როგორ გადავლახოთ ცხოვრების 4 მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც ყველამ უნდა გაიაროს
მიბაძვა
ჩვენ უმწეონი ვიბადებით. სიარული და ლაპარაკი არ ვიცით, ვერ ვიკვებებით და არც ჩვენი გადასახადების დათვლა შეგვიძლია. ბავშვობაში ჩვენ ვსწავლობთ სხვების დაკვირვებით და მიბაძვით. პირველ რიგში, ჩვენ ვითვისებთ ფიზიკურ უნარებს, როგორიცაა სიარული და ლაპარაკი, შემდეგ სოციალურ უნარებს, გარშემომყოფებს ვუყურებთ და ვბაძავთ. და ბოლოს, გვიან ბავშვობაში ვიწყებთ კულტურასთან შეგუებას, წესებისა და ნორმების დაცვას და ვცდილობთ ისე მოვიქცეთ, როგორც საზოგადოებაშია მისაღები.
პირველი ეტაპის მიზანია ვისწავლოთ როგორ ვიარსებოთ საზოგადოებაში ისე, რომ ვიყოთ დამოუკიდებელი, თვითკმარი და ზრდასრული. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ უფროსები დაგვეხმარებიან ამ გზაზე გადაწყვეტილების მიღებასა და გარკვეული ქმედებების განხორციელებაში. მაგრამ ზოგიერთი ზრდასრული ჩვენ ირგვლივ სულელია. ისინი გვსჯიან ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, მხარს არ უჭერენ ჩვენს გადაწყვეტილებებს. პირველ ეტაპზე ვცდილობთ ყველას ვასიამოვნოთ, მხოლოდ იმისთვის, რომ არ განვიკითხონ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ გარშემომყოფების სტანდარტები და მოლოდინები. მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გავხდეთ საკმარისად ძლიერები იმისთვის, რომ ამ სტანდარტებისა და მოლოდინების წინააღმდეგ წავიდეთ, როცა ვფიქრობთ, რომ ეს აუცილებელია.
თვითშემეცნება
პირველ ეტაპზე ჩვენ ვისწავლით ადაპტირებას ჩვენ გარშემო არსებულ ხალხთან და კულტურასთან. მეორეზე - ჩვენ ვსწავლობთ იმას, რაც გამოგვარჩევს სხვა ადამიანებისგან და კულტურისგან. ეს ეტაპი მოითხოვს, რომ დავიწყოთ გადაწყვეტილებების მიღება ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, საკუთარი თავის გამოცდა, ჩვენი უნიკალურობის გაგება. თვითშემეცნება მოიცავს უამრავ ცდას, შეცდომას და ექსპერიმენტებს. ჩვენ ვცდილობთ ვიცხოვროთ ახალ ადგილებში, დავუკავშირდეთ ახალ ადამიანებს. მეორე ეტაპი არის საკუთარი თავის აღმოჩენის პროცესი. თვითშემეცნების ეტაპი გრძელდება მანამ, სანამ არ შევხვდებით დაბრკოლებებს. რაც არ უნდა ეცადოთ, რაღაცები ცუდად გამოგივათ.
შეზღუდვები ღირებულია, რადგან საბოლოოდ უნდა გააცნობიეროთ, რომ თქვენი დრო ამ პლანეტაზე შეზღუდულია, ამიტომ ის უნდა დახარჯოთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე. ზოგიერთი ადამიანი არასოდეს აძლევს საკუთარ თავს უფლებას იგრძნოს საკუთარი შეზღუდვები. ან იმიტომ, რომ ისინი უარს ამბობენ დამარცხების მიღებაზე, ან იმიტომ, რომ თავს იტყუებენ, რომ საზღვრები არ არსებობს. და ეს ხალხი იჭედება მეორე ეტაპზე. რაღაც მომენტში, ჩვენ ყველამ უნდა მივიღოთ გარდაუვალი: ცხოვრება ხანმოკლეა, ყველა ოცნება არ სრულდება, ამიტომ ფრთხილად უნდა ავირჩიოთ ის, რაშიც დიდი ალბათობით გამოვირჩევით და მივუძღვნათ თავი.
როგორც წესი, მეორე ეტაპი იწყება შუა ან გვიან მოზარდობაში და გრძელდება 25-35 წლამდე. ის, ვინც ამ ეტაპზე უფრო დიდხანს რჩება, ხშირად „პიტერ პენის სინდრომის“ მქონე ადამიანად ითვლება - მარადიულ მოზარდად, რომელიც გამუდმებით ეძებს საკუთარ თავს, მაგრამ ვერ პოულობს.
პროფესია
მას შემდეგ რაც გადალახავთ თქვენს საზღვრებს და აღმოაჩენთ საკუთარ შეზღუდვებს, ახლა დროა დატოვოთ თქვენი კვალი ისტორიაში. მესამე ეტაპი არის ცხოვრების დიდი გამოცდა. მეგობრების მოშორება, რომლებიც ენერგიას გძალავენ და ხელს გიშლიან. გათავისუფლდით აქტივობებისა და ჰობიებისგან, რომლებიც დროის ფუჭად კარგვაა, ძველი ოცნებებისგან თავის დაღწევა, რომლებიც აშკარად არ არის განზრახული უახლოეს მომავალში.
გარდა ამისა, აქ ჩვენ გავაორმაგებთ ჩვენს ძალას იმაში, რასაც ვაკეთებთ საუკეთესოდ და რაც არის ჩვენთვის საუკეთესო. ჩვენ ყველაფერს ვდებთ ყველაზე მნიშვნელოვან ურთიერთობებზე. მაქსიმალურად გამოიყენეთ თქვენი პოტენციალი. რას დატოვებთ? რით დაგიმახსოვრებთ ხალხი? მესამე ნაბიჯი არის ყველაფერი იმაზე, რომ სამყარო ცოტათი უკეთესი გახადოთ, ვიდრე თქვენ მოსვლამდე იყო.
ის მთავრდება, როდესაც ორი რამ ერთმანეთს ერწყმის:
1) ვგრძნობთ, რომ სხვა არაფერი გვაქვს გასაკეთებელი;
2) ვბერდებით, ვიღლებით და ვხვდებით, რომ უკეთესი იქნება, მარტინი დავლიოთ და კროსვორდები შევავსოთ მთელი დღის განმავლობაში.
„ნორმალური“ ადამიანებისთვის მესამე ეტაპი გრძელდება დაახლოებით 30 წლიდან საპენსიო ასაკამდე. ადამიანებმა, რომლებიც მასზე იჭედებიან, ჩვეულებრივ არ იციან როგორ მოიშორონ ამბიცია და შეწყვიტონ მეტის ნდომის სურვილი.
მემკვიდრეობა
ადამიანები მეოთხე ეტაპს აღწევენ მას შემდეგ, რაც დაახლოებით ნახევარი საუკუნის განმავლობაში დახარჯეს იმაზე, რაც მათ მნიშვნელოვნად მიაჩნდათ. მათ გააკეთეს დიდი საქმეები, იშრომეს, დაიმსახურეს ყველაფერი, რაც აქვთ, შესაძლოა ოჯახი შექმნეს, ჩაერთნენ საქველმოქმედო საქმიანობაში, მოახდინეს პოლიტიკური ან კულტურული რევოლუცია. მაგრამ ახლა მათ მიაღწიეს ასაკს, როდესაც ენერგია და გარემოებები აღარ აძლევენ საშუალებას მიჰყვნენ არჩეულ ცხოვრებისეულ მიზანს.
ამრიგად, ამ ეტაპის მიზანი არ არის მემკვიდრეობის შექმნა, არამედ იმის უზრუნველყოფა, რომ ის გაგრძელდეს ჩვენი სიკვდილის შემდეგ. ეს შეიძლება იყოს ისეთივე მარტივი, როგორც ურჩიოთ ახლა უკვე ზრდასრულ შვილებს, გააგრძელონ ასე ცხოვრება. ან სამუშაო პროექტების გადაცემა თქვენი სტუდენტებისთვის, ან პოლიტიკური აქტივიზმი, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოების ღირებულებების დაცვას. ბევრი აწყდება სირთულეებს მეოთხე ეტაპზე გადასვლისას. ხანგრძლივი კარიერა, რომელმაც ცხოვრებას მიზანი მისცა დასასრულს უახლოვდება და მომავალი წლები ყოველგვარ აზრს მოკლებული ჩანს.
მაგრამ ეს ეტაპი მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რადგან ის გვარიგებს სიკვდილის რეალობასთან, რომელიც უფრო და უფრო აშკარა ხდება. ჩვენს ადამიანურ ბუნებაშია იმის შეგრძნება, რომ ჩვენი ცხოვრება რაღაცას ნიშნავს. ეს მნიშვნელობა, რომელსაც მუდმივად ვეძებთ, არის ჩვენი ერთადერთი ფსიქოლოგიური დაცვა სიცოცხლის გაუგებრობისა და სიკვდილის გარდაუვალობისგან. მისი დაკარგვა, ან იმის ყურება, რომ სამყარო სადღაც უკან გვტოვებს, ნიშნავს მივეცეთ დავიწყებას და მისცეთ უფლება დაგვღუპოს.