როგორ დავაგეგმაროთ ბინა ოჯახისთვის
ბინის ყიდვა ისეთი გადაწყვეტილებაა, რომელზეც კარგად უნდა დაფიქრდეთ და ყველა დეტალი წინასწარ გათვალოთ, განსაკუთრებით კი ისეთი დეტალები, რომელსაც ადვილად ვერ გადააკეთებთ, მცირე კორექციის შეტანა კი რემონტის საშუალებით ყოველთვის შესაძლებელია. თავდაპირველი დაგეგმარების დროს კი აუცილებლად მრავალწლიანი ცხოვრებისთვის საჭირო კომფორტი უნდა შეიქმნათ. პირველ რიგში, განსაზღვრეთ თქვენი პრიორიტეტები და ოთახების სავარაუდო რაოდენობა. იმისთვის, რომ თქვენი სურვილები რეალურად არსებულ სივრცეში მოათავსოთ, ობიექტურად უნდა აღიქვათ ფართობი და გაეცნოთ სხვადასხვა ტიპის თანამედროვე განლაგების მეთოდებსა და სტანდარტებს.
მაგალითად, როდესაც მცირეწლოვანი ბავშვები გყავთ, გასათვალისწინებელია, რომ მათი სათამაშო სივრცე სამომავლოდ მარტივად გადაკეთდეს სამეცადინო კუთხეთ და მათ კომფორტი შეექმნათ პირადი სივრცის ქონით, სადაც არ შეეშლებათ ხელი მეცადინეობაში. გარდა ამისა, ბავშვისთვის საკუთარი სივრცის ქონა ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის თავიდანვე სწავლობს საზღვრების და პირადი სივრცის მნიშვნელობას. ბავშვების ოთახისთვის შეარჩიეთ ნეიტრალური ფერები და ყურადღება მიაქციეთ, რომ ოთახში საკმარისი მზის შუქი შემოდიოდეს.
დიდი ოჯახისთვის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი სამზარეულოა. ბინის პროექტის დაგეგმვისას გასათვალისწინებელია თუ რამხელაა საერთო სივრცე და აქედან გამომდინარე მიიღოთ გადაწყვეტილება, სამზარეულო იზოლირებული გექნებათ თუ სტუდიოს ტიპის მისაღებ ოთახთან იქნება ინტეგრირებული. ამ უკანასკნელის არჩევის შემთხვევაში, შეგიძლიათ ეს ორი სივრცე ზონირებით გამოყოთ, რისი დახმარებითაც, სივრცეებს ერთმანეთისგან გააცალკევებთ. მათი გაცალკევება შეგიძლიათ დეკორატიული თაროებით, ტიხარით, ავეჯით, მცენარეებით... სამზარეულოში კი მაქსიმალურად პრაქტიკულად განათავსეთ ტექნიკა და ავეჯი. ვინაიდან მაინც საერთო სივრცეშია სამზარეულო და მისაღები ოთახი, გასათვალისწინებელია, რომ საკვების სუნი შესაძლოა პრობლემას წარმოადგენდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია გამწოვის ფაქტორი, რათა შემაწუხებელი არ იყოს სტუმრებისთვის. გაგრძელება
წყარო: ss.ge