტანტინე ჰყოლოდა, მაგრამ შაჰი შეცდა. გადაგვარებული და მამისმკვლელი კონსტანტინე კახელებმა მეფედ არ ისურვეს და აჯანყდნენ. აჯანყებულებს ქართლის ჯარიც მიეშველა. კონსტანტინე თავისი ყიზილბაშებით დამარცხდა და ომში მოკვდა.

შაჰ-აბასი კახელების ასეთი სიმტკიცის გამო იძულებული გახდა კახეთის მეფედ ალექსანდრეს შვილიშვილი ქრისტიანი თეიმურაზი დაემტკიცებინა (1606 წელს). მაგრამ კახეთში კარგად იცოდნენ, რომ შაჰ-აბასი ისეთი მტერია, რომელსაც არ სძინავს. საჭირო იყო ფხიზლობა.

1606 წელს შაჰ-აბასმა ყარაბაღი და განჯა წაართვა ოსმალებს. აქედან შაჰი ქართლისაკენ წამოვიდა და ოსმალთა მეციხოვნეები ლორე-დმანის-თბილისიდან განდევნა. თბილისში ყოფნის დროს შაჰ-აბასმა ქართლის მეფობა 14 წლის ლუარსაბ გიორგის ძეს დაულოცა. აქვე შაჰს მთელი ქართლის თავადობა ეახლა. შაჰ-აბასმა დიდად უწყალობა „ერთგულებს“, მაგრამ არსებითად ქვეყნის მდგომარეობა იგივე დარჩა. ახლა მხოლოდ ოსმალთა ბატონობა ირანის ბატონობით შეიცვალა, თბილისი, აღჯაყალა, ლორე, დმანისი ისევ უცხოელთა ბატონობის იარაღად რჩებოდნენ. ოსმალთა მეციხოვნეების ნაცვლად ამ ქალაქებში ახლა შაჰის ყიზილბაშები ჩადგნენ.

1612 წელს ირანსა და ოსმალეთს შორის ზავი დაიდო, ამ ზავის მიხედვით, ძველი, 1553 წლის, საზღვრები უნდა აღდგენილიყო და შაჰ-აბასს ხონთქრისათვის წლიურად 200 საპალნე აბრეშუმი ეძლია, მაგრამ მიღებულ პირობებს არცერთი მხარე არ იცავდა: ოსმალეთი სამცხე-საათაბაგოსა და ქართლ-კახეთს არ ეხსნებოდა, შაჰ-აბასს კი აბრეშუმის გადახდა ეძნელებოდა. 1614 წელს შაჰ-აბასს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ოსმალეთან ზავის დარღვევა.

ასეთ პირობებში ქართველების პოლიტიკურ განწყობილებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. შაჰმა კი დანამდვილებით იცოდა, რომ ამ მხრივ თეიმურაზი და ლუარსაბი მისთვის სანდო არ იყვნენ. სახელმწიფოებრივი დაშლილობის მიუხედავად ქართლსა და კახეთში ბევრნი იყვნენ ქართული სამეფო-სამთავროების მეკავშირების მოსურნენი, რომელთაც კარგად ესმოდათ, რომ გარეშე მტრისაგან თავის დაცვა მხოლოდ ამ გზით შეეძლო ქვეყანას. ასეთმა მოღვაწეებმა თეიმურაზი და ლუარსაბი ერთიმეორეს დაამოყვრეს.

ეს შეთანხმება შაჰ-აბასს ჭკუაში არ დაუჯდა. ცბიერი შაჰი ქართლისა და კახეთის მეფეებს შორის მტრობის ჩამოგდებას შეეცადა და თუ მთლად ვერა, ცოტათი მაინც მიზანს მიაღწია. თეიმურაზი და ლუარსაბი მიხვდნენ ბოლოს შაჰ-აბასის განზრახვას, მაგრამ ძველი ნდობა და კავშირი მაინც ვერ აღადგინეს.

შაჰ-აბასი ენერგიულად ემზადებოდა ქართლ-კახეთის მეფეთა და მათი მომხრეების წინააღმდეგ გადამჭრელი ღონისძიებების მისაღებად. 1614 წლისათვის, დიდი წინასწარი მუშაობის შედეგად, არა მარტო თავისთან ჰყავდა მრავლად ლუარსაბისა და თეიმურაზის მოწინააღმდეგე ქართველი ფეოდალები, არამედ თვით ქართლსა და კახეთშიც ბლომად იყვნენ შაჰის წყალობის მოიმედენი. 1614 წელს შაჰ-აბასი დიდი ლაშქრით წამოვიდა ქართლის და კახეთის მეფეების დასასჯელად. მან განსაკუთრებით თეიმურაზ მეფე ამოეღო მიზანში.

ირანიდან წამოსული შაჰი ყარაბაღში გადავიდა და კახეთის მეფისაგან ერთგულების ნიშნად მძევლები მოითხოვა, თეიმურაზმა კახელი თავადების რჩევით ერთგულების საწინდარი გაუგზავნა განრისხებულ მტერს: დედა, ორი შვილი და მრავლად თავადთა შვილები. შაჰმა, რაკი ესენი ხელთ იგდო, თვით მეფეს მოსთხოვა მის წინაშე გამოცხადებულიყო. თეიმურაზი არ ენდო მტერს და შაჰიც კახეთზე წამოვიდა. გადამწყვეტი დღე დადგა. მოღალატე-მოტყუებულნი ამოქმედდნენ: ერთი ნაწილი შაჰს მოჰყვებოდა, მისი მრჩეველი და მტრის ლაშქრის მეგზური იყო, მეორე ნაწილი კი ციხეს შიგნიდან ტეხდა. მტრის ეს აგენტები არწმუნებდნენ თეიმურაზს, რომ წინააღმდეგობა უნაყოფოა და ურჩევდნენ დამორჩილებას, ამავე დროს ხალხში პროვოკაციულ ხმებს ავრცელებდნენ, რომ უძლეველი შაჰი კახეთის ხალხის მწყალობელია, რომ ის მხოლოდ თეიმურაზისა და მისი მომხრეების დასასჯელად მოდისო.

თეიმურაზმა წააგო. კახელები პროვოკატორების ანკესს წამოეგნენ და ომი არ ისურვეს. შაჰი კახეთში შემოვიდა, თეიმურაზი კი ერთგულთა რაზმით ქართლისაკენ გაიქცა. შაჰ-აბასის მდევარმა რაზმმა მეფეს გზა გადაუჭრა, მაგრამ ჟალეთს, მდინარე იორზე, თეიმურმა დაამარცხა ეს რაზმი და ქართლში გადავიდა. ლუარსაბი თვიმურაზს მუხრანში შეეყარა. მეფეთა თათბირზე აღმოჩნდა, რომ ქართლის წინააღმდეგობაც წელში იყო გატეხილი. არაერთი დიდი თავადი უკვე შაჰს ჰხლებოდა მორჩილების გამოსაცხადებლად, დანარჩენებმა კიდევ მეფეებს ომი არ ურჩიეს. თეიმურაზი და ლუარსაბი იმერეთში გადავიდნენ. შაჰ-აბასმა კახეთის საქმეები მოაგვარა, აქ საკმაო ჯარი დატოვა და ქართლში შემოვიდა. შაჰი გორში გადავიდა და იმერთა მეფისაგან იქ შეხიზნული თვიმურაზი და ლუარსაბი მოითხოვა. გიორგი იმერთა მეფემ შაჰ-აბასს სტუმრების გაცემაზე უარი შეუთვალა. შაჰ-აბასი ოსმალეთთან ზავის დარღვევას მოერიდა და იმერეთში ომით აღარ გადავიდა. ამისდა მიუხედავად, მან ლუარსაბის ხელში ჩაგდება ცბიერებით მაინც მოახერხა. 1614 წლის ლაშქრობაში შაჰ-აბასს თან ახლდა თბილისის ყოფილი მოურავი გიორგი სააკაძე.