როგორ ასწავლოთ თქვენს შვილს დაპირებების შესრულება
ჩვენ გვინდა აღვზარდოთ ბავშვები, რომელთაც ესმით, რომ დაპირებები და შეთანხმებები უნდა შესრულდეს. მაგრამ დღეში რამდენჯერ ვდებთ შვილებთან შეთანხმებას, რომელიც შემდეგ ირღვევა? ეს ჩვეულებრივ იწყება ჩვენი უარით, რასაც მოჰყვება დამღლელი მოლაპარაკებები. ჩვენ კი, თითქოს გვავიწყდება, რატომ გავისტუმრეთ უარით და ბავშვს ვთავაზობთ კომპრომისს: „კიდევ ერთ კანფეტს მოგცემ, თუ ხვალ ტკბილეულს არ მოითხოვ“ და მსგავსი შეთანხმებები.
რა შეიძლება ითქვას ჩვენზე, მშობლებზე და ჩვენს წესებზე, თუ ყოველ ჯერზე, ბავშვის მხრიდან უკმაყოფილების გამოვლენის პირისპირ მივდივართ დათმობებზე და ვეთანხმებით, რომ ჩვენი გადაწყვეტილება შევცვალოთ შეთანხმებით, რომელიც სიმშვიდეს მოგვიტანს. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა გაიგონ შეთანხმების მნიშვნელობა და ღირებულება, მაგრამ შესაძლებელია თუ არა თავიდან ავიცილოთ კლასიკური ხაფანგები, რომლებიც მხოლოდ არწმუნებენ ჩვენს შვილებს, რომ მათზე დაყრდნობა შეუძლებელია?
ბავშვთან შეთანხმების დადების აზრი იმაში მდგომარეობს, რომ მშობელი მცირე ინდულგენციას აკეთებს ნებისმიერ წესთან დაკავშირებით (ტკბილეულის რაოდენობა, მულტფილმების ყურება, გართობის დრო, ყოველდღიური რუტინა და ა.შ.), ხოლო ბავშვი თავის მხრივ, ადასტურებს შეთანხმებას და პირობას აძლევს. მშობელი ბავშვს დამოუკიდებლობას აძლევს, ბავშვი კი პასუხისმგებლობას იჩენს. ეს არის მშობლებსა და შვილებს შორის კონფლიქტის მიზეზი, რომელიც პიკს აღწევს მოზარდობის ასაკში: ბავშვები ითხოვენ დამოუკიდებლობას, მაგრამ ივიწყებენ პასუხისმგებლობას, მშობლები კი პირიქით, ითხოვენ პასუხისმგებლობას, მაგრამ ივიწყებენ დამოუკიდებლობას .
როდესაც საქმე ეხება ტკბილეულს, ძღვენს, გაჯეტს ან სხვა სიამოვნებას, ბავშვები გველაპარაკებიან შეთანხმებების ენით. ჩვენ უნდა შევასრულოთ ეს შეთანხმებები ჩვენი შვილების გულისთვის. არ არის საჭირო ბავშვების გაკიცხვა, უბრალოდ შეახსენეთ მათ: გარიგება გარიგებაა.
იმისათვის, რომ ბავშვებს ასწავლოთ შეთანხმებების შესრულება, აუცილებელია იმის გაგება, თუ რა უნარებია საჭირო ამისათვის. მაგალითად: პასუხისმგებლობა, საკუთარი თავის შეკავების უნარი, კომპრომისზე წასვლა, საკუთარი თავის სხვა ადამიანის ადგილზე დაყენების უნარი. სანამ თავად გაიგებთ, აქვს თუ არა თქვენს შვილს ეს თვისებები, ჰკითხეთ საკუთარ თავს, რა არის იმის ალბათობა, რომ მან შეძლოს შეთანხმების დაცვა. ბავშვი დათანხმდება შეასრულოს შეთანხმება, თუ დაუმტკიცებთ, რომ მას აქვს ამისთვის აუცილებელი ყველა პირობა. ყოველ ჯერზე, როდესაც შეამჩნევთ თუნდაც მცირე მინიშნებას ამ თვისებების გამოვლენის შესახებ, უთხარით ბავშვს, რომ ის ძალიან პასუხისმგებელია, რომ მან აჩვენა თავისი ხასიათის სიმტკიცე და რომ ენდობით მას.
დაიწყეთ მცირე შეთანხმებებით. დაჰპირდით, რომ წაიყვანთ აუზზე, ან გაუკეთებთ სიურპრიზს, ან დაბრუნდებით სახლში, სანამ ძალიან გვიან არ არის. ხელის ჩამორთმევით დადეთ შეთანხმება, თითქოს ბავშვიც იღებს ვალდებულებების გარკვეულ ნაწილს. აუზზე წასვლისას, გზად უთხარით თქვენს შვილს, როგორ გიხარიათ, რომ ეს შეთანხმება დადეთ, რადგან სინამდვილეში თქვენ ნამდვილად არ გინდოდათ აუზზე წასვლა, მაგრამ თქვენი შეთანხმების წყალობით თქვენ ერთად მიდიხართ იქ. აუხსენით თქვენს შვილს, რომ ცხოვრებაში ყოველთვის არ არის შესაძლებელი შეთანხმებების დაცვა, მაგრამ ამის გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შედეგს აქვს თავისი ღირებულება, ხშირად უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე კომფორტი ან სიამოვნება.