როგორ გავხადოთ სრულფასოვანი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის ცხოვრება
დაუნის სინდრომი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან დიაგნოზთაგან, რომლის შესახებაც მშობლებს ეუბნებიან ბავშვის გაჩენისთანავე და ზოგჯერ უფრო ადრეც, ორსულობის პერიოდში. ექიმები ადგენენ ამ სინდრომს ბავშვის ანატომიური მახასიათებლებით, შემდეგ უკვე ტარდება გენეტიკური ანალიზი. ოჯახისთვის ამგვარი დიაგნოზი ყოველთვის დიდი გამოცდაა.
დაიწყეთ საკუთარი თავით
თუ ბავშვს ეს დიაგნოზი დაუსვეს, პირველ რიგში, მშობლებმა უნდა მოიწესრიგონ ფსიქოლოგიური მდგომარეობა. უნდა გააცნობიეროთ, რომ თქვენ მოგიწევთ მეტი ძალისხმევის დახარჯვა, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევაში. სასურველია გაიაროთ კონსულტაცია ფსიქოლოგთან, რომ დეპრესიული მშობლები არ იყოთ.
თვალყური ადევნეთ თქვენი შვილის ჯანმრთელობას
ზოგადი ჯანმრთელობის პრობლემები დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებში:
- კუნთების ჰიპოტონია;
- სმენის დაქვეითება;
- მხედველობის დაქვეითება;
- თანდაყოლილი გულის დეფექტები;
- დაბალი იმუნიტეტი;
- საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები.
ჩაერთეთ მეტად თქვენი შვილის აღზრდაში
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი გადის განვითარების იგივე ეტაპებს, მაგრამ განვითარება გაცილებით ნელი ტემპით მიმდინარეობს. შეიძლება თუ არა ბავშვის დახმარება? პირველ წელს ძალიან მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციოთ მოტორიკის განვითარებას და ბავშვთან კომუნიკაციას. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების 80%-ს აქვს დაბალი კუნთების ტონუსი. კუნთების ტონუსზე მუშაობა სიცოცხლის პირველივე დღეებიდან არის შესაძლებელი, რადგან ეს პრობლემა ართულებს ბავშვის ძუძუთი კვებას.
აუცილებელია დიდი დრო და ყურადღება დაუთმოთ ასეთი ბავშვების სხვადასხვა უნარების განვითარებას. შედეგად, ბავშვი მოემზადება უფრო რთული აქტივობებისთვის - მეტყველება, კითხვა, წერა, დათვლა. ზედმეტად ნუ დაიცავთ ბავშვს, ყოველთვის უფრო ადვილია ბავშვისთვის რაიმეს გაკეთება, ვიდრე თავად ასწავლოთ ამის გაკეთება. მეორე ვარიანტი დიდ ძალისხმევასა და დროს მოითხოვს. მაგრამ სხვაგვარად ბავშვი არ განვითარდება. ასევე, საჭიროა ყურადღებით დავაკვირდეთ, რა მოსწონს ბავშვს, რისი უნარი აქვს. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვს შეიძლება ჰქონდეს ჰობი. მთავარია, კარგი მასწავლებლების პოვნა და პრაქტიკა.
იზრუნეთ იმაზე, თუ როგორ გამოიყურება ბავშვი
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი, უბრალოდ ბავშვია. არაფერი განსაკუთრებული. მასთან ისევე შეგიძლიათ კომუნიკაცია და თამაში, როგორც ნებისმიერ სხვა ბავშვთან. ბავშვი, რომელიც თავისი ასაკის შესაბამისად იცვამს, მოვლილია, დამოუკიდებლობას მეტად გამოამჟღავნებს და ყოველთვის უფრო ჭკვიანი მოგეჩვენებათ. თუმცა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს წონის პრობლემები, "ღია პირი" ხშირად აქვთ, მაგრამ მათი დაძლევა ხდება ლოგოპედთან რეგულარული მეცადინეობით, ფიზიკური აქტივობითა და სწორი კვების გზით. ეს ბევრი სამუშაოა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა.
იცხოვრეთ სრულფასოვნად
დაუნის სინდრომის მქონე მოზარდების მშობლები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ბავშვის წყალობით მათ დაიწყეს სპორტის თამაში, მუსიკა, ხატვა ან ბლოგის წერა სოციალურ ქსელებში. როცა ბავშვი დაიბადა, მშობლებს ეჩვენებოდათ, რომ სოციალური წრე შევიწროვდა. მაგრამ თანდათან გაირკვა, რომ ცხოვრებაში არიან ისინი, ვისთანაც კომუნიკაცია გჭირდებათ, შემდეგ კი კომუნიკაციის წრემ დაიწყო გაფართოება.