როგორი კულტურული ვითარება იყო დავით აღმაშენებლის მეფობაში და როგორ დააარსა მან ქალაქი გორი - rogor.ge

როგორი კულტურული ვითარება იყო დავით აღმაშენებლის მეფობაში და როგორ დააარსა მან ქალაქი გორი

დავითის მეფობაში ქვეყანა კულტურულადაც დაწინაურდა. მან ააგო გელათის შესანიშნავი ტაძარი და იქ მონასტერი დააარსა, რომელიც მეფის განზრახვით მეორე ათენად უნდა ქცეულიყო. დავითმა გელათში თავი მოუყარა თავისი დროის ყველაზე სწავლულ ქართველებს. მათ შორის იყო დიდი ქართველი ფილოსოფოსი იოანე პეტრიწი. გელათში სამწერლო და საგანმანათლებლო მუშაობა გაჩაღდა. დავითმა ააშენა აგრეთვე ცნობილი შიომღვიმის დიდი ტაძარი. აქ მოღვაწეობდა მწერალი არსენ იყალთოელი. დავითი მფარველობდა უცხოელ კულტურის მოღვაწეებსაც. გამოჩენილი მაჰმადიანი პოეტებისა და მეცნიერებისთვის მან თბილისში თავშესაფარი დააარსა.

gelatis-monasteri-1688118885.jpg

დავითი ყველა სარწმუნოებისა და ეროვნების წარმომადგენელს ერთნაირად ეპყრობოდა. ასეთი წინდახედული პოლიტიკით დავით აღმაშენებელმა საერთო პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა როგორც ქართველ, ისე სპარსელ, თურქ და სომეხ მოსახლეობაშიც. არაბულ საისტორიო წყაროებში აღნიშნულია, რომ მაჰმადიანთა არც ერთ საბრძანებელში მაჰმადიანები ისე კარგად არ გრძნობდნენ თავს, როგორც საქართველოში დავითის დროს.

დავით მეფე დიდ ყურადღებას აქცევდა აღებ-მიცემის განვითარებას. დავითმა დააარსა ქალაქი გორი, რომელიც ამის შემდეგ ქართლის მთავარი ქალაქი იყო. მიმოსვლის გასაადვილებლად დავითმა იქ, სადაც მანამდე მგზავრობა გაძნელებული იყო, გზები შეაკეთებინა და ქვებით მოაფენინა, ჩქარ მდინარეებზე ხიდები ააგებინა, გზებზე ფუნდუკები, ანუ სასტუმროები ააშენებინა.

p1020472-1688118841.webp

დავით აღმაშენებელმა მოსახლეობის ჯანმრთელობასაც მიაქცია ყურადღება. ამისათვის მან საავადმყოფოები ააგო, უზრუნველყო ყველაფრით და შიგ სხვადასხვა სნეულებით შეპყრობილი პაციენტები მოათავსებინა.

აღსანიშნავია, რომ დავითი თვითონაც მისდევდა მწერლობას. შემონახულია დავითის "გალობანი სინანულისანი", რომელშიც ავტორი მკაცრად აფასებს თავის საკუთარ ცხოვრებას.