როგორ შევინარჩუნოთ ხელზე ხავერდოვანი კანი - rogor.ge

როგორ შევინარჩუნოთ ხელზე ხავერდოვანი კანი

კვება, დატენიანება, დაცვა

ხელის კრემი კანის ტიპისა და გამოყენების მიზნის გათვალისწინებით სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს. ხშირად სიმშრალის საწინააღმდეგოდ ნებისმიერი სახის საცხს ვხმარობთ. მკვებავი კრემი უფრო ცხიმიანია, მასში საკმარისი რაოდენობითაა ვიტამინები, ეთერზეთები, ლანოლინი, გლიცერინი. ასეთი კრემი ძილის წინ, ღამით უნდა წაისვათ. მათი გამოყენების მიზანია კანის ღამით „გამოკვება“.

ხელის დამატენიანებელი კრემების გამოყენება დღისით შეიძლება. მასში ბევრია წყალი, უფრო მსუბუქი კონსისტენცისაა და არ ტოვებს ცხიმის კვალს. თუმცა მისი წასმა გარეთ, ყინვაში გასვლის წინ არაა რეკომენდებული, რადგანაც წყლის დიდი შემცველობის გამო, სარგებლის ნაცვლად, ზიანის მომტანი იქნება.

ზამთარში უნდა გამოიყენოთ დამცავი კრემები. ისინი სპეციალურადაა შემუშავებული გარემოს არახელსაყრელი პირობებისაგან ხელის კანის დასაცავად. სხვათა შორის, ეს კრემები უხილავ დამცავ გარსს ქმნის და სიცივისა თუ სხვა არასასიამოვნო ფაქტორებისგან იცავს მას.

რამდენად გამართლებულია ძვირად ღირებული საშუალების შეძენა, თქვენი გადასაწყვეტია. მით უფრო, როცა საცხის სიძვირე ყოველთვის მის კარგ შემადგენლობაზე არ მეტყველებს. როგორც წესი, ცნობილი მწარმოებლების მიერ წარმოებული ჰიპოალერგიული კრემების შეძენა ნამდვილად ღირს, მით უმეტეს, თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ.

დამატებითი მოვლა

უზადო ხელების შესანარჩუნებლად მხოლოდ კრემი არ კმარა. ხელები, როგორც სახე და სხეული, საჭიროებს ნიღბებითა და სქრაბებით პერიოდულ მოვლას. გამოიყენეთ ისინი რეგულარულად, კვირაში ერთხელ მაინც. სქრაბი კარგად აშორებს გაუხეშებულ კანს, ხელებს არბილებს და ანაზებს. სქრაბის გამოყენება საღამოს ჯობს, შემდეგ კი მკვებავი კრემი წაისვით. დიდი დრო ამას არ სჭირდება, სამაგიეროდ, ლამაზი ხელებით თავის მოწონებას შეძლებთ.

ძალიან სასარგებლოა ხელების გაწმენდა ლიმონით. გამოწურეთ წვენი და შეიზილეთ ხელის კანში. ასეთი შინაური ნიღაბი შეგიძლიათ ხელებზე დიდხანს გაიჩეროთ. ლიმონი შესანიშნავად ათეთრებს კანს, აქრობს პიგმენტურ ლაქებს და ამდიდრებს ვიტამინებით. გაგრძელება